თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის აეროგადაღების ჩანაწერი ამ დრომდე არ გადაუციათ - კვირის პალიტრა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის აეროგადაღების ჩანაწერი ამ დრომდე არ გადაუციათ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის აეროგადაღების ჩანაწერი ამ დრომდე არ გადაუციათ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მიხეილ რამიშვილი აცხადებს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებას 3-დღიანი ვადა აქვს და მიუხედავად აღნიშნული ვადის გასვლისა, მისთვის ჩანაწერები არ მიუციათ.

მიუხედავად ჩემი მოთხოვნისა, სამძებრო სამუშაოების დროინდელ დრონის ჩანაწერებს ამ დრომდე ველოდები. საჯარო განცხადებებითაც იყო ნათქვამი და ოჯახსაც უთხრეს, რომ დრონი გამოყენებული იყო და საჭიროების შემთხვევაში, ვეტმფრენსაც გამოიყენებდნენ. მიუხედავად ამისა, ჩემი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის, არანაირი დრონის ჩანაწერები არ გადმოუციათ ჩემთვის. პროცესუალურად შუამდგომლობის დაკმაყოფილებას 3-დღიანი ვადა აქვს, მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობაც უნდა იყოს გათვალისწინებული. აღნიშნული ჩანაწერი საქმეში თუ დევს, პროკურატურას და გამოძიებას შეეძლო, ჩემთვის დაუყოვნებლივ გადმოეცა.

მე არამხოლოდ დრონის ჩანაწერებს, არამედ ვიდეოსათვალთვაო კამერის და სატელეფონო ჩანაწერებსაც ვითხოვ, რომელიც როგორც ჩანს, ამოღებული არ არის. მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ 2019 წლის 7 და 8 ნოემბერს ბავშვს ტელეფონი ჰქონია გამორთული, ეს იმას ნიშნავს, რომ 7 და 8 რიცხვის ამონაწერი თუ აქვთ, ახლანდელი სად არის? მხოლოდ დადგენილებებს და შუამდგომლობებს მაჩვენებენ. ეს რას ნიშნავს, რას აკეთებენ? მხოლოდ ჩვენებები არ არის ჩემთვის საკმარისი“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.