გარდაცვლილი მკვლელს მისი მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა - რას ჰყვება ჩვენებაში ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული? - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი მკვლელს მისი მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა - რას ჰყვება ჩვენებაში ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული?

ქუთაისში, სასტიკად მოკლული 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ქალი დანაშაულის ჩადენის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.

"მთავარის" ცნობით. ბრალდებული ჩვენებაში აღნიშავს, რომ ელისო ჩეჩელაშვილი მას მისი მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა, რის გამოც, 45 წლის ქალი გაღიზიანდა, წყობიდან გამოვიდა, იქვე არსებული ბასრი საგანი აიღო და 30 წლის ქალს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

"მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე. ელისო ყვიროდა და შველას ითხოვდა, იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს. მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე კარები და შევხედე, რომ კარებში იდგა ჩემი მეუღლე, გაგა. გაგა მიყვიროდა, რა ხდება, რატომ ხარ სისხლიანი, რა მოხდაო?!

გაგას უკან პადიეზდში კიდევ იდგნენ სხვა პირები, მაგრამ მე ვერ გავარჩიე ვინ იდგნენ, რადგან პადიეზდში არ იყო შუქი. ამის შემდეგ მე დანა შევახვიე ჩემს კუთვნილ სალფეტკის ქაღალდში და ასე ჩავიდე ჩემი ტანთცმული ნაჭრის შორტის სათავეში, რის შემდეგაც, გამოვიხურე ბინის კარები და გამოვედი ბინიდან.

მე და გაგა ჩამოვედით ძირს და ჩავედით ჩვენს საცხოვრებელ ფარდულში, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი. გაგას ვუთხარი, რომ უნდა გადამეყარა ტანსაცმელი, რომელიც სისხლიანი იყო. მე და გაგა ერთად გამოვედით სახლიდან.

ტანსაცმელი ნაგვის ურნაში ჩავაგდე. ამავდროულად, გაგამ წამიყვანა, როგორც ჩანს, მას ტაქსი ჰყავდა გამოძახებული. ჩვენ ორივე ჩავსხედით შავი ფერის მსუბუქ ავტომობილში", - ამბობს ბრალდებული ჩვენებაში.

ცნობისთვის, 30 წლის ახალგაზრდა ქალი ქუთაისში 18 ივლისს მოკლეს. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

იხილეთ ასევე: "ახალგაზრდა ქალის განწირული ხმა ესმოდა ყველას, დიახ ყველას, თუმცა არავინ მიეშველა... მოკლეს განსაკუთრებული სისასტიკით"