"შენ ჩემს გულში ხარ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს" - ვინ არის გოგონა, რომელიც, ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა - კვირის პალიტრა

"შენ ჩემს გულში ხარ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს" - ვინ არის გოგონა, რომელიც, ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა

"გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..." - ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.

საინტერესოა, რო ამ რამდენიმე დღის წინ მარიამ ხატისკაცმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა გიორგ საქარაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით: "შენ ჩემს გულში ხარ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს"

გოგავას ჩვენება "ინტერპრესნიუსმა" გამოაქვეყნა. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ლუკა გოგავამ გური ამირხანაშვილისგან გაიგო, რომ დაბადების დღეზე სიტუაცია დაძაბული იყო, რადგან "ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე". მისივე თქმით, ამირხანაშვილი ასევე საუბრობდა დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებზე.

"ჩემი უახლოესი მეგობრები არიან გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ განსვენებული გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკოლის პერიოდიდან... ბევრ დროს ვატარებდით ერთად და ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცოდით. მე, გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი გარდა ახლო მეგობრობისა, ასევე ერთი უბნელებიც ვიყავით. ჩვენს უბანში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელი, რომლებიც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოცეკვავეები არიან და ცეკვავენ "ქვინ დენს სტუდიოში".

გიორგი შაქარაშვილი 2018 წლის შემდეგ მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან, ისინი ხშირად დადიოდნენ ხოლმე ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში, ზუსტი დრო არ მახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა მე და ოლეგ ბობოხიძეს გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას. ასევე გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ, ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მარიამ ხატისკაცისა და გიორგი შაქარაშვილის ურთიერთობის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა მოგვიანებით გაიგო, რამდენადაც მე ვიცი, ვინაიდან იგი ჩვენთან ერთად არ იყო იმ დროს, როდესაც გიორგიმ მე და ოლეგს გვითხრა ამის შესახებ.

2020 წლის მაისის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მე ვიყავი სახლში, რა დროსაც ჩემთან მოვიდნენ გიორგი შაქარაშვილი და ოლეგ ბობოხიძე. ჩვენ ეზოში ვმოძრაობდით და თან ვსაუბრობდით, როგორც ყოველთვის. გიორგიმ დაიწყო საუბარი და მითხრა, "ვერ დაიჯერებ რა მოხდა", რის შემდეგაც მე დავინტერესდი, თუ რა მოხდა და დავუსვი მას კითხვა, რაზედაც გიორგიმ მიპასუხა "მარიამ ხატისკაცმა მომწერა, აღარ მომწონხარო", თან ოლეგ ბობოხიძის ტელეფონში გახსნა თავისი "ფეისბუქი" და მაჩვენა მარიამ ხატისკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება. რამდენადაც მახსოვს, შეტყობინებაში ეწერა: "მგონი აღარ მომწონხარ", გიორგის პასუხის ფორმულირება აღნიშნულ შეტყობინებაზე მე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, შინაარსობრივად იგი გაოცებას გამოხატავდა მარიამის შეტყობინებაზე და შემდეგში მისი ნახვა უნდოდა სიტუაციაში გასარკვევად.

მარიამ ხატისკაცი და გიორგი შაქარაშვილი

მე, ოლეგ ბობოხიძემ და გიორგი შაქარაშვილმა ის დღე ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მარიამ ხატისკაცი გიორგის დაშორდა. 2020 წლის ივნისის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც მე გიორგისგან გავიგე, რომ იგი და გურამ ამირხანაშვილი დაპატიჟებულები იყვნენ ვინმე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე, რომელიც რამდენადაც გავიგე, ასევე "ქვინ დენს სტუდიოს" მოცეკვავე იყო და მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის სამეგობრო წრიდან იყო, ოღონდ ეს დეტალი ზუსტად არ ვიცი. ზოგადად, გიორგის საუბრიდან შემექნა ასეთი წარმოდგენა.

გიორგი დაბადების დღემდე რამდენიმეჯერ ვნახე, იგი გახარებული იყო და ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად. ზოგადად, გიორგი ასეთ საკითხებთან მიმართებაში ძალიან პედანტური იყო, ამ დაბადების დღეზე წასასვლელადაც რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო მზადება, რაც გამოიხატებოდა წინასწარ ტანსაცმლის შერჩევაში, ტრანსპორტის ხარჯების შეგროვებაში და ა.შ. 18 ივნისს, შუადღის საათებში, გიორგიმ დამირეკა ოლეგის მამის ტელეფონის ნომრიდან და მთხოვა, მისთვის მეთხოვებინა ჩემი ჩანთა. მე საკუთრებაში მქონდა მცირე ზომის, მუქი ლურჯი ფერის, წელზე შემოსახვევი ჩანთა, ე.წ. "ბარსეტკა", რომელიც მთხოვა გიორგიმ...

2020 წლის 19 ივნისს, დილის საათებში, ზუსტი დრო არ მახსოვს, ალბათ, 11-12 საათი იქნებოდა, რა დროსაც მე "ფეისბუქზე" მომივიდა შეტყობინება ჩემი მეგობარი ოლეგ ბობოხიძისგან, რომელშიც ეწერა "ბიჭო, შაქარა დაიკარგა, გუშინ ღამის მერე არ გამოჩენილა". შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მე დავურეკე ოლეგს და ვესაუბრე დეტალებში გასარკვევად. საუბრის დროს ოლეგიმ მითხრა, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, რომელშიც გიორგის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი განმარტებით, იგი გიორგის ნათესავებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, რაზედაც მე დავუკავშირდი გიორგის ნათესავს, მიხეილ ონაშვილს, ლავრენტი ჯალაღონიას და ჩემს მეგობარს ალეკო ნავროზაშვილს. ჩვენ შევიკრიბეთ და წავედით მცხეთაში.

ადგილზე იყვნენ გიორგის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ჩვენი მეგობარი ოლეგ ბობოხიძე. გურამ ამირხანაშვილი ამ დროისთვის პოლიციის შენობაში იყო. მე ბობოხიძისგან გავიგე, რომ ღამით, დაახლოებით, 2 საათისკენ, გურამ ამირხანაშვილმა მიწერა მას, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, ის და გიორგი შაქარაშვილი არაფერ შუაში იყვნენ, გვიან ლისზე მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა მოვიდა, უმიზეზოდ დაუწყეს ჩხუბი, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომობილის მგზავრებმა გურამი ჩაისვეს ავტომობილში, გიორგი შაქარაშვილი კი გაიქცა...

გიორგის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან. ვეკითხებოდი დაბადების დღეზე მომხდარი ფაქტების შესახებ, რაზედაც იგი მიყვებოდა შემდეგ ისტორიას: დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი მივიდნენ დაგვიანებით, დაახლოებით 10 საათის შემდეგ. ადგილზე მისულებს იქ მყოფები უკვე ნასვამ მდგომარეობაში დახვდათ. მისივე გადმოცემით, სიტუაცია დაბადების დღეზე მყოფ ხალხს შორის დაძაბული იყო, რამდენადაც მე გავიგე, ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე, მეორე მიზეზად კი ასახელებდა, დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებს.

დაძაბულობა მალე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც საბურთალოელებმა დაჩაგრეს "ნახალოვკელები", რის შემდეგაც "ნახალოვკელები" ადგილიდან წავიდნენ. ადგილზე დარჩენილებმა კი გადაწყვიტეს ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის იქ გაგრძელება. ავტომობილებით მყოფებმა ჩაისვეს გოგოები და წაიყვანეს ლისზე, დარჩენილებმა კი გზაზე გასვლა და სხვა ტრანსპორტით ჩამოსვლა გადაწყვიტეს თბილისში.

გურამის გადმოცემით, 5-6 ადამიანი მოძრაობდა გზაზე ფეხით. გადმოკვეთეს არაგვზე არსებული ხიდი, რა დროსაც მათ წამოეწიათ ავტომობილი, რომლიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და დაუწყეს მათ ცემა, რაზეც გურამი და გიორგი შაქარაშვილი სხვებთან ერთად გაიქცნენ ადგილიდან, შემდეგ კი მობრუნდნენ უკან, მივიდნენ იქ მყოფ პირთან, რომელიც მანამდე მათთან ერთად მოძრაობდა და ნაცემი იყო. ამ დროს, მეორე ავტომობილი მოვიდა, შეჩერდა მათ წინ, იქიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გაემართნენ მათკენ, რა დროსაც გურამი, გიორგი შაქარაშვილი და მათი თანმხლები პირები ისევ გაიქცნენ ხიდის მიმართულებით.

გურამის გადმოცემით, ის ხიდის მეორე მხარეს გადავიდა სირბილის დროს, იგი კი უკან მიყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ხიდის ბოლოში გზასთან არსებული მცირე ზომის შენობა დაინახა და იმის უკან გადაწყვიტა დამალულიყო. შაქარაშვილი კი, ბოლო მომენტში, როდესაც დაინახა, ხიდის ქვეშ ჩამავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა. გურამი მდევრებმა მალევე იპოვეს, ჰკითხეს, თუ სად წავიდნენ დანარჩენები, რაზეც გურამმა უპასუხა, რომ არ იცოდა, შემდეგ კი, ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მისივე გადმოცემით, იმ ეპიზოდში შეეშინდა, რომ არ ეცემათ და ამიტომ ჩაჯდა ავტომობილში.

22 ივნისს, პოლიციამ გიორგის გვამი აღმოაჩინა მდინარე არაგვში, რაც მე საეჭვოდ მეჩვენა, ვინაიდან გიორგიმ ცურვა არ იცოდა და ზოგადად, ერიდებოდა წყალს, მდინარეს. მე დარწმუნებული ვარ, იგი მდინარეში არ ჩავიდოდა. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ.

მე წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქრაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში.

არ ვიცი ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი. მგონია, რომ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელიდან ერთ-ერთმა, უფრო ლიზი ნადირაძე მგონია. მგონი ასე მოვისმინე ვიღაცისგან, ოღონდ, სად და როდის, არ ვიცი. გიორგისგან მე მხოლოდ ვიცოდი, რომ ანი გაბეჩავა იყო მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის დაქალი და მათი მხრიდან მიდიოდა დაბადების დღეზე.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მან 2020 წლის გაზაფხულზე გაყიდა მისი კუთვნილი "სამსუნგის" ფირმის "გალაქსი ეს 8", ვინაიდან მისი გადმოცემით ტელეფონს დიდ დროს უთმობდა და მის გარეშე უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს", - ნათქვამია შაქარაშვილის მეგობრის ლუკა გოგავას ჩვენებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

იხილეთ ასევე: "შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო" - რას ყვება გოგონა, რომლის დაბადების დღის წვეულებაც ტრაგიკულად დასრულდა?