"გიორგი აღმოჩნდა ალყაში!" - კვირის პალიტრა

"გიორგი აღმოჩნდა ალყაში!"

მირიან ნიკოლაძე: "ტოიოტადან" გადმოსული მხეცებიდან სამი გაეკიდა ხიდის გასწვრივ და ჩაჰყვნენ ბურჯებამდე, ხოლო ორმა ხიდზე გადმოუსვლელად, მეორე მხრიდან ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე და წინ დახვდნენ

სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა 31 ივლისს დაინიშნა. დაიწყება არასრულწლოვანთა მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტის არსებითი განხილვა. პროკურატურამ სრულწლოვანთა მიმართ გამოძიების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. ალბათ, ამ ვადაში რამდენიმე ბრალდებულს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდებენ ბრალს.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" შესაბამისად, სავალდებულოა, მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არაუგვიანეს 40 დღისა, ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და საქმე არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში... ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას", - განმარტავენ პროკურატურაში.

გამოძიება გრძელდება. ისევ ხელმისაწვდომია საქმის ყველა ფურცელი და ყველა მოწმის ჩვენება. ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაჰკიდებიან. ამ ჩვენებაში, რომელიც საქმის მასალების ახალ, 22-ე ტომშია, ახვლედიანი ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე არ უნახავს. წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ახვლედიანი ამჯერად დეტალურად იხსენებს მომხდარს და დაწვრილებით ჰყვება, საიდან დაიკარგა შაქარაშვილის კვალი.

მთავარი მოწმის ახალი ჩვენება ანუ ვინ მისდევდა შაქარას?!

"გაჩერებისთანავე გაიღო მანქანის (იგულისხმება "ტოიოტას" - ავტ.) წინა და უკანა მარჯვენა კარი, რა დროსაც იქიდან გადმოვიდა ორი ასაკით ჩვენზე უფროსი, სრული, სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ და მივხვდი, მოდიოდნენ საცემად, რა დროსაც დავიძახე, გაიქეცით-მეთქი. როგორც შემდეგ არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟით, ასევე სოციალური ქსელით ამოვიცანი ეს პირები - არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. გაგნიძე იყო საშუალო სიმაღლის, ძალიან მკვრივი, სპორტული აღნაგობის, გამორჩეულად სქელი კისრით... რაც შეეხება რევაზიშვილს, ის იყო მაღალი, საშუალო აღნაგობის, წვერმოშვებული და გრძელი თმით... მათი გვარ-სახელები გავიგე საინფორმაციო გამოშვებებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია ამოცნობა... მე მოვტრიალდი, მაგრამ სანამ მოვტრიალდებოდი, დავინახე, რომ მანქანაში კიდევ იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა, ვინ იყვნენ, არ დამინახავს... მას შემდეგ, რაც მოვტრიალდი, გავიქეცი ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე. უკან მოგვდევდნენ ზემოთ ხსენებული მანქანიდან გადმოსული პირები გინებით. ჩვენ გავირბინეთ მდინარე არაგვის ხიდი დასავლეთის მიმართულებით და როდესაც გავედით ხიდის ბოლოში, გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ და გადავკვეთეთ გზის სავალი ნაწილი. გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ სირბილი განვაგრძეთ დასავლეთის მიმართულებით. როგორც ჩანს, ჩვენმა მდევრებმაც გადმოკვეთეს გამყოფი ზოლი და კვლავ მესმოდა მათი გინების ხმა. მე გავცდი გზის იმ ნაწილს, სადაც ხელმარჯვნივ განთავსებული იყო ბეტონის ფილები. ამ დროს ჩემ წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან, ახლოსვე, მორბოდა გურამ ამირხანაშვილი. ზემოთ ხსენებული ბეტონის ფილების დასრულების შემდეგ დავინახე, რომ მარჯვნივ საპირისპირო მიმართულებით, კონკრეტულად, თბილისის მიმართულებით ჩადიოდა მოასფალტებული მეორეხარისხოვანი გზა.

აღნიშნული გზა იყო ნაკლებად განათებული და მოჩანდა ბუჩქნარი. გადავწყვიტე, რომ მდევრებისგან დასამალად უფრო ხელსაყრელი იყო იქ ჩასვლა და ბუჩქნარში დამალვა, რის გამოც მყისიერად გადავუხვიე ხელმარჯვნივ. ზემოთ ხსნებულ გზაზე, ვინაიდან გადახვევისას მომიწია ჩასვლამ ციცაბო ჩასასვლელზე, ჩავცურდი და გავიქეცი დაღმართზე თბილისის მიმართულებით. წამიერად ჩემი თვალთახედვის არიდან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი, თუმცა როდესაც ხსენებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე, თუმცა მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით. ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს. მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის ახალგაზრდები. ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე. ამ დროს დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალი საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც. გზის ეს მონაკვეთი იყო ნაკლებად განათებული და ვივარაუდე, რომ მდევრები ვერ დაინახავდნენ გზიდან ჩემს გადახვევას. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, იქვე შევუხვიე მარცხნივ და დაახლოებით ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამავე დროს, გავიგონე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფარნები. ჩემი დამალვიდან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, მესმოდა რამდენიმე პირის გინების, სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ხმაური შეწყდა, თუმცა შემდეგ კვლავ განახლდა. ამ გარემოებით უკიდურესად შეშინებული ვიყავი, რის გამოც სამალავიდან არ გამოვსულვარ. ამ პერიოდში მობილური ტელეფონით ვუკავშირდებოდი ჩემს მეგობრებს, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი ნაცემი და ვთხოვდი ჩემს წაყვანაში დახმარებას".

გამომძიებლის კითხვაზე, რით ხსნის წინანდელ გამოკითხვასთან შედარებით ახლა მეტი დეტალის დაზუსტებას, ახვლედიანი პასუხობს, რომ მაშინ აღელვებული იყო.

"პირველი განმარტება მოცემული მაქვს შემთხვევიდან მეორე დღეს, რა დროსაც ვიყავი ემოციურად აღელვებული, ნაცემი და უძილო. რაც შეეხება მეორე გამოკითხვას, ვიყავი ძალზე აღელვებული, ვინაიდან ახალი გამოვლენილი იყო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი. ამ ემოციურ ფონზე მოვყევი ყველაფერი, რისი გახსენებაც იმ ეტაპზე შევძელი. მას შემდეგ გასულია დაახლოებით ერთი თვე და ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ვფიქრობ 18-19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, აღვიდგინე ის დეტალები, რომლებიც დამატებით მოგახსენეთ".

ჩვენი ინფორმაციით, ეს ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. როგორც შევიტყვეთ, კიდევ ერთმა მთავარმა მოწმემ მისცა დამატებითი ჩვენება და დეტალები აღწერა. ამ ჩვენებების გაცნობის შემდეგ არსებობის უფლება აქვს ერთ-ერთ გავრცელებულ ვერსიას. ვარაუდობდნენ, რომ შაქარაშვილს უკან მისდევდა ორი პირი, როგორც ჩანს, დანარჩენებმა გზა მეორე მხრიდან გადაკვეთეს და მსხვერპლს წინ შეეჩეხნენ. ეს ჩვენებები, სავარაუდოდ, დაეხმარება გამოძიებას, რომ "ტოიოტადან" გადმოსულ ხუთ პირს მაინც დაუმძიმდეს ბრალი და ისინი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ამხილონ. ცნობილია, რომ მეექვსე პირი, ვინც საჭესთან იჯდა, მანქანიდან არ გადმოსულა, დანარჩენები კი ფეხბურთელს დაედევნენ.

რა დეტალებს ააშკარავებს ახალგაზრდების მიმოწერები

საგამოძიებო უწყებაში ხელახლა იბარებენ მოწმეებს და ამჯერად წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდების სოციალური ქსელებით მიმოწერებს ამოწმებენ. ამ მიმოწერებით ბევრი საყურადღებო დეტალი გაცხადდა. მართალია, ახალგაზრდები ამტკიცებდნენ, რომ მომხდარზე არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მიმოწერებიდან ჩანს, რომ ერთმანეთთან არკვევდნენ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო დაკარგული შაქარაშვილი.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იუბილარ ანა გაბეჩავას მიმოწერის გამოქვეყნებამ, რადგან თავდაპირველად ის ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ არ იცოდა, რა მოხდა იმ დღეს. ამ კომენტარების შემდეგ ანი გაბეჩავამ "ფეისბუკით" გაავრცელა მიმართვა: "...პირველი ადამიანი, ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას. გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რათა წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა, რომ გამერკვია, თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო: 1. მარტოს არ მსურდა წასვლა; 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა, რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება..."

"საქმის მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილი არიან ამის ჩამდენი პირებიც"

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ახალგაზრდების მიმოწერებმა და ჩვენებებმა გამოააშკარავა მეტი დეტალი, რაც გამოძიებას საბოლოოდ მიიყვანს სიმართლემდე.

- საქმის მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილი არიან ამის ჩამდენი პირებიც, ამის მიუხედავად, მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს. მივეჩვიეთ იმასაც, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათ მიერ დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის გაფუჭების ყოველდღიური მცდელობა?!

იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა ჩემთვის წლების წინ გადატანილი სანახაობაა და მათ დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ. რატომ ცდილობენ დამნაშავეებისათვის ხელშეწყობას - ეს უმარტივესი პროცესუალური ხრიკია, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტოლოგი თუ ნაფტალინჩამოფერთხილი პოლიტიკოსი მე რომ მსაყვედურობს, რა გინდა, იძიონ თავისთვის, შენ რას გიშლიანო, უხერხულია.

ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და "გამოააშკარავეს" ვიღაც მოწმე, რომელსაც, თურმე ნუ იტყვით, საკუთარი ყურით დაწვრილებით მოუსმენია, როგორ გადააგდეს გიორგი ხიდიდან და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს. ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, აგერ, ბატონო, ვიდეოკამერები და გამოიძიეთ, რა უბედურება ხდებაო. ამ დროს რა ხდება? ამოღებული რამდენიმესაათიანი ვიდეოფირები, რომლებზეც არაფერი ხდება და უნდა თუ არა, სასამართლომ ბრალდებულების მხარის მოთხოვნით სრულად უნდა გამოიკვლიოს. მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი. გაამრავლეთ ახლა ეს დრო იმ ვიდეოფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10%-საც კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეოფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე. ამასობაში დანარჩენ მტკიცებულებებს რა ეშველება? ვიღაც ქმნის საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა და დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ. გაგიკვირდებათ და, მოწმე ქალბატონი აცხადებს, რომ ამის სათქმელად ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო "ბოტასას" ტელეფონს. შემდეგ ამავე "ბოტასას" რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც გახსენებია. კატეგორიულად ვამბობ, ამის გამკეთებლები ბრალდებულთა ინტერესების სასარგებლოდ მუშაობენ!

- ვხვდები, რომ ვარკეთილში, 105-ე სკოლასთან გამოჩენილ მოწმეს გულისხმობთ. როგორც გავარკვიეთ, ეს ქალბატონო ახლა სამეგრელოშია. ამ მოწმის ჩვენების არ გჯერათ? - სკოლის მიმდებარედ ფირები ამოღებულია, უამრავი საათია გაშიფრული, მაგრამ არაფერი ხდება. დგინდება, რომ ეს ჩვენება სისულელეა. ამდენს როგორ უნდა გაუძლო!

- მოწმეები ხელახლა დაიკითხნენ. მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის?

- გიდასტურებთ, რომ ორმა მნიშვნელოვანმა მოწმემ დააზუსტა თავისი ჩვენებები, აღწერა დეტალური გარემოებები, მიუთითა კონკრეტულ პირებზე, რამაც მიგვაახლოვა იმასთან, რასაც ვამბობდით - აღნიშნული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგის და ამის შემდეგ მოკლეს. ვინც წერა-კითხვა იცის, ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, იოლად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ "ტოიოტადან" გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი გაეკიდა ხიდის გასწვრივ და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა ხიდზე გადმოუსვლელად, მეორე მხრიდან, ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე და წინ დახვდნენ, გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა, სირბილით გაეგრძელებინა გზა მდინარე არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. აქ დაეწივნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში გადააგდეს.

- საყურადღებო იყო იუბილარის და სხვების მიმოწერები. ირკვევა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. ამ მიმოწერებზე რას იტყვით? - ეს მესიჯები ისეთი მეტყველია, რეალობას მკაფიოდ დაგანახებს, თუმცა ამ მიმოწერით უშუალოდ მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით რაიმე არ დადგენილა.

- ხომ არ გამოჩნდა საქმეში ისეთი მოწმე, რომელიც კონკრეტულ პირს ამხელს გიორგის ცემაში ან მკვლელობაში? - ასეთი ფაქტი არ გვაქვს და, ალბათ, ისე დამთავრდება გამოძიება, ვერც ვიპოვით, ამის თვითმხილველები, სამწუხაროდ, დანაშაულის ჩამდენი პირები არიან და ისინი დანაშაულს არ აღიარებენ, სხვა კი ვერავინ ვერაფერს იტყვის, ვინაიდან ახვლედიანი და ამირხანაშვილი ბუჩქებში დაიმალნენ და თავდამსხმელებისგან თავი დაიცვეს. თუმცა ექსპერტიზასაც ველოდებით.

კონკრეტულად ვინ რა როლს ასრულებდა, ამას გამოძიება დაადგენს, თუ არადა, მათ ბრალი წარედგინებათ ჯგუფურ დანაშაულში გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

- ექსპერტიზის რომელიმე ახალი დასკვნა ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი?

- ექსპერტები გამალებით მუშაობენ... შემთხვევის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს, ეცნობიან მასალებს, ჩვენ კი ველოდებით დასკვნას.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ექსპერტის ჩანაწერმა. ამაზე რას იტყვით? - განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ საკუთარი მიზნებისათვის სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, "ბოტასასა" და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება ბოლოს მხოლოდ დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში წარედგინებათ დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის? თქვენ იმედს ექსპერტიზაზე ამყარებთ, ეს დასკვნა იქნება კატეგორიული? - კომისიურ ექსპერტიზაზე 14 კითხვაა დასმული. შესაძლოა, ყველა კითხვაზე არ იყოს კატეგორიული პასუხი, მაგრამ ვთვლი, რომ პასუხები ბრალდებისთვის საკმარისი იქნება. საქმეს ყოველდღიურად რაღაც ემატება, მთავარია, გამოძიების ვადაში მოესწროს. Iიმედი მქონდა, გააცნობიერებდნენ, რამხელა დანაშაული ჩაიდინეს და ზუსტ ჩვენებას მისცემდნენ, მაგრამ... თუ ცხოველები არ არიან, ეს უნდა გააკეთონ - სასჯელს მაინც ვერც ერთი ვერ ასცდება!

მიმოწერები ძალიან მეტყველი იყო. იუბილარიც კი კითხულობს, ესენი იქ როგორ მოხვდნენო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორმა ადამიანებმა ჩაიდინეს მკვლელობა! მათ, ვინც იქ არავის მიუწვევია, მაგრამ დაუპატიჟებლად მივიდნენ და ეს მოაწყვეს!

- ჭირისუფალი ისმენს იმ ამბებს, რაც ტელევიზიებით შუქდება. რა რეაქცია აქვთ?.. - სანამ ამ ყველაფერს გააანალიზებდნენ, ყოველღამე ლამის მიკვდებოდნენ.

როგორია, უსმინო უდანაშაულოდ მოკლული შვილის გაკვეთის ამბავს, წყლიდან ამოყვანის ამბავს... ეს მხეცები ამას თავიანთი ინტერესების გამო აკეთებენ, თუმცა, რაც ეს მოგზაური გამოჩნდა საქმეში როგორც ექსპერტი, აღარაფერი მიკვირს.

ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ყველაფერი უკვე გამოაშკარავებულია!