"დედამისი ამბობდა, იარაღი არასოდეს გაუსვრია ჩემს შვილს და გამოყენებაც არ იცისო... მეუღლეს უნახავს დაჭრილი" - კვირის პალიტრა

"დედამისი ამბობდა, იარაღი არასოდეს გაუსვრია ჩემს შვილს და გამოყენებაც არ იცისო... მეუღლეს უნახავს დაჭრილი"

ამ დრომდე "ჯერარსის" კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია ადიგენის საზოგადოებრივი ცენტის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი, იგი ადიგენიდან თბილისში რეანომობილით, 22 ივლისს გადმოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ეზოში, დილით მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ბექას თოფი გაუვარდა.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ,  დილით ბექამ იარაღი მელიების მოსაკლავად გაიტანა სახლიდან და ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

"საშინელი ამბავია, ბექა გამორჩეული ბიჭია, არ ვიცით რა მოხდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბექა დილით საპირფარეშოში გავიდა და მერე უკან შემობრუნდა, მაგრამ იარაღი როდის გაიტანა ოჯახის წევრებს არ დაუნახავთ. დედამისი ამბობდა, იარაღი არასდროს გაუსვრია ჩემს შვილს და გამოყენებაც არ იცისო. განადგურებულია მთელი ოჯახი. სანადირო "გეკოს" ტიპის იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი. სოფელში არავის სჯერა, რომ ბექამ თვითმკვლელობა სცადა. ეს რატომ უნდა გაეკეთებინა?! ძალიან წარმატებული ბიჭია, ოჯახი ჰყავს, მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. გასროლის ხმა გავიგეთ მეზობლებმაც, მერე ოჯახის წევრების ყვირილზე შევედით, დახმარებას ითხოვდნენ და ეს ამბავი გავიგეთ. ღმერთს ვთხოვთ გადარჩეს. თურმე მეუღლეს უნახავს საპირფარეშოში, გოგო შოკშია",- ამბობს გოგრიჭიანის მეზობელი.

ოჯახი სოფელ მლაშეში ცხოვრობს, ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ მლაშეში. ისიც დადებითად ახასიათებს ბექა გოგრიჭიანს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს უბედური შემთხვევა იყო.

"რაც გავრცელდა იმაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს. სამწუხაროდ, კრიტიკულად მძიმეა მისი მდგომარეობა. გიდასტურებთ, რომ მეუღლემ იპოვა დაჭრილი, სავარაუდოდ გაუვარდა თოფი, დილის საათებში მოხდა ეს ამბავი. ბექა ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული პიროვნებაა, მასზე ცუდის მთქმელი არავინ არის, არც კონფლიქტური იყო. საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა, მშობლებთან და თავის ცოლშვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მითხრეს, ის სანადირო თოფი გაფორმებული იყო".

დაჭრილი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება იქ აღმოუჩინეს, მაგრამ რადგან მდგომარეობა მძიმე იყო, ის რეანომობილით თბილისში, "ჯერარსის" კლინიკაში გადაიყვანეს. "მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უგრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება",- ამბობენ კლინიკაში.

(სპეციალურად საიტისთვის)