რას ყვება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი მისი ავტომობილის მისამართით განხორციელებულ სროლაზე? - კვირის პალიტრა

რას ყვება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი მისი ავტომობილის მისამართით განხორციელებულ სროლაზე?

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.

როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ", - განაცხადა სულაბერიძემ.

მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

"ვერაფერს გეტყვით და ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. დეტალები უნდა გავიაროთ და მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, წყნეთის გზაზე ავტომობილის მისამართით ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის.

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"