ვიდეოფირი, რომელმაც განუკითხაობას ფარდა ახადა!... - კვირის პალიტრა

ვიდეოფირი, რომელმაც განუკითხაობას ფარდა ახადა!...

სასამართლომ თავის მართლება სცადა, თუმცა...

თემის გაგრძელება

"რომ არა ვიდეოფირი, რომელიც "კვირის პალიტრამ" გაავრცელა, საქმე გაუხსნელი დარჩებოდა, უდანაშაულო კი - დასჯილი?"

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში დაბეჭდილი მასალის - "მამხილებელი ფირი" - შემდეგ შს სამინისტრომ სწრაფი რეაგირება მოახდინა და (თუ ყველა მსგავს დანაშაულზეც მყისიერი რეაგირება იქნება, მხოლოდ მივესალმებით) გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მოგეხსენებათ, ძმებ ლაშა და ბაქარ ლუტიძეებს ბრალად ედებოდათ ხულიგნობა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ლუტიძეები დააპატიმრეს, მოგვიანებით კი ისინი საქალაქო სასამართლომ ბრალეულად ცნო და 400-400 ლარით დააჯარიმა. ჩვენ მოვიპოვეთ ლუტიძეების დაკავების ამსახველი სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ძმებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ. ასე რომ, პოლიციელების უკანონო ქმედება დადასტურდა.

ორგანოებიდან დაითხოვეს: შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს ორი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; ჩამოაქვეითეს შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე და სასტიკი საყვედური გამოუცხადეს შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს.

გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილების კვალდაკვალ ძმები ლუტიძეები სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. მას შემდეგ, რაც გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელების დანაშაული აღიარა და სააპელაციო სასამართლომაც გამოიტანა ძმები ლუტიძეების გამამართლებელი განაჩენი, საქალაქო სასამართლოს ისღა დარჩენოდა, განმარტება გაეკეთებინა.

სასამართლოს განცხადებით, "საქმის განხილვისას ბაქარ და ლაშა ლუტიძეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს ისეთი სახისა და შინაარსის მტკიცებულება (მტკიცებულებანი), რომლებითაც დადასტურდებოდა მათი ახსნა-განმარტებების სისწორე. ამიტომაც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეზიარებინა ბაქარ და ლაშა ლუტიძეების ახსნა-განმარტება, რადგან ივარაუდებოდა(!), რომ ასეთი შინაარსის განმარტებანი მიზნად ისახავდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, ამ ორგანოს მოხელეებს, კანონით აქვთ მინიჭებული საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესებისა და კანონის დაცვის უფლებამოსილება. ეს უკანასკნელი საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იყვნენ მიუკერძოებელი, იმოქმედონ კეთილსინდისიერად და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი გამოიყენონ კანონის ფარგლებში.

ამ უფლებამოსილებათა მიხედვით ივარაუდება, პოლიციის მოხელე მოქმედებს კეთილსინდისიერად და რომ მას აქვს შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბაქარ და ლაშა ლუტიძეების საქმის განხილვის დროს სასამართლო უპირველესად დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებსა და წარმოდგენილ დოკუმენტებს. სასამართლომ არ გაიზიარა ბაქარ და ლაშა ლუტიძეების ახსნა-განმარტება, რადგან მათში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი არ იყო დადასტურებული შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებებით" (სტილი დაცულია).

საქალაქო სასამართლოს განმარტებამ არა მარტო პოლიციაში არსებული ნაკლოვანებები, არამედ სამართლიანი სასამართლოს არსებობა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ. ის, რომ მოსამართლეები უპირობოდ ენდობიან სამართალდამცველთა სიტყვიერ განმარტებებს და გულისხმობენ, რომ პოლიციელები უფრთო ანგელოზები არიან და კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩაიდენენ, არ ითხოვენ დამატებით მტკიცებულებებს ჭეშმარიტების დასადგენად, ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ მწვავე პრობლემებზე მეტყველებს.

სოსო ბარათაშვილი, იურისტი: "როგორც ვიცი, მოსამართლე მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო და არ გაიზიარა დაკავებულების ახსნა-განმარტებები. მოსამართლეს პოლიციელის ჩვენების გასამყარებელი სხვა მტკიცებულებებიც არ ჰქონია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო დეტალურად შეესწავლა ყველაფერი და არა უპირობოდ გაეზიარებინა პოლიციელების სიტყვიერი ახსნა-განმარტება. ვიდეოჩანაწერმა ფარდა ახადა იმ განუკითხაობას, რაც სასამართლოში ტრიალებს. ასეთ პროცესებში მიმიღია მონაწილეობა და სასამართლო ყოველთვის იზიარებდა პოლიციელების სიტყვიერ ჩვენებებს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე".

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ იამაყა ქვეყანაში არსებული ნულოვანი ტოლერანტობით, მაგრამ ამავე დროს პოლიციელთა მიერ ჩადენილი ქმედებები საკმაოდ მძიმეა. აშკარაა, მათ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ცრუჩვენება მისცეს სასამართლოს და ა.შ. საინტერესოა, ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში, როგორ მოხდა, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენები მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მხოლოდ ჩამოაქვეითეს (ის გლდანის პოლიციაში უფროს დეტექტივ-გამომძიებლად დანიშნეს(?!). საინტერესოა, რა სასჯელს არგუნებდნენ ჩვეულებრივ მოკვდავს მსგავსი დანაშაულისთვის? რატომ ეხება ნულოვანი ტოლერანტობა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, როცა კანონის წინაშე ვალდებულება ყველას ერთნაირად გვაკისრია?

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: "მართალია, ლუტიძეების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური სანქციები დააწესა, მაგრამ გენინსპექციას ევალებოდა ამ საქმის მასალები მთავარ პროკურატურაში გადაეგზავნა. სწორედ მთავარ პროკურატურაში უნდა მისცემოდა სამართლებრივი შეფასება პოლიციელების ქმედებას. ხომ აშკარაა, რომ მათ უკანონოდ დააკავეს მოქალაქეები, გადაამეტეს უფლებამოსილებას? დანაშაულთა ერთობლიობით მინიმუმ 9-9-წლიან სასჯელს იმსახურებდნენ, რადგან მათ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად ჩაიდინეს დანაშაული. რომ არა ის ვიდეოფირი, რომელიც "კვირის პალიტრამ" გაავრცელა, საქმე ხომ გაუხსნელი დარჩებოდა, უდანაშაულო ადამიანები კი - დასჯილი?

მიუხედავად იმისა, რომ გენინსპექცია არ აპირებს ამ საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, პროკურატურა ვალდებულია თავად დაიწყოს საქმის გამოძიება.

ძალზე საეჭვო და ეშმაკური გადაწყვეტილება გამოიტანა სააპელაციო სასამართლომ. მართალია, ლუტიძეები გაამართლეს, მაგრამ გადაწყვეტილებაში ლაპარაკიც კი არ არის პოლიციელთა ბრალეულობაზე. არც ის წერია, რომ პოლიციელებმა ამ პირებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. დადგენილებაში მხოლოდ ის წერია, რომ თითქოს ლუტიძეები იმიტომ გაამართლეს, რომ პოლიციელების მტკიცებულებები არასაკმარისი იყო ბრალდებულების გასამტყუნებლად.

ეს არის ხრიკი, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ მიმართა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ლაპარაკი პოლიციელების ბრალეულობაზე.

ცინიკურია საქალაქო სასამართლოს განმარტებაც. გაგონილა, სასამართლო ცდილობს დაფაროს თავისი დანაშაული, ლუტიძეებს საყვედურობს, საკუთარი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცეთ და ჩვენი რა ბრალიაო? თუმცა საკითხავია, ლუტიძეებს ფირის ამოღება და წარდგენა რომ მოენდომებინათ, სასამართლო მიიღებდა მტკიცებულებად?

ახალი ამბავი არ არის, რომ სასამართლო მოწმეების ჩვენებებსა და წარდგენილ ფირებს ხშირად არც ითვალისწინებს. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ვეტერანების საქმე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვეტერანების უდანაშაულობის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა, ვიდეოფირი თუ მოწმეთა ჩვენებები, სასამართლომ განაცხადა, ეს მტკიცებულებები არ მაინტერესებსო (სხვათა შორის, ვეტერანთა საქმე და ლუტიძეების საქმე ერთმა და იმავე მოსამართლემ, თეა თადაშვილმა განიხილა).

ვეტერანთა საქმეში მოსამართლემ არ გაიზიარა არც ერთი მტკიცებულება, არ დაჰკითხა მოწმეები, არ დაინტერესდა იმ ვიდეოფირით, რომელიც წარვადგინეთ და ახლა ლუტიძეებს აქეთ საყვედურობენ, მტკიცებულება ვერ წარმოადგინეთ და ამიტომ გცანით დამნაშავედო? სიმართლე ის არის, რომ სტანდარტულად იწერება დადგენილებები და ცალმხრივად იზიარებენ პოლიციელების ჩვენებებს. თუ რამდენად დამაჯერებელია ისინი, მგონი, ამ საქმით ნათელია. გამოჩნდა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს სასამართლოში მსჯავრი წინასწარ აქვთ გამოტანილი, რადგან პოლიციელი განუსაზღვრელი უფლებებით მოსარგებლე პირია, რომლის ლიტონი სიტყვაც სასამართლოსთვის ფასდაუდებელია.

ამჯერად, ძმები ლუტიძეების შემთხვევას დიდი სკანდალი მოჰყვა და მხოლოდ ამიტომ გაამართლეს, თორემ ფირებს და მტკიცებულებებს რომ ეყრდნობოდეს ჩვენი სასამართლო, განხილული 12000 სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ 7 გამამართლებელი განაჩენი არ იქნებოდა გამოტანილი".