"ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს კობერიძესთან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია" - რას ჰყვება კომპანია ZEG-ის იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა? - კვირის პალიტრა

"ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს კობერიძესთან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია" - რას ჰყვება კომპანია ZEG-ის იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა?

კომპანია ZEG-ის გენერალური დირექტორი თამარ კობერიძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში. ეს ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ადვოკატი თქმით, თამარ კობერიძემ გამოძიებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. ZEG-ის იურისტი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის დროულად გახსნას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ მასში კომპანიის მაკომპრომეტირებელი არანაირი ინფორმაცია არ ინახება. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას სიკვდილი აღნიშნულ კომპანიას უკავშირდება, რომელიც პროგრამისტმა გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე დატოვა.

Ambebi.ge კომპანიის ადვოკატს ქეთი მირიანაშვილს ესაუბრა.

- რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას კომპანიის გენერალურ დირექტორთან?

- გამოკითხვა დიდხანს მიმდინარეობდა, მაგრამ კითხვები ძირითადად ტექნიკურ და სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა - როგორ ხდება თანამშრომლების მიღება, თამარმა კონკრეტულად სად გამოაგზავნა სივი, როცა 3 წლის წინ სამსახურში აიყვანეს, რომელი ჯგუფის ხელმძღვანელს რა ფუნქცია აქვს, რას საქმიანობს კომპანია და ა.შ.

- რატომ შევიდნენ სამართალდამცველები იმავე დღეს კომპანიის ოფისში, როცა გოგონა გარდაცვლილი იპოვეს?

- ვფიქრობ, ოჯახის განცხადებიდან გამომდინარე შევიდნენ - მათ თქვეს, რომ არ იცოდნენ სად, რომელ კომპანიაში მუშაობდა და რას საქმიანობდა თამუნა. ალბათ ამიტომაც გამოითქვა ეჭვები სამსახურთან დაკავშირებით.

- დიახ, ოჯახს მხოლოდ ეს ვერსია აქვს, უსაფუძვლოა მათი ეჭვი?

- ოჯახისაც მესმის, ასეთი ვერსია რომ აქვთ, ვინაიდან ზუსტად არ იცოდნენ, სად მუშაობდა და რას საქმიანობდა მათი შვილი. თუმცა სრულწლოვანი ადამიანი სამსახურიდან სად გაივლის, ყველას ხომ არ აყენებს საქმის კურსში? ლაპარაკობენ, სამსახურიდან მოდიოდა განერვიულებულიო. ასე დადასტურებულად იმის თქმა, რომ მაინც და მაინც იქიდან მოდიოდა ატირებული, არ შეიძლება. ჩვენ ხომ რეალობა არ ვიცით, მხოლოდ ვარაუდებია. ველოდებით ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ.

- კომპანიიდან ამოღებულ ტექნიკას თუ ჩაუტარდა ექსპერტიზა?

- პირველივე დღეს შემოვიდნენ, გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღეს ყველა თანამშრომლის კომპიუტერი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მასალა მოცულობითაც ბევრია. გამოძიებას ზოგადი კითხვები აქვს და ჩვენი მოთხოვნაა, რომ პირველ რიგში მოხდეს თამარის პირადი ტელეფონის და კომპიუტერის გახსნა, რომ ამის მიხედვით დაადგინონ იმ პირთა წრე, ან ის საქმიანობა იქნება, თუ სამსახური, რამაც შეიძლება რაღაცა გარკვეული მიმართულება მისცეს გამოძიებას.

- კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ როცა თამარის ლეპტოპი გაიხსნება, იქ მათი მაკომპრომატირებელი არანაირი მასალა არ აღმოჩნდება?

- რა თქმა უნდა, კომპანია დარწმუნებულია, რომ თამართან დაკავშირებით მსგავსი არაფერი იქნება. ამიტომაც არის, რომ პირველ რიგში ვითხოვთ, გახსნან თამარის კომპიუტერი. ის კითხვები, რომლებიც ჩნდება გაუგებრობის ბრალია. ძნელია ფართო საზოგადოებას აუხსნა, რას აკეთებს პროგრამისტი, როგორ იწერება პროგრამა, ძალიან ბევრი ამას ვერ გაიგებს. მეც იურისტი ვარ და ახლა ვერკვევი, ეს სფერო სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. გაუგებრობა რომ არის, ამიტომაა მერე არასწორი ინფორმაცია და ბევრი ჭორი რომ ვრცელდება - აი, სპეცსამსახურები, კიბერდანაშაული და ა.შ. ყველაფერს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და ამიტომ ვითხოვთ, დროულად გაიხსნას კომპიუტერი. აუცილებელია კითხვებს პასუხი გაეცეს, ვინაიდან კომპანიის ინტერესები რეპუტაციულად ილახება.

- ალბათ ეჭვს ისიც ბადებს, რომ გაურკვეველია კომპანიის საქმიანობა და როგორც ამბობენ, შენიღბულია, არ აქვს ვებსაიტი, გოგონა ასაიდუმლოებდა მის საქმიანობას და ა.შ. შესაძლებელია, ბაჩალიაშვილს ჰქონოდა წვდომა საიდუმლო მასალებზე, მაგალითად, კომპანიის ინტერესების დამაზიანებელ ინფორმაციასთან?

- არა, გამორიცხულია. შენიღბულში რას გულისხმობთ? ვებსაიტიც არის და რატომ ამბობენ, რომ ვერ პოულობენ? ეს ჩვეულებრივად, კანონის წესით რეგისტრირებული კომპანიაა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე არ მუშაობენ და ჰყავთ დამკვეთი - ამერიკული კომპანია (რომლისთვისაც წერენ პროგრამას), არ იყო აუცილებლობა, რეკლამა გაეკეთებინათ, ამის ინტერესი არ ჰქონიათ. ასევე, არის ასეთი პლატფორმა "ლინკდინი", რომელშიც თამარის გვერდზე თუ შეხვალთ, ორივე კომპანია უწერია, სადაც მუშაობდა. ის ვერსია, რომ მას საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა, არასწორია. კომპიუტერი გაიხსნება და ყველაფერი გამოჩნდება - რასთან ჰქონდა წვდომა, რა ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა, ან რა დაკვეთებს იღებდა ამ კომპანიისგან და სხვა კომპანიებისგანაც, ვინაიდან თამუნა ფრილანსერადაც მუშაობდა და სხვა შეკვეთებსაც იღებდა, რომელთაც შინიდან ასრულებდა. არანაირ საიდუმლო ინფორმაციასთან მას შეხება არ ჰქონია. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე გაიხსნას კომპიუტერი, რადგან რაც დრო გადის, ეს კამპანია კომპანიის მიმართ ძალიან ცუდ ფორმატს იღებს და აზიანებს მას. ასე თუ გაგრძელდა, არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ კი ვხსნით, რომ გოგონას გარდაცვალება სამსახურთან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ ამას სჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები.

- საეჭვოდ მიიჩნევა გეჯაძე-ბაჩალიაშვილის მიმოწერაც. ჯერ ერთი, რატომ არ მიმართა თამარმა პირდაპირ კომპანიის ხელმძღვანელს წასვლის თაობაზე და მეორე - რას ნიშნავს ფრაზა - "მე არ შემიძლია". ამ საკითხზე გაესაუბრებოდით მენეჯერს და რას ამბობს, რამე ისეთი დავალება ხომ არ მისცა, რის გაკეთებაზეც პროგრამისტი უარს ამბობდა?

- ნიკა გეჯაძემ მიაწოდა ტელევიზიებს ეს მიმოწერა, რომელიც ხუთშაბათს შედგა, შაბათს კი დაიკარგა გოგონა. ნიკა არის ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელი, რომელთანაც თამუნას ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა. თამარ კობერიძესთან მას სამსახურიდან წასვლის შესახებ ადრე ჰქონდა საუბარი, მოითხოვა სარეკომენდაციო წერილი და პრობლემა არ ყოფილა - თამარმა გაუგზავნა ეს წერილი. სულ იყო საკითხი, რომ გოგონა სწავლის გაგრძელებას აპირებდა და თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ მისთვის პრიორიტეტი სწავლა იყო. რადგან იყო საუბრები, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ. და ის, რომ ნიკა პასუხობს - "გასაგებია", ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე იცოდა ამის თაობაზე. ბაჩალიაშვილს თამართან არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია. გაგრძელება