"სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს სასამართლომ სარჩელის დაზუსტება და სამართლებრივი დასაბუთების წარდგენა მოსთხოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია და არც ის განუმარტავს, კონკრეტულად რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. როგორც ირმა ჭკადუა ამბობს, „ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი“.

“სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელს ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი. დეტალებზე ვერ გიპასუხებთ, თუ რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო დასაზუსტებელი. ასევე, სამართლებრივად გასამართი. სასამართლოს შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგენილა“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავა განიხილებოდა.

სხდომას არ ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ნელი ყველგან გაიძახოდა, გადასარევი ქმარი და გადასარევი მამააო და ახლა გახდა მოძალადე?"

"ინტერპრესნიუსი"