23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე - გარდაცვალების რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი? - კვირის პალიტრა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული საქმე - გარდაცვალების რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სკანდალურ საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამ დრომდე უწყებას განცხადება არ გაუკეთებია. ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია, უცნობია მთავარ კითხვაზე პასუხი, რამ გამოიწვია ახალგარზდა გოგოს გარდაცვალება. ოჯახი შვილს 5 დღე უშედეგოდ ეძებდა. სასოწარკვეთილი დედა ყველას ემუდარებოდა შვილის პოვნაში დახმარებოდნენ, სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და ბოლოს პროტესტის ნიშნად, ოჯახმა, ნათესავებმა და მეზობლებმა ფონიჭალაში გზაც კი გადაკეტეს. ისინი ძალოვნებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვდნენ. ახლობლები საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ გოგონას ადგილსამყოფელი მოეძებნათ. ცნობილი იყო, რომ თამარი 18 ივლისს, შაბათ დილას სახლიდან გამოსული მეზობელს მიესალმა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამ დროს სახლში მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. დედამ შვილთან დაკავშირება დღის 2 საათზე სცადა, მაგრამ ამ დროს მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. ატყდა განგაში, დღის ბოლოს ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, გოგონას მას შემდეგ ეძებდნენ.

თამუნა ბაჩალიაშვილის კუთვნილი "ჰიუნდაის" მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ადგილობრივებიც ამბობდნენ, რომ გოგონა მანქანით ნახეს, მას მერე კვალი გაქრა. 22 ივლისს კი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ახლა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს გოგონას გარდაცვალების მიზეზი.

ადგილი, სადაც მანქანა მწყემსმა იპოვა, გზიდან 150 მეტრის დაშორებითაა, ამიტომ ოჯახს დღეს პრეტენზია სამართალდამცავებთან აქვთ. ამბობენ, თუ პოლიცია მათ შვილს ეძებდა, მით უფრო დრონებით, მისი მანქანის ადგილსამყოფელის მოძებნა არ უნდა გაჭირვებოდა. "რომ იძახიან დრონი გავატარეთ და დავათვალიერეთ ეს ადგილიო, ტყუილია, 4 დღე ჭიმავდნენ დროს, დღეს რომ გავიარე იმ ადგილზე, ჩანს მანქანა, ეტყობა არ გაუტარებიათ დრონი. გზიდან რომ გაიხედები, იქიდანაც ჩანს. რატომ ვერ მოძებნეს. ჩემი შვილი მოკლულია. მას ოჯახში პრობლემა არ ჰქონია, თავს არ მოიკლავდა. ეს მოდის მისი სამსახურიდან, ძალიან საეჭვო ვითარებააა. სანამ აქცია არ ჩატარდა, იქამდე არაფერი გამოჩნდა და მეორე დილას დაგვირეკეს და გვითხრეს ეს საშინელი ამბავი", - ამბობს შვილმოკლული მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ცხედრის აღმოჩენის შემდეგ კი საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმოშინამ ცხედრის შესწავლაში უკვე მიიღო მონაწილეობა და მისი დასკვნა რამდენად დაემთხვევა სამხარაულის ექსპერტების დასკვნას, ესეც მალე გამოჩნდება. "ჩვენ მოგვმართა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა და ცენტრი "ემპათია" ჩაერთო, ექსპერტიზაში მონაწილეობა ჩვენმა ექსპერტმა, გალინა კარმოშინამ მიიღო. ადვოკატთან და ოჯახთან ერთად დაისახება შემდგომი სტრატეგია და შესაძლებელია სხვა ექსპერტებიც ჩაერთონ. ჯერ ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებ, ვვარაუდობ, რომ იქნება კომპლექსური ექსპერტიზა ჩასატარებელი და ამისთვის მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებსაც. ეფექტურად უნდა წარიმართოს გამოძიება და ასევე ექსპერტიზა. გარკვეული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის იქნება აღებული, რათა დადგინდეს გარდაცვალების უშუალო მიზეზი", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერების შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგაც ცხედარი ღამით პროზექტურაში დატოვეს, რადგან როგორც ნათესავები ამბობენ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ოჯახს უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ყინული. ოჯახმა თავად იშოვა ყინული. ამ საკითხზე განმარტება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გააკეთეს და უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია. "ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქვამდე. ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა. ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება,"- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ავტომანქანის დათვალიერების დროს აღმოჩენილია პრეპარატები, ამიტომ ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობაც განიხილება, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ ოჯახის წევრებს, ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობას. აცხადებენ, რომ გოგონას სახლში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ყველა ცალსახად სამსახურებრივ საქმიანობაზე აკეთებს აქცენტებს.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ მანქანაში ნაპოვნი პრეპარატების შემადგენლობას ექსპერტიზა დაადგენს.

მიხეილ რამიშვილი:

- მანქანაში, თამარის საფულეში, ნაპოვნია ქაღალდები, ჩანაწერები. ესაა პატარა, ოთხკუთხა ფურცელზე დაწერილი, რომელიც უკვე დალუქულია. შეხვედრაზე რომ მიდიხარ და ინიშნავ რაღაცებს ისეთი ჩანაწერებია, ბევრი პლასტიკური ბარათი დევს საფულეში. "წავიდე", "ერთად წავიდეთ", "იქ მივდივართ", "აქ უნდა მოვიდე", "ანაბარი გამოიყენეთ", როდინდელია ეს ჩანაწერები და საერთოდ რისი ჩანაწერია, უნდა გაირკვეს. მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ, თითქოს ვიღაცას დაუტოვა, რომ გამოიყენოს, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა ოჯახს. ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა ნახულობდეს მანქანას, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი უღრანი ტყე, რომ ვერ ენახათ, მით უმეტეს, პოლიციის განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, გამოყენებული იყო ვითომდა აეროგადაღება, დრონი. თან ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება იქ იმოძრაოს. ისეთ ადგილას იყო, ეჭვს აჩენს, რომ ვინმეს არ დაენახა. ძალიან მალე ყველაფერს პასუხი გაეცემა. შემთხვევის ადგილზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. აღებულია ყველანაირი ნიმუში და დადგინდება ისიც მერე მოხდა მანქანის მოყვანა თუ 5 დღე იქ იდგა ეს ავტომობილი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს ყველაფერი.

ოჯახის უნდობლობა განპირობებულია ამ ხუთდღიანი ვადით, რაც დაკავშირებულია ძებნასთან, რაც დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან, მამასთან ცუდი და უხეში გაფრთხილებებით. თითქოს იყო მუქარა - "შარშია შენი გოგო და შენც შარში არ მოხვდე". სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სამართალს უნდა იცავდე და არა - სამართალს არღვევდე. ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ევაჭრებოდე - "ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო". არ უნდა ევაჭრებოდე, როდესაც პროტესტს გამოხატავს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტანჯვა და ტკივილი აქვს მიყენებული. ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. სახელმწიფოა ეს და არა ერთეული პირების სავაჭრო ცენტრი. აქედან გამომდინარე, ოჯახს გაუჩნდა დიდი პროტესტი. ჩართული ვარ ამ საქმეში და ვნახავ, გამოძიება როგორ იმოქმედებს. არავის არ მივცემ ამის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, საითაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა და რა პირებთანაც არ უნდა მიდიოდეს

- ამბობენ მედიკამენტებიც აღმოჩნდაო და ინტოქსიკაციის ვერსიაც განიხილება?

- იყო სხვადასხვა სახის მედიკამენტები, მალამოც, ორი ფირფიტა და უნდა დადგინდეს რა მედიკამენტია. ექსპერტიზა დაადასტურებს თუ არსებობს ინტოქსიკაცია, მაგრამ შეიძლება მიყვანონ ან შეუქმნან ადამიანს ისეთი პირობა რომ ეს ჩაიდინოს, ან ისე გაითამაშონ ვითომ თვითმკვლელობა იყო. ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ცოტა დრო მჭირდება, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. ვსწავლობთ ახლა ჩვენ ყველაფერს. მერწმუნეთ არავის არაფერი შერჩება. რაც შეეხება კომპანიას, სადაც ის მუშაობდა, უნდა ვნახოთ რა სამსახურია და რას ემსახურებოდა ეს კომპანია და უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი მის საქმიანობას. საკმაოდ წარმატებული და პროფესიონალი ადამიანი იყო, საფრანგეთში სწავლობდა.

ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა. ერთი მათგანია კომპანია "ზეგ", მეორე კომპანიის სახელი უცნობია. კომპანია "ზეგ"-ის ოფისში სამართალდამცავები რამდენიმე საათი მუშაობდნენ და ამოღებულია კომპანიიდან კომპიუტერები. თამარი ამ სამსახურში 3 წელი მუშაობდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც პროფესიით პროგრამისტი იყო, ბოლოს მუშაობდა კომპანიის თანამშრომლებისთვის ონლაინ სისტემის შექმნაზე, სადაც დასაქმებულები სამუშაო დროის დათვლას შეძლებდნენ. თუმცა ამ კომპანიის საეჭვო საქმიანობაზე ბევრი კითხვა არსებობს.

იხილეთ ასევე: "საეჭვოა, რომ მის "შემთხვევას" პროფესიასთან ჰქონდეს საერთო" - რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კურსელი სოციალურ ქსელში?

(სპეციალურად საიტისთვის)