"არ არის გამორიცხული, რომ ეს თვითმკვლელობის ინსცენირებაა და გოგონა მართლაც მოკლეს"
"არ არის გამორიცხული, რომ ეს თვითმკვლელობის ინსცენირებაა და გოგონა მართლაც მოკლეს"
"თამუნა პერსპექტიული და ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო, მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა. არ ჰქონდა სტრესი და ფინანსური პრობლემები, სუიციდი რომ გადაეწყვიტა"

18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მანქანა გაშლილ ადგილას, თეთრი წყაროს ტყეში, სოფელ მაწევნის მიდამოებში იდგა. ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, გვამის შეფერილობისა და მდგო­მარეობის მიხედვით, ნათელია, რომ გოგონა რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის აზრით, მისი შვილი მოკლეს და
ამბობს, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება. ბატონი ჯუმბერი ერთ მნიშვნელოვან დეტალს ამბობს, რომელიც შესაძლოა გამოძიების გასაღებს წარმოადგენდეს, - ადამიანმა, რომელსაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნასთან კავშირი ჰქონდა, უთხრა, რომ მის შვილს "დიდი პრობლემები აქვს".

სამართალდამცველებმა ავტომანქანის სალონიდან თამარის ჩანთაში გულის და წნევის მარეგულირებელი საშუალებების ცარიელი ფირფიტები
ამოიღეს. ასევე ამოღებულია გოგონას ხელჩანთა დოკუმენტებით, წყლის ბოთლი, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის პულტი. ავტომანქანის ყველა კარი დაკეტილი, ხოლო ფანჯრის მინები აწეული იყო.

ვინ იყო 23 წლის გოგონა


თამარ ბაჩალიაშვილი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა: შპს ZEG-ში, საიდანაც გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე წამოვიდა, და SpryFlash-ში­ - ავსტრიულ კომპანიაში, რომლის საქმია­ნობა, ოფიციალური ინფორმაციით, ZEG-ის მსგავსად, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას (IT) უკავშირდება. როგორც ავსტრიული კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, თამართან კონტრაქტი თებერვლიდან შეწყვიტეს.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია ZEG-ის მთავარი სერვისი პროგრამული პაკეტების შედგენაა, მისი ოფიციალური მისამართია ჭავჭავაძის #15. კომპანიას ოფიციალური ვებგვერდი არა აქვს. როგორც გავარკვიეთ, მას ოფისი რუსეთშიც აქვს. თამარის მეორე სამუშაო ადგილად მითითებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიული კომპანია SpryFlash-ის მთავარი სერვისიც მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამირებაა.
ითქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი იყო და ოჯახში სამსახურსა და თავის საქმიანობაზე არაფერს ჰყვებოდა, არც ის გაუმხელია, რამდენი ჰქონდა ხელფასი. პროგრამისტი გოგონა ერასმუსის პროგრამით ინფორმატიკას საფრანგეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ რენში გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში სწავლობდა. 2016 წლიდან ამ დრომდე იყო ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტი. 2020 წელს უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამართულ საფაკულტეტო კონფერენციაზე მისი მოხსენების თემა იყო "ვებაპლიკაციები კომპანიების შეფასებისთვის".

ოჯახის ვერსია


18 ივლისს, შაბათ დილას, დაახლო­ებით 10:00 საათზე, თამარი სახლიდან იმ დროს გავიდა, როცა შინ არავინ იყო. დედამ შვილთან დაკავშირება 14:00 საათისთვის სცადა, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. ოჯახმა პოლიციას იმავე დღის საღამოს 20:00 საათზე განცხადებით მიმართა. სახლიდან, ფონიჭალიდან დაახლოებით 10:00 საათზე გასული თამარის ნაცრისფერი "ჰიუნდაი" სათვალთვალო კამერებმა 12:00 საათზე მარნეულში დააფიქსირეს, შემდეგ ხაიშში, ბოლოს კი გოგონა სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

სოფელ გოლთეთის მკვიდრი: "იმ დღეს სოფელ გოლთეთში 2 უცხო ავტომანქანა შემოვიდა, სხვა არავინ გვინახავს. ერთში, "ჰიუნდაიში" ის გოგონა მარტო იჯდა, მეორეში კი ორი გოგონა შენიშნეს. "ჰიუნდაის"" მძღოლი სოფლიდან გასასვლელს ეძებდა, არაფერი უკითხავს, მანქანა მოაბრუნა და წავიდა. ერთმა მეზობელმა ისიც თქვა, მანქანის საბურავი დაღმართზე თხრილში ჩაუვარდა, დავინახე და დასახმარებლად გავემართე, მაგრამ რომ მივუახლოვდი, ამოაღწია და სწრაფად წავიდაო".

ოჯახმა არ იცის, რატომ იმყოფებოდა მათი შვილი ამ ტერიტორიაზე, სადაც არც ნათესავი ჰყავთ და არც მეგობარი. თამარის მამა არ გამორიცხავს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა, მის სამსახურს უკავშირდება, საიდანაც ხშირად აღელვებული ბრუნდებოდა. მამა ჰყვება, რომ შვილის სამსახურში ამბის გასარკვევად ადრეც მივიდა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ თამუნა თავს არ მოიკლავდა და ვერსია, რომ თავის მოსაკლავად წნევის დამწევი წამლების დიდი დოზა დალია, სიცრუეა. მამის მტკიცებით, გოგონა ფსიქოლოგიური შანტაჟისა და ზეწოლის მსხვერპლია...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, 24 ივლისს კი საქმეში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა, ხოლო გოგონას მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.
ოჯახის ადვოკატს პროკურატურამ საქმის­ მასალების გაცნობის საშუალება მისცა, საინტერესოა, რა ინფორმაციას შეიცავს გოგონას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე.

"იბადება ბევრი კითხვა"


მიხეილ რამიშვილი, ოჯახის ადვოკატი:

- დეტალურად უნდა გავეცნო მტკი­ცე­ბულებებს, რის შემდეგაც კითხვები და სრული სურათიც მექნება, რა იქნება საჭირო, რა უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდეს.

- რა იკვეთება - სუიციდი, მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა?
- დადასტურებული პასუხი მაშინ გვექნება, როცა ექსპერტიზის დასკვნას მივიღებთ.

- იზიარებთ თუ არა შსს-ს განცხადებას, რომელიც გარკვეულწილად ამყარებს თვითმკვლელობის ვერსიას? საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გოგონა ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობდა და მის მანქანაში გარკვეული პრეპარატები აღმოჩნდა...
- ამ ვერსიას არ ვიზიარებ. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ იმაზე მინიშნება, რომ გოგონას თითქოს ფსიქოლოგი ჰყავდა, რას ნიშნავს? ფსიქოლოგი მსოფლიოში თითქმის ყველას ჰყავს და ეს არ ნიშნავს, რომ პოტენციური თვითმკვლელია. შსს იქვე ახსენებს წერილს, მაგრამ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი ასეთი შინაარსის არ არის, სხვა ჩანაწერებთან ერთად ფერად ფურცელზე ეწერა: "გამოიყენეთ ანგარიშიდან ანაბარი", მაგრამ გაურკვეველია, ვინ არის ადრესატი, რომელ ანაბარზეა ლაპარაკი. წერილსა და ასეთ ჩანაწერს შორის დიდი განსხვავებაა. თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება. ადამიანმა შეიძლება ფსიქოლოგიური ზეწოლით მიაღწიოს ამას. მაინც ვფიქრობ, ეს არის გადაფარვის მცდელობა, თითქოსდა პოლიცია ყველაფერს აკეთებს. პოლიციას თავის დროზე შეეძლო გოგონას მოძებნა. ხაიშიდან მანქანის ლოკაციის ადგილი 10-15 კილომეტრით იყო დაშორებული და როგორ ვერ მოძებნეს? ეს ხომ არ იყო უღრანი ტყე, რომ ვერავის შეემჩნია? ამიტომაც იბადება ბევრი კითხვა.

გვამს დაზიანებები და სისხლნაჟღენთები იმის გამო არ აღმოაჩნდა, რომ სხეული ისეთ მდგომარეობაში იყო, შეუძლებელი­ იყო ხილული ტრავმის დანახვა.­ ისეთი რენტგენი გაკეთდა, რომელიც შაქარაშვილის ცხედრისთვის არ გადაუღიათ. ესე იგი, აქვთ ამის საშუალება, შაქარაშვილის ცხედარი მხოლოდ თითებით შეამოწმეს.
თავის დროზე რომ კარგად ემუშავათ, გოგონა ოპერატიულად ეპოვათ, გვამის მდგომარეობა უფრო მეტ ინფორმაციას მისცემდა გამოძიებას.

- ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ წამლის ორი ცარიელი ფირფიტა იპოვეს, რამაც შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვია. უშვებთ, რომ თვითმკვლელობის ინსცენირება იყოს?
- დიდი დოზით ბევრ წამალს შეუძლია სიკვდილის გამოწვევა, მაგრამ საინტერესო ის არის, გოგონა თავს იკლავდა, ამდენი აბი დალია და მერე ცარიელი ფირფიტები აკურატულად ჩააწყო კოსმეტიკის ჩანთაში? ვიმეორებ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ, არ მომწონს გამოძიების ფორმულირება და პირდაპირი მიმართულების მიცემა. არ არის გამორიცხული, თვითმკვლელობის ინსცენირებაა და გოგონა მართლაც მოკლეს.
გამოძიება ჯერ არ არის იმ დონემდე მისული და არც მტკიცებულებებია სრულად გამოკვლეული, რომ საზოგადოება წინასწარ განაწყო, თვითმკვლელობააო და დასტურად მოიყვანო წერილი, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა და ა.შ. ეგრე სად არის?!

ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მარტო მკვლელობით არ ხდება. თვითმკვლელობამდე მიყვანა არ არის მკვლელობა? ამისთვისაც სასჯელია. ვინ, რატომ და რა გარემოებამ, ეს გამოსაკვლევი და დასამტკიცებელია. ექსპერტიზის პასუხები ბევრ რამეს გასცემს პასუხს.

"არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს"

კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა:

- თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას იმიტომ ვიზიარებთ, რომ თამუნას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი არა აქვს. ეს ამბავი, ალბათ, მაინც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თამუნა პერსპექტიული და ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო, მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა. არ ჰქონდა სტრესი და ფინანსური პრობლემები, სუიციდი რომ გადაეწყვიტა.



- ფიქრობთ, რომ თვითმკვლელობაში ვინმე ჩაერია?
- თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა. გოლთეთელებმა გვითხრეს, დაბნეული ჩანდა და ვიღაცას და რაღაცას ეძებდაო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა ადგილზე მერე მიიყვანეს...
- ვერ გეტყვით. ადვოკატი დეტალურად გვეტყვის ყველაფერს.

- ითქვა, რომ ახლობლებმა და პოლიციამაც ის ადგილები მოიარეს და მანქანა არავის შეუმჩნევია. ეს რაზე მეტყველებს?
- მეც ვიყავი იმ მიდამოებში. ის ისეთი ადგილია, შეუძლებელია მანქანის პოვნა ასე გაჭიანურებულიყო. თამუნას პოვნა თავისუფლად შეიძლებოდა თუნდაც, კვირადღეს, როცა 24-საათიანი ვადა გავიდა. როგორც ვიცი, რაღაც სიგნალებით შესაძლებელია გათიშული მობილური ტელეფონის პოვნაც, თუ სანომრე ბარათი არ არის ამოღებული.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჰქონოდა თამუნას საიდუმლო მასალებთან წვდომა?
- ის პროგრამისტი იყო. არ ვიცი, რამდენად გასაიდუმლოებული სამსახური იყო. ესეც გამოძიების დასადგენია.

- მამამ თქვა, ხშირად ტიროდაო. მშობლები არ ჩაეძივნენ მიზეზს?
- დედა ექიმია, მას არ გამოეპარებოდა ეს ამბავი. როდესაც თამარი გულჩათხრობილი იყო, დედა ძალიან განიცდიდა და ეკითხებოდა მიზეზს, ის კი პასუხობდა, ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი თამარი ვარ და ჩვეულებრივი სამსახურიაო. თუ არა სამსახური, სხვას რას მივაწეროთ? მას შეყვარებული არ ჰყავდა. რამდენიმე გულითადი მეგობარი ჰყავდა, გამოძიება მათაც გაესაუბრა და ისინი ხელჩასაჭიდს ვერაფერს ასახელებენ.

- თუ იცით, ფსიქოლოგი რატომ დასჭირდა?
- მიკვირს, ამხელა მნიშვნელობა რატომ მიანიჭეს ფსიქოლოგს ან თუნდაც აფთიაქში ნაყიდ წნევის მარეგულირებელ წამლებს? გადაჭარბებული დოზა საზიანოა, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით, კუჭში რა ნივთიერება აქვს, იყო თუ არა ინტოქსიკაცია და ა.შ. არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს. შეიძლება უკანა სავარძელზეც იმიტომ იყო, გვერდით ვიღაც ეჯდა, ესაუბრებოდა და მერე ის გადავიდა.
კამერებმა დააფიქსირეს, რომ მარტო იყო მანქანაში. სავარაუდოდ, დაიბარეს, ამა და ამ ადგილას მოხვალო. ძალიან მაინტერესებს მობილურის ჩანაწერები, ვის ესაუბრა ბოლოს.
გამოძიებამ ფსიქოლოგიც გამოჰკითხა და, ალბათ, ის ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

- ბოლოს რომელიმე მეგობარს ხომ არ გასაუბრებია?
- ერთმა მეგობარმა თქვა, ჩვეულებრივი თამუნა იყო, არავითარი პრობლემა, უბრალოდ, მითხრა, შაბათ-კვირას არ შემეხმიანო, დასვენება მინდაო.

- მისი სამსახურიდან იყვნენ სამძიმარზე?
- როგორც ვიცი, არა.

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა


გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ცენტრ "ემპათიის" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა მონაწილეობდა. დამოუკიდებელმა ექსპერტმა პირველადი დათვალიერების შემდეგ დასკვნა დაწერა, თუმცა ექსპერტი და ადვოკატი სიკვდილის მიზეზების დასადგენად კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.



მარიამ ჯიშკარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" დირექტორი: "შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო შეუძლებელი იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია. რაც შეეხება იმას, მკვლელობა იყო თუ არა, პასუხი ჯერ ვერ გაიცემა. ჯერ ჩატარდა მხოლოდ პირველადი დათვალიერების ექსპერტიზა. შემდგომ ჩატარდება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. გამოძიების მასალები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ექსპერტებისთვის და მხოლოდ შემდგომ დაიწერება სრულყოფილი დასკვნა.

ჩვენი ექსპერტის დასკვნით და პირველადი დათვალიერებით, გამოხატული ხილული ტრავმული დაზიანების კვალი არ ყოფილა. რენტგენოსკოპიული კვლევით დადგინდა, რომ არც ცეცხლსასროლი და არც ცივი იარაღი არ არის გამოყენებული, რასაც სიკვდილი შეეძლო გამოეწვია. ჩვენი ექსპერტი ამ ეტაპზე ამას გამორიცხავს. თუმცა­ ის ვერ გამორიცხავს ძალადობას - ფიზიკურს და ფსიქოლოგიურს. როცა შსს-მ­ განაცხადა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობა, ალბათ, ფიზიკური ძალადობრივი სიკვდილის კვალი იგულისხმეს. ძალადობა არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ეს არის განსხვავება ჩვენს მიდგომებსა და ძველ მიდგომებს შორის. რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციას, საჭიროა კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა და საქმის მასალების გაცნობა. სხვა ვერსიებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.

სუიციდი მრავალი სახის არის, არის სუიციდამდე მიყვანაც, რაც ძალადობას გულისხმობს. ველოდებით ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რა გახდა სიკვდილის მიზეზი. ძიება უფრო ოპერატიულად რომ წარმართულიყო, ცხედარს დროულად იპოვიდნენ, კომპიუტერსაც გახსნიდნენ და მიზეზებსაც დაადგენდნენ."

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება


"თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები შეტყობისთანავე დაიწყო. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი მანქანა დაფიქსირდა, არის სოფელი ხაიში. მთელი რესურსი დეტალურად შესწავლის მიზნით ამ ტერიტორიისკენ მიემართა. სამწუხაროდ, ამ ლოკაციაზე ვერ მოიძიეს მისი მანქანა, რადგან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით უკვე სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა გარდაცვლილის მანქანა, რომელიც შემთხვევით გავლილმა
არასრულწლოვანმა მწყემსმა დააფიქსირა.


პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გულის პრეპარატები, რაც გამოძიება დაადგენს, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ასევე, ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ დაჰკითხა. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი... გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები."

ექსპერტ-კრიმინალისტთა ვერსიები

"ვერ ვიტყვი, რომ გოგონამ თავი მოიკლა"

დავით კუხალაშვილი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი:

- აუცილებლად უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას - თუ რა სახის ინფორმაციას აგროვებდა კომპანია, ვინ იყვნენ შემკვეთი და დაინტერესებული მხარე. ამის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, არის კომპანიის საქმიანობა საეჭვო თუ არა. თუმცა არსებობს პრაქტიკა, რომ სხვადასხვა კომპანიას ხშირად იყენებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები. თვითონ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი და ხელმიუწვდომელია. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რეალურად ეს აბრაჰამ რეიხბახი (ZEG-ის მფლობელი) მაკოორდინირებელ რგოლს წარმოადგენდეს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურსა და კონკრეტულად ასეთ კომპანიას შორის. ასეთი კომპანიები ჩვენთან მრავლად არიან და მათ საკმარისი ხელმისაწვდომობა და საშუალებები აქვთ სადაზვერვო საქმიანობისთვის.

- გავრცელებული ინფორმაციით, მის ამერიკელ მფლობელს 34 კომპანია აქვს სხვადასხვა ქვეყანაში...
- გამოდის, ეს არის მსხვილმასშტაბიანი ინფორმაციული (ინფორმაციის მომპოვებელი) ქსელი.

- პროგრამისტს შეეძლო საიდუმლო მასალებზე წვდომა ჰქონოდა?
- ეს გამოძიებამ უნდა თქვას, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო გარემოება ის არის, რომ გოგონამ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა და კომპანიის ხელმძღვანელს კი არა, მენეჯერს უკავშირდება. ეს არ არის მრავალრიცხოვანი კომპანია და გოგონას შეეძლო პირდაპირ ხელმძღვანელისთვის მიემართა. კატეგორიულად გამოვრიცხავ ვერსიას, რომ გოგონას გადატვირთვის გამო ჰქონდა დეპრესია (როგორც ოჯახი მიანიშნებს, რომ ნერვიულობდა და ტიროდა). შესაძლებელია მართლაც მიუწვდებოდა ხელი კომპანიის ბექგრაუნდზე. შესაძლოა ეს იყო ისეთი ინფორმაცია, რომელიც ზეწოლის მიზეზი ყოფილიყო.

"არა მგონია, შსს-ს ჰაერზე ეხსენებინოს წამლები და ფსიქოლოგი"

გიორგი ღლონტი, კრიმინალისტი:

- გამოქვეყნდა დასკვნა და ჩემი აზრით, გოგონამ 99%-ით თავი მოიკლა. ბიოლოგიური ექსპერტიზა დაადგენს, რა ნივთიერება აქვს სხეულში. იმის წინა პირობა, რომ ეს ბავშვი ფსიქოლოგთან დადიოდა, ჰქონდა დეპრესია, აფთიაქში ნაყიდი ჰქონდა წამლები, რაღაცაზე მეტყველებს. არ არის აუცილებელი, ფსიქოტროპული საშუალება იყოს, ბევრი დასახელების წამლის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ბიოლოგიური ექსპერტიზა იმ ნივთიერებასაც გამოავლენს და დოზასაც.

- სუიციდი არ ნიშნავს, რომ ვინმეს დანაშაული არ გამოიკვეთოს...
- ასეთი შედეგით დამთავრებული ყველა საქმე ერთი მუხლით აღიძვრება - თვითმკვლელობამდე მიყვანა. ეს არის კლასიკური ფორმულა მანამ, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება.

- რატომ აირჩევდა სუიციდს მიყრუებულ ადგილას, როცა ტყე მის დასახლებაშიცაა?
- ყველა ადამიანი ამას თავისებურად აკეთებს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 500 კაცი იკლავს თავს, მათგან ქალები ნაკლებია - 1/5, იზრდება არასრულწლოვნების სტატისტიკა (14-18 წლები). თვითმკვლელობის ხერხები განსხვავებულია. მამაკაცები უფრო სახრჩობელას და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ, ქალები წამლებს ან აივნიდან ხტებიან. არა მგონია, შსს-ს ჰაერზე ეხსენებინოს წამლები და ფსიქოლოგი. ადამიანი, რომელიც გონებრივად ბევრს მუშაობს, მისი ფსიქიკა უფრო ვალიდურია და პატარა ბიძგი სჭირდება, რომ ეს ჩაიდინოს.

- შსს-ს სამძებრო სამუშაოებზე რას გვეტყვით? როგორც ვიცით, გამორთული ტელეფონის საშუალებითაც ადგენენ ადამიანის ლოკაციის ადგილს...
- ცუდად იმუშავეს. მანქანით მოძრავი ადამიანის მოძებნა შედარებით ადვილია "ჭკვიანი კამერების" დახმარებით. გამორთული ტელეფონითაც შეიძლება დაკარგულის მიგნება, რადგან სიგნალებს­ იძლევა. რეაგირება უფრო სწრაფი უნდა ყოფილიყო.
ალექს
28 ივლისი 2020 15:01
სპეცსამასახურები ისე მისაწვდომად არ დებენ საიდუმო ინფორმაციებს, რომ მერე წითელი მანქანით სდიონ თეტრწყაროში მოსაკლავად პროგრამისტს !
=====
27 ივლისი 2020 14:43
დამაინტერესა ერთმა დეტალმა,რატომ მიმართა ოჯახმა პოლიციას შვილის დაკარგვის და ძებნის მოთხოვნით სახლიდან გასვლიდან იმავე დღის საღამოს 20სთ-ზე?! ზაფხულში საღამოს 20სთ ის დროა, რომ 23 წლის ახალგაზრდას ოჯახის წევრები პოლიციის მეშვეობით ეძებდნენ?!
დავითი
27 ივლისი 2020 14:08
ასეთი უმეცარი მოსაზრება, როგორც ბატონმა ღლონტმა გაგვიზიარა, დიდი ხანია არსად შემხვედრია. ჯერ ერთი, ნეტავ რას ნიშნავს "ვალიდური ფსიქიკა"? და მეორეც, ანუ ყველა ადამიანი ვინც გონებრივად მუშაობს პოტენციური თვითმკვლელია? ან საერთოდ, რა სტატისტიკა მოიყვანა, ან რა კონტექსტი იყო? უბრალოდ სამარცხვინოა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?