გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს - კვირის პალიტრა

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ალავერდაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს.

ვათიაშვილის თქმით, დაკავებული ალავერდაშვილი დაზარალებულს იცნობდა, თუმცა, მასთან რა სახის ურთიერთობა ჰქონდა, არ აკონკრეტებს.

"გუშინ წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამომერთვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. პირად საუბარში ბრალდებულმა რა მითხრა, ვერ მოაგხსენებთ", - აცხადებს ვათიაშვილი.

ზურაბ ალავერდაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

"ინტერპრესნიუსი"