"სამართალდამცველები ელოდებოდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ" - კვირის პალიტრა

"სამართალდამცველები ელოდებოდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ"

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები გოგონას დაბრუნებას 2-3 დღეში ელოდებოდნენ და უბრალოდ განცხადება გააკეთეს, რომ ეძებდნენ.

რამიშვილის თქმით, სამართალდამცველების ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინონ ისე, როგორც ევალებათ.

"დარწმუნებული ვარ უკვე იმაშიც, რომ ალბათ საგამოძიებო ორგანოებმა, რომლებმაც მიიღეს განცხადება, რომ ბავშვი არ ჩანდა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა გოგოა, ეტყობა მანქანით გაისეირნა თავის მეგობრებთან და დაბრუნდება რამდენიმე დღეში. უბრალოდ გააკეთეს განცხადება, რომ ვეძებთ. ის 15 კილომეტრი მერე აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ. ელოდებოდნენ, რომ 2-3 დღეში ბავშვი დაბრუნდებოდა, აი ეს არის შედეგი.

არ შეიძლება, როდესაც ხარ გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელი უყურო ისე, რომ ბავშვი დაბრუნდება. თუ შენ პროფესიონალი ხარ, შენ თუ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხარ, არ შეიძლება, შეფასება დაიწყო, რომ ახალგაზრდაა და მოვა, შენი ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინო ისე, როგორც გევალება“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.