"საოცრება იცით, რა არის? ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ აკეთებენ ჩვენს საქმეს, 100%-ით დამნაშავეების საქმეს აკეთებენ" - კვირის პალიტრა

"საოცრება იცით, რა არის? ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ აკეთებენ ჩვენს საქმეს, 100%-ით დამნაშავეების საქმეს აკეთებენ"

მირიან ნიკოლაძე: "გოგონას გამო კონფლიქტი მოქმედ ვერსიად რჩება, მაგრამ სხვა ვერსიებს მეტი უპირატესობა აქვს. პრობლემა ის არის, რომ ყველა ერთმანეთთან არის შეკრული და სიმართლის თქმა არავის უნდა"

გიორგი შაქარაშვილის საქმეში გამოძიებას დღემდე ბევრი უპასუხო კითხვა აქვს. რაც მთავარია, ჯერ არ ვიცით პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ მოკლა ის? მაგრამ ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება, რადგან გამოძიებას არ გაუჭირდება გიორგის მკვლელების გამოვლენა.

- საგამოძიებო უწყებაში ძალიან დიდი ჯგუფია მობილიზებული და 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ იმისთვის, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი კონკრეტულ პირებს წაუყენონ. ამისთვის გადამწყვეტი იქნება ექსპერტიზის პასუხები. ახლახან დაინიშნა კომისიური ექსპერტიზა, დასმულია ანალიტიკური კითხვები... კარგი იქნება, გამოძიება ვადებში თუ შეძლებს პასუხის გაცემას, თუ ვერ შეძლებს, ვადის გახანგრძლივება იქნება საჭირო.

- ამ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ. ვიცით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ვადა შეზღუდულია... - იმდენი მასალაა გამოსაკვლევი, ვფიქრობ, გამოძიებისთვის სერიოზული საფრთხე იქნება, არასრულწლოვნების გამო ექვს თვეში რომ მოხდეს ეს ყველაფერი... ვფიქრობ, ჯობია არასრულწლოვნების ნაწილი მოაცილონ და ცალკე წარმოებად გამოყონ. ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, საქმე სასამართლოში 109-ე მუხლით წარიმართოს. ვფიქრობ, ვადა გახანგრძლივდება, რადგან ექსპერტიზას დრო სჭირდება.

- განზრახ მკვლელობის მუხლს რამდენ ხანში წარუდგენენ ბრალდებულებს? - ვფიქრობ, როგორც კი ექსპერტიზის პასუხები მოვა, ბრალი დაუყოვნებლივ წარედგინებათ.

- განსაკუთრებით რომელ კითხვებზე ელოდებით პასუხს ექსპერტიზისგან? - კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ დაზიანებებს გიორგი ვერ მიიღებდა, ვთქვათ, ფერდობზე დაგორებით და რომ მომხდარი ნამდვილად არის განზრახ მკვლელობა. ჩვენი მხრიდან ჩაერთვება სამი ექსპერტი: გეჯაძე, ერისთავი და ნევროლოგი მანჯგალაძე. უნდა გაეცნონ მასალებს. დამატებითი ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ითქვა, თითქოს ეს დაგვიანებულია, მაგრამ ჯერ უნდა გაკეთებულიყო ის, რაც გაკეთდა, დამატებითი ექსპერტიზა კი მერე ინიშნება. პირველმა ექსპერტიზამ კატეგორიული დასკვნა გამოაქვეყნა. ახალი კითხვები დაისვა იმის გამო, რომ ყველა სხვა ვერსია, რომელიც არ უკავშირდება განზრახ მკვლელობას, იურიდიულად გამოირიცხოს, თორემ მე ექსპერტებს ყველა ეს კითხვა დავუსვი და პასუხებიც მივიღე, ამიტომ ვამბობ ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და მკვლელები უნდა დაისაჯონ!

- სხვადასხვა გადაცემაში ხშირად ლაპარაკობენ გამოძიების შეცდომებზე... თქვენ რას იტყვით, დაუშვა შეცდომები გამოძიებამ? - როცა გამოძიება ასეთი დაძაბული რეჟიმით და ექსტრემალურ ვითარებაში მიმდინარეობს და პარალელურად ასეთი ამბები ხდება, ძნელია უშეცდომოდ იმუშაო, მაგრამ ამ შეცდომებზე პასუხისმგებელია გამოძიება და პროკურატურა. დაზარალებულს უნდა დამნაშავეების დასჯა - აქ მთავრდება ყველაფერი! მგონია, უფრო ხელოვნური დრამატიზება ხდება სიტუაციის. საოცრება, იცით, რა არის? ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ აკეთებენ ჩვენს საქმეს, 100%-ით დამნაშავეების საქმეს აკეთებენ.

- რატომ ფიქრობთ ასე? იმიტომ ხომ არა, რომ საქმის მასალების ყველა ფურცელი საჯაროდ არის გამოტანილი? - გამოძიებას ყველა გამოტანილი ფურცელი აზარალებს. მხოლოდ ბრალდებულების ინტერესებს ემსახურება აჟიოტაჟი, ასეულობით თითქოს ლეგიტიმური ვერსია. ასეთი ხმაურის მიზანია, მთელი ძალისხმევა არაარსებითი მიმართულებით დაიხარჯოს. სასამართლოში საქმის განხილვას თავისი ვადა აქვს. როცა დაცვის მხარე ამბობს, მე ყველაფერს სადავოს ვხდი და ყველაფერი იყოს გამოკვლეულიო, ამ შემთხვევაში დიდი დრო ფუჭად იხარჯება. მაგალითად, თუ ამოღებულია სამსაათიანი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ, ვთქვათ, მანქანამ გაიარა და შენ ამ სამი საათიდან მხოლოდ შენთვის საინტერესო 30 წამი გჭირდება, მაგრამ დაცვამ მთელი მასალის გამოკვლევა მოგთხოვა, უნდა ისხდნენ და ამ სამ საათს უყურონ მაშინაც კი, როცა არაფერი ხდება. როცა საქმეში მარტო ვიდეოჩანაწერების 300-500 საათია, წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს შეიძლება ხელოვნურად გააჭიანურო პროცესი, ამასობაში კი გამოძიებას ვადა გაუვიდეს და ეს ხალხი გარეთ გამოყარონ. მერე სად წავიდეთ?

- ასე მიზანმიმართულად ბრალდებულების ადვოკატები იქცევიან? - მათი ტაქტიკის ნაწილია, ყურადღება ძირითადიდან სხვა რამეზე გადაიტანონ. ვინც ამბობს, რომ შეცდომებია დაშვებული და ყველაფერი გაფუჭებულია, მკვლელების საქმეს აკეთებს.

- ძალიან მნიშვნელოვანია ჩანთის ექსპერტიზა. რატომ დაგვიანდა მისი პასუხი?

- გენეტიკური ექსპერტიზა უზუსტესია, აქ სათუო ვერსიებზე ვერ ილაპარაკებ. უნდა არსებობდეს დასკვნა და ის საკუთარი თვალით წაიკითხო.

მართალია, ეს ექსპერტიზა გახანგრძლივდა, მაგრამ არ არის გასაკვირი - 140-მდე ნიმუშია გამოსაკვლევი და მათ შედარებას დრო სჭირდება.

- ამბობენ, რომ 17 პირის პასუხისგებაში მიცემამ შეიძლება საქმე დააზარალოს და მტკიცებულებების მოპოვება გაუჭირდეთ... - 17-ვეს არავინ ედავება გიორგის მკვლელობას. ყველას თავის ქმედებაზე მოუწევს პასუხისგება. აბა, როგორ გინდათ?! წარდგენილი და დადგენილი კვალიფიკაციები სწორია. ახლა მთავარია, განზრახ მკვლელობა გამყარდეს მტკიცებულებებით.

- გიორგის მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენებაში ნათქვამია, რომ წვეულებაზე იყო მარიამ ხატისკაცი, რომლის მიმართაც გიორგის ჰქონდა სიმპათია. ერთ-ერთ ვერსიად გოგონას გამო კონფლიქტიც განიხილებოდა. ეს ჩვენება ხომ არ ამყარებს ამ ვერსიას? - გოგონას გამო კონფლიქტი მოქმედ ვერსიად რჩება, მაგრამ სხვა ვერსიებს მეტი უპირატესობა აქვს. პრობლემა ის არის, რომ ყველა ერთმანეთთან არის შეკრული და სიმართლის თქმა არავის უნდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათ დანაშაული დაუმტკიცდებათ! მკვლელები გარეთ არ უნდა დარჩნენ!

P.S. პროკურატურამ დახმარება ამერიკის შესაბამის უწყებებს სთხოვა. კერძოდ, მათ უნდა აღადგინონ სოციალურ ქსელებში წაშლილი ჩანაწერები. ასე რომ, შესაძლოა, ტრაგედიის გამოძოებაში FBI ჩაერთოს.

ვინ არის მარიამ ხატისკაცი და რას პასუხობს მას "შაქარას" და

თემქის დასახლებაში გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ გიორგის დაკარგვის შემდეგ ახალგაზრდებმა გართობა გააგრძელეს. მათ შორის არის მარიამ ხატისკაცი, არადა, გიორგის მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენებით, სწორედ მის მიმართ ჰქონდა სიმპათია გარდაცვლილს. ტრაგედიის დღეს გიორგის ლუკას ჩანთა ჰქონდა წაღებული და ამ ჩანთის ექსპერტიზამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

მარიამ ხატისკაცმა სოციალური ქსელით გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს"

ლუკა გოგავას ჩვენებიდან: "ჩემი უახლოესი მეგობრები არიან გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ განსვენებული გიორგი შაქარაშვილი. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკოლის პერიოდიდან…ბევრ დროს ვატარებდით ერთად და ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცოდით. მე, გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და გიორგი შაქარაშვილი, გარდა ახლო მეგობრობისა, უბნელებიც ვიყავით. ჩვენს უბანში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელი, რომლებიც, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოცეკვავეები არიან და ცეკვავენ "ქვინ დენს სტუდიოში". გიორგი შაქარაშვილი 2018 წლის შემდეგ მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან. ისინი ხშირად დადიოდნენ ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში, ზუსტი დრო არ მახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა მე და ოლეგ ბობოხიძეს გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას. ასევე გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ, ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მარიამ ხატისკაცისა და გიორგი შაქარაშვილის ურთიერთობის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა მოგვიანებით გაიგო, ვინაიდან იგი ჩვენთან ერთად არ იყო იმ დროს, როდესაც გიორგიმ მე და ოლეგს ეს გვითხრა. 2020 წლის მაისის ბოლოს, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მე ვიყავი სახლში, როდესაც ჩემთან მოვიდნენ გიორგი შაქარაშვილი და ოლეგ ბობოხიძე. ჩვენ ეზოში ვსაუბრობდით. გიორგიმ მითხრა, ვერ დაიჯერებ რა მოხდა, მარიამ ხატისკაცმა მომწერა, აღარ მომწონხარო, თან ოლეგ ბობოხიძის ტელეფონში გახსნა თავისი "ფეისბუკი" და მაჩვენა მარიამ ხატისკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება. რამდენადაც მახსოვს, შეტყობინებაში ეწერა: "მგონი, აღარ მომწონხარ". გიორგის პასუხის ფორმულირება აღნიშნულ შეტყობინებაზე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, შინაარსობრივად იგი მარიამის შეტყობინებაზე გაოცებას გამოხატავდა და შემდეგში მისი ნახვა უნდოდა სიტუაციაში გასარკვევად. მე, ოლეგ ბობოხიძემ და გიორგი შაქარაშვილმა ის დღე ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მარიამ ხატისკაცი გიორგის დაშორდა. 2020 წლის ივნისის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც გიორგისგან გავიგე, რომ იგი და გურამ ამირხანაშვილი დაპატიჟებულები იყვნენ ვინმე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე, რომელიც რამდენადაც გავიგე, ასევე იყო "ქვინ დენს სტუდიოს" მოცეკვავე და მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის სამეგობრო წრიდან, ოღონდ ეს დეტალი ზუსტად არ ვიცი. ზოგადად, გიორგის საუბრიდან შემექნა ასეთი წარმოდგენა. გიორგი დაბადების დღემდე რამდენიმეჯერ ვნახე. იგი გახარებული იყო და ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად. ზოგადად, გიორგი ასეთ საკითხებთან მიმართებით ძალიან პედანტური იყო. ამ დაბადების დღეზე წასასვლელადაც რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო მზადება, რაც გამოიხატებოდა წინასწარ ტანსაცმლის შერჩევაში, ტრანსპორტის ხარჯის შეგროვებაში და ა.შ. 18 ივნისს, შუადღის საათებში, გიორგიმ დამირეკა ოლეგის მამის ტელეფონის ნომრიდან და მთხოვა, მისთვის მეთხოვებინა ჩემი ჩანთა. მე მქონდა მცირე ზომის, მუქი ლურჯი ფერის, წელზე შემოსახვევი ჩანთა, ე.წ. ბარსეტკა, რომელიც მთხოვა გიორგიმ...

19 ივნისს, ალბათ, 11-12 საათი იქნებოდა, როდესაც "ფეისბუკზე" მომივიდა შეტყობინება ჩემი მეგობარი ოლეგ ბობოხიძისგან, რომელშიც ეწერა: "ბიჭო, შაქარა დაიკარგა, გუშინ ღამის მერე არ გამოჩენილა". დავურეკე ოლეგს. მითხრა, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, რომელშიც გიორგის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი განმარტებით, იგი გიორგის ნათესავებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა. მე დავუკავშირდი გიორგის ნათესავს, მიხეილ ონაშვილს, ლავრენტი ჯალაღონიას და ჩემს მეგობარს, ალეკო ნავროზაშვილს. ჩვენ შევიკრიბეთ და წავედით მცხეთაში. ადგილზე იყვნენ გიორგის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ჩვენი მეგობარი ოლეგ ბობოხიძე. გურამ ამირხანაშვილი ამ დროისთვის პოლიციის შენობაში იყო. მე ოლეგ ბობოხიძისგან გავიგე, რომ ღამით, დაახლოებით 2 საათისკენ, გურამ ამირხანაშვილმა მიწერა მას, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, ის და გიორგი შაქარაშვილი არაფერ შუაში იყვნენ, გვიან ლისზე მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა მოვიდა, უმიზეზოდ დაუწყეს ჩხუბი, რის შემდეგაც ავტომობილის მგზავრებმა გურამი ჩაისვეს ავტომობილში, გიორგი შაქარაშვილი კი გაიქცა. გიორგის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან. ვეკითხებოდი დაბადების დღეზე მომხდარი ფაქტების შესახებ, რაზედაც იგი მიყვებოდა შემდეგ ისტორიას: დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი მივიდნენ დაგვიანებით, დაახლოებით 10 საათის შემდეგ. ადგილზე მისულებს იქ მყოფები უკვე ნასვამები დახვდნენ. მისივე გადმოცემით, სიტუაცია დაბადების დღეზე მყოფ ხალხს შორის დაძაბული იყო, რის მიზეზადაც გურამი ასახელებდა იქ მყოფ გოგონებს. რამდენადაც მე გავიგე, ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე, მეორე მიზეზად კი ასახელებდა დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვას.

დაძაბულობა მალე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც საბურთალოელებმა დაჩაგრეს "ნახალოვკელები", რის შემდეგაც დაჩაგრული "ნახალოვკელები" წავიდნენ, ადგილზე დარჩენილებმა კი გადაწყვიტეს ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის იქ გაგრძელება. ავტომობილებით მყოფებმა ჩაისვეს გოგონები და ლისზე წაიყვანეს, დარჩენილებმა კი გზაზე გასვლა და თბილისში სხვა ტრანსპორტით ჩამოსვლა გადაწყვიტეს. გურამის გადმოცემით, გზაზე ფეხით 5-6 ადამიანი მიდიოდა. გადმოკვეთეს არაგვის ხიდი, რა დროსაც მათ წამოეწიათ ავტომობილი, რომლიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და დაუწყეს მათ ცემა. გურამი და გიორგი შაქარაშვილი სხვებთან ერთად გაიქცნენ ადგილიდან, შემდეგ კი მობრუნდნენ უკან, მივიდნენ იქ მყოფ პირთან, რომელიც მანამდე მათთან ერთად მოდიოდა და ნაცემი იყო. ამ დროს მეორე ავტომობილი მოვიდა, შეჩერდა მათ წინ, იქიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გაემართნენ მათკენ. გურამი, გიორგი შაქარაშვილი და მათი თანმხლები პირები ისევ გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. გურამის გადმოცემით, ის სირბილის დროს ხიდის მეორე მხარეს გადავიდა, იგი უკან მიჰყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ხიდის ბოლოში გზასთან მცირე ზომის შენობა დაინახა და იმის უკან გადაწყვიტა დამალულიყო. შაქარაშვილი კი, ბოლო მომენტში როდესაც დაინახა, ხიდის ქვეშ ჩამავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა. გურამი მდევრებმა მალევე იპოვეს, ჰკითხეს, თუ სად წავიდნენ დანარჩენები, რაზეც გურამმა უპასუხა, რომ არ იცოდა, შემდეგ კი ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მისივე გადმოცემით, იმ ეპიზოდში შეეშინდა, რომ არ ეცემათ და ამიტომ ჩაჯდა ავტომობილში. 22 ივნისს პოლიციამ გიორგის გვამი აღმოაჩინა მდინარე არაგვში, რაც მე საეჭვოდ მეჩვენა, ვინაიდან გიორგიმ ცურვა არ იცოდა და ზოგადად, ერიდებოდა წყალს, მდინარეს. დარწმუნებული ვარ, იგი მდინარეში არ ჩავიდოდა. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქარაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი. მგონია, რომ მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძისა და ლიზი ქსოვრელიდან ერთ-ერთმა. უფრო ლიზი ნადირაძე მგონია. გიორგისგან მხოლოდ ვიცოდი, რომ ანი გაბეჩავა იყო მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის დაქალი და მათი მხრიდან მიდიოდა დაბადების დღეზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი. მან 2020 წლის გაზაფხულზე გაყიდა მისი კუთვნილი "სამსუნგის" ფირმის "გალაქსი S 8", ვინაიდან მისი გადმოცემით, ტელეფონს დიდ დროს უთმობდა და მის გარეშე უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს".

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!"

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ინტერვიუებზე უარს აცხადებს, თუმცა ოჯახის პოზიცია რამდენჯერმე გაახმაურა მირიან ნიკოლაძემ. ცნობილია, რომ ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამ საქმეში ბევრი უპასუხო კითხვაა, ჭორი და სიმართლე ერთმანეთშია არეული, არაერთხელ ტალახი ესროლეს ბიძასაც და, ბუნებრივია, ეს გულს სტკენს ჭირისუფალს. 17 ივლისს გიორგის დედამ, თამუნა შალვაშვილმა, თავის "ფეისბუკგვერდზე" ემოციური და საყურადღებო მიმართვა გამოაქვეყნა:

"ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობის, ასევე სოციალური ქსელებით პოზიციის დაფიქსირებისაგან, მაგრამ საზოგადოების ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი. მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა "ჩუმად წამოიღო" გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა?! ამის მთქმელს შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან, რომლებიც ყოველდღურად პირდაპირი ეთერით ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიებლებს""მირჩევთ თავიანთი უგუნური ვერსიებით რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ, ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?! ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ, თუ იმ ხალხს, დამნაშავეების სასარგებლოდ მთელ ქვეყანას რომ არწმუნებენ, რომ თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?! რომელი ერთი ჩამოვთვალო, უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?! მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ, ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის?! ვის ედრებით, ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი! რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არაადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა, დღემდე გვამხნევებს, გვერდით გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს. ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა".

"ამ გოგოს სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან ამბავი დამალა"

დაკითხულია მარიამ ხატისკაციც. ის აცხადებს, რომ ლიზი ნადირაძისგან გაიგო გიორგის დაკარგვის ამბავი. "თემქაზე ვიყავი და ლიზი ნადირაძისგან გავიგე...", - ამბობს ის და მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სოციალური ქსელით ეხმაურება: "მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა. როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ მაშინ, როცა არაფერი იცით. ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემ გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ! ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა. გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილი სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს". მან სოციალური ქსელით გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით: "შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს".

"ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიორგის და ანი შაქარაშვილი კი ასე ეხმიანება ამ ფაქტს: "გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა. თუ ვინმე ასე თვლის, ალბათ, საკუთარი თავიდან გამომდინარე. გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა - კონკრეტულად ვინმეს გამო. რაც შეეხება ამ გოგოს, მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა. მადლობა, ნახვამდის".

"ფოტოგრაფს არაფერი წაუშლია და მასალებს რომ აღადგენენ, ხომ გამოჩნდება ეს?"

იაკობ ბრეგვაძის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. ფოტოგრაფი 17 ივლისს საგამოძიებო უწყებაშიც გამოცხადდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დასაცავი ბულინგის მსხვერპლია:

- 19 წლის ახალგაზრდას სწერენ სოციალურ ქსელში, რომ ყელს გამოსჭრიან და თმით ათრევენ. ასევე სწერენ, რატომ არ იკლავს დედამისი თავს, რომ ასეთი შვილი გაზარდა. ამბობს, რაც ვიცოდი, ყველაფერს თავიდან ბოლომდე მოვუყევი გამოძიებასო. 50 ადამიანი იყო იქ და 112-ში მხოლოდ ამ ბავშვმა დარეკა! მთხოვეს ტელეფონის ჩაბარება და ჩავაბარეო... ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს, რომ მოწმეების ირგვლივ ეს ისტერია დასრულდეს! ამის გამო არავის მოუნდება პოლიციასთან თანამშრომლობა... ისე ნუ მოვიქცევით, რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ... 17 ივლისს სამართალდამცავებმა დაათვალიერეს მისი სოციალური ქსელი, არ დაუკითხავთ. ეს ბავშვი ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, ამბობს, ჩემი მისამართით მუქარაზე ლაპარაკიც კი მრცხვენია, როცა ოჯახს მოუკვდა 19 წლის ძალიან პოზიტიური ბავშვი, რომელიც იმ დღეს გავიცანიო. ზოგი ცრემლებს აღვარღვარებს, ეს კი თავის თავში განიცდის მომხდარს... იმ დღეს მასთან საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულებულა, ამიტომ ვერ ვიტყვი ვერაფერს. "ინსტაგრამის" გვერდებს ათვალიერებდნენ... ათას სისულელესა და სიბინძურეს ავრცელებენ, ამიტომაც შეიტანეს ამდენი ბუნდოვანება საქმეში.

- მაგრამ ფოტოგრაფთან კითხვები არსებობს, რატომ დამალა, რომ იმ ჯგუფთან ერთად თემქაზე ისევ გააგრძელა ქეიფი? - თბილისში ჩამოსვლის დეტალებზე გამოძიებას მისთვის არაფერი უკითხავს, შემთხვევის ადგილი სხვაგან არის... ის მანამდე ლისზეც იყო, რადგან მოილაპარაკეს, რომ იქ გააგრძელებდნენ ქეიფს, თემქაზე მერე წავიდა. იაკობი იყო გოგონების მეგობარი, იქ გაიცნო ის ბიჭები და საერთოდ არ იცოდა, ვინ იყვნენ.

- ანა გაბეჩავა ამბობს, რომ მასთან იაკობს ინციდენტის დეტალები არ მოუყოლია...

- გაბეჩავასთან დეტალებზე არ ულაპარაკია... როცა იაკობს ლისზე არ დახვდნენ და უკან ბრუნდებოდა, გზაში მოტოციკლეტმა გაუჩერა, უთხრა, თუ დაბლა ჩადიხარ, ჩაგიყვანო... ამ დროს გამოჩნდა მანქანა, სადაც ისხდნენ იუბილარი და მისი მეგობრები და იმათ წაიყვანეს თემქაზე. იაკობი ამბობს, გზაში ქაოსურად მოვუყევი მომხდარი და დეტალებზე არ მილაპარაკიაო. ჩხუბი რომ იყო, მოჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ იქ ვიღაც დაიკარგა.

- ბავშვებმა თემქაზე შეიტყვეს, რომ გიორგი დაკარგული იყო და ეს იაკობს არ გაუგია? - არ იცოდა... იაკობის მეგობრები არ იყვნენ ის ბიჭები და არ ვიცი, ვინ ეძებდა გიორგის, მაგრამ ამან არ იცოდა, რომ ეძებდნენ...

- ამბობენ, რომ იაკობმა წაშალა მცხეთაში წვეულებაზე გადაღებული კადრები. იმასაც ამბობენ, რომ საქმეში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთვებიან და ჩანაწერებს აღადგენენ. სად გაქრა წვეულების კადრები? - აქ საუბარი არ არის ფოტოგრაფის მასალაზე, საქმე ეხება სხვა პირების მიმოწერის აღდგენას, ფოტოგრაფს არაფერი წაუშლია და მასალებს რომ აღადგენენ, ხომ გამოჩნდება ეს? ის გვიან მივიდა დაბადების დღეზე და მალევე დაიწყო ჩხუბი. იქ მას არაფერი გადაუღია, მერე ყველა წავიდ-წამოვიდა და იაკობი ამბობს, რომ მოვდიოდით, გზაში ბლოგი გავაკეთე, სხვა საქმე რომ არ მქონდაო.

- ანუ ამბობთ, რომ მას აგარაკზე ფოტოები არ გადაუღია? - არა. როგორც ვიცი, არა და შესაბამისად, არც არაფერი წაუშლია. ვიღაცას უნდა ისე გამოიყვანოს, თითქოს იაკობი რაღაცას მალავს, მაგრამ არაფერს მალავს. ერთადერთი ბავშვია, რომელმაც 112-ში დარეკა. ვერ ვხვდები, რას ერჩიან. ყველაფერს ჰყვება, რას მალავს?! შეუსაბამო არაფერია მის ჩვენებებში, ერთი სიტყვაც კი.

- ამბობთ, რომ სოციალური ქსელის მიმოწერების შესამოწმებლად დაიბარეს, იმ ღამით ვინმესთან ჰქონდა მიმოწერა და მომხდარზე თუ უამბო?

- საგამოძიებო მოქმედება არ დასრულებულა... არ ვიცი, კიდევ როდის დაგვიბარებენ. სავარაუდოდ, იაკობი ორშაბათს ბრიფინგს ჩაატარებს და საშუალება გექნებათ ყველა კითხვა დაუსვათ, მზად არის საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღოს მონაწილეობა.