"შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო" - რას ყვება გოგონა, რომლის დაბადების დღის წვეულებაც ტრაგიკულად დასრულდა? - კვირის პალიტრა

"შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო" - რას ყვება გოგონა, რომლის დაბადების დღის წვეულებაც ტრაგიკულად დასრულდა?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებები კვლავაც ბურუსით არის მოცული. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა და 4-დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს.

10 ივლისს, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანიხმადაც, ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დადგენილია ასფიქსია წყალში დახრჩობით. "ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი

დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა

მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით კი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "პოლიტმეტრში" გაასაჯაროვეს ჟურნალისტ ელისო კილაძისა და იმ გოგონას მიმოწერა, ვისი დაბადების დღეც საბედისწროდ იქცა გიორგი შაქარაშვილისთვის. ანი გაბეჩავა ამ მიმოწერისას ყვება თუ რა მოხდა დაბადების დღეზე.

"დავიწყოთ იქედან, რომ შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამჯერ-ოთხჯერ მყავს ნანახი, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო. ლიზი ქსოვრელს და მას არანაირი სიმპათია არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არც იყო დაპატიჟებული. არ ვიცი, ვინ მოიყვანა. მოვიდა ბოლოსკენ. უბრალოდ იყო ჩემი უბნელი. კონკრეტულად ჩხუბი რატომ დაიწყო, არ ვიცი. მოკლედ, როცა გავიგე ჩხუბის შესახებ გავედი გარეთ, გავყარე ბავშვები და დაბადების დღიდან წავიდა ორივე მხარე, "ნახალოვკელებიც" და საბურთალოელებიც.

როგორც მიმოწერიდან ირკვევა, ანი გაბეჩავას ბარბარე ურიდიამ უთხრა, რომ გარეთ ჩხუბი იყო. ის ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მცხეთიდან გაბეჩავა და მისი სტუმრების ნაწილი ლისზე წავიდნენ.

"არ მინდოდა წასვლა. ვტიროდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი. 12 საათის მერე მივდივართ ლისზე მე და ბარბარე და რამდენიმე საბურთალოელი ბავშვი", - წერს გაბეჩავა. მისი თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის სატელეფონი ზარის შემდეგ გაიგეს წვეულების დაშლის შემდეგ მომხდარი ჩხუბის თაობაზე.

"წამოვედით ისევ უკან. გზაში შემხვდნენ წამოსული ბავშვები. მე დავრჩი მათთან. ეს საბურთალოელები წავიდნენ, სად - არ ვიცი. ვისთანაც დავრჩი, ისინი არიან ჩემი ნათესავები და მეგობრები - ადეიშვილები. მინდოდა გამერკვია თუ რა მოხდა, ვინ იჩხუბა და რატომ, მაგრამ ვერ დავუკავშირდით ვერავის. ჩვენ დაახლოებით ერთი საათი ან უფრო მეტი გაჩერებულები ვიყავით ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს ჩემმა ნათესავმა ადეიშვილმა შემომთავაზა დავრჩენილიყავი მათთან და ეს დარჩენილი ბავშვებიც ამეყვანა მათ ბინაში თემქაზე. ჩვენ ორ მანქანაში გადავნაწილდით, ორივე ჩემი ნათესავების იყო და წავედით თემქაზე ადეიშვილების სახლში.

როცა წავედით, გზაში დავინახეთ იაკობი, ავტოსტოპით მიდიოდა სადღაც, სავარაუდოდ, სახლში. ვიცანი და  გავუჩერეთ მანქანა. თურმე ჩვენთან აპირებდა მოსვლას, რადგან ვეგონეთ ლისზე, სავარაუდიდ, ავტოსტიპით ამოვიდა, არ ვიცი. ჩვენ გავუჩერეთ მანქანი და ვუთხარით, ჩვენთან წამოსულიყო".

გაბეჩავას თქმით, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზეც თვითონ დავპატიჟა. გზაში მოგვიყვა, რომ ვიღაცები მანქანით გაჩერდნენ და სადღაც დაიმალა, რის შემდეგაც დარეკა 112- ში და მათ ჩამოიყვანეს თბილისამდე. ჩვენ წავედით იაკობთან ერთად თემქაზე ადეიშვილების სახლში. ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი უბრალოდ არ გამოჩენილა, ტელეფონია არ ჰქონია და ვერ უკავშირდებოდნენ.  ისე კი იაკობი ნაქირავებ სახლში მოვიდა გვიან  და არ ვიცი, გადაიღო ფოტოები თუ არა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ გადაუღია.  ვიდრე სახლში ავიდოდით ადეიშვილებთან, ცოტა ხანი გავჩერდით ეზოში, ისევ ვცდილობდი, რომ რომელიმე კლასელს დავკავშირებოდი. ეზოში იაკობმა გადაიღო ფოტოები.  ჩემს კლასელებთან ვრეკავდი ყველასთან, ვისთანიც კი შემეძლო.  არ ვიცი, რატომ არ ჰქონდა შაქარას ტელეფონი, რადგან ვერ ვურეკავდით, გვეგონა სახლში იყო..." - წერს ანი გაბეჩავა.

იხილეთ ასევე: "ნახალოვკელი "კაწრო" და გამომძიებელი "ბაწრო" - რას პასუხობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ტელეკომპანია "მთავარს"