ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს - კვირის პალიტრა

ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს

28 ივლისს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყნეთის გზაზე მოძრავ ავტომობილს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი, ლერი სულაბერიძე მართავადა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრის გამოძიება დაწყებულია 19 -108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარ-თლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას უკავშირდება.

სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ ისროლა მისი ავტომობილის მიმართულებით. როგორც მან პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას, სავარაუდოდ, მანქანიდან ესროლეს.

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ", - განაცხადა სულაბერიძემ. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

დავინტერესდით ვინ არის ლერი სულაბერიძე, აღმოჩნდა, რომ გაზეთების "კვირის პალიტრის","ლელოს" "მერიდიანი 44"-ის არქივები ბევრ საინტერესო სტატიას ინახავს, რომლებშიც ლერი სულაბერიძეა ნახსენები.

1996 წელს გაზეთ "მერიდაინი - 44"-ში გამოქვეყნებული ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის სტატიის მიხედვით, პირველად ლერი სულაბერიძის სახელი 1986 წლის 13 ივლისს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფონზე ახსენეს საჯაროდ.

"იმ ღამით, 22 საათსა და 30 წუთზე, კინოთეატრ "მაიას" უკან ბიჭები საქმეს არჩევდნენ. იქ დაახლოებით 11 კაცი იმყოფებოდა, 7 ვერელი და 4 ვაკელი. საქმის გარჩევის მიზეზი სულაბერიძის შეყვარებული გახლდათ. თოფჩიშვილთან, სწორედ, ამის გამო იყვნენ ასული. საქმის გარჩევა შელაპარაკებით, შემდგომში კი მკვლელობით დამთავრდა. თოფჩიშვილი, იგივე თოფჩიკა, მოკლეს, ხოლო მის საშველად მოსული მეგობარი წულაძე გულ-მკერდის არეში დაჭრეს. თოფჩიშვილის მკვლელობის გამო დააკავეს დათო ძნელაძე, ლერი სულაბერიძე და ბუთა ქურდოვანიძე. აღნიშნული მკვლელობა რეზონანსული აღმოჩნდა. სასამართლო პროცესს ფართოდ აშუქებდნენ იმდროინდელი საინფორმაციო გამოშვებები. ქურდოვანიძეს 10 წელი მიუსაჯეს (ვინაიდან არასრულწლოვანი იყო). როგორც ამბობენ, ბუთამ ეს დანაშაული თავის თავზე აიღო. მისი მეგობრები კი მალე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თოფჩიკა დათო ძნელაძემ მოკლა. ამ ვერსიას თოფჩიშვილის დედაც ადასტურებს. ძნელაძე სასჯელს სიმამრის დახმარების წყალობით გადაურჩა. იგი იმ დროს დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და ციხიდან სიძის გათავისუფლება ადვილად შეძლო" , - ვკითხულობთ სტატიაში.

ამავე სტატიის მიხედვით, სულაბერიძის სახელი ისევ გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც დამნაშავეთა სამყაროს პოლიტიკაში ჩარევამ პოლიტიკის კრიმინალიზაციას დაუდო დასაბამი. "მხედრიონის" პოლიტიკური ამბიციებით გამოსვლამ ქურდული კონტრკულტურა ორად გაყო - ისინი, ვინც პოლიტიკაში მოვიდა და ისინი, ვინც ქურდული განდგომილობა დაიცვა, პოლიტიკაში მოსულთ ბრალი დასდო და "გრეხის" ჩამდენად მიიჩნია. დაიწყო მტრობა, სისხლიც დაიღვარა.

1992 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სისხლიანი მოვლენებით. ქუჩა ქუჩას წაეკიდა, უბანი - უბანს. თბილისში "საძმოების" ერა დაიწყო. "მხედრიონმა" ფეხის მოკიდება ჯერ ქუჩაში სცადა. ქალაქის უბნებში შექმნილი "მხედრიონის" პატარა ჯგუფები ე. წ. საძმოებად მოინათლნენ (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არსებული რამდენიმე "საძმო" სულაც არ ყოფილა "მხედრიონის" მემკვიდრე) და მეტოქეებთან სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყეს.

ამონარიდი სტატიიდან:

"90-იან წლებში ვერის საძმოს ზეობის ხანა იდგა. "ბოროტები" პირობითად რამდენიმე ჯგუფისაგან შედგებოდა. თითოეულს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა: "ზემო ვერელები", "შემსრულებლები", "ბოროტები", "ქვემო ვერელები", "გურჯაანელები". ამ უკანასკნელს სახელი ჯგუფის ხელმძღვანელის წარმომავლობის მიხედვით შეარქვეს. ეს ჯგუფი კახეთის ღვინის ქარხნების რეკეტით იყო ცნობილი. "ბოროტების" ძირითად ბირთვს ბუთა, იგივე ბუთხუზ, ქურდოვანიძე (თბილისის შამპანურის ქარხნის დირექტორის ვაჟი), გიორგი, იგივე ჟორიკა, რურუა (ცნობილი მხატვრის ვახო რურუას ვაჟი), ბერდია ქარცივაძე, იგივე ბედო, კანონიერი ქურდი, რომელიც ჯერ კიდევ წულუკიძის კოლონიაში პაატა ჩლაიძემ "მონათლა", ლერი სულაბერიძე, დათო მამულაშვილი, ა. ჭაჭიაშვილი და სხვანი წარმოადგენდნენ. "ბოროტების" საძმოს ლობისტი ქურდულ სამყაროში პაატა ჩლაიძე გახლდათ. "ვერის საძმოს" ავტორიტეტს მისი ხელმძღვანელის, ბუთა ქურდოვანიძის, პიროვნება განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაკის დასაწყისში ცხოვრობდა და სკოლაშიც ვაკეში დადიოდა, თავს მაინც ვერელად თვლიდა". ეს ის ქურდოვანიძეა, ვინც "თოფჩიკას" მკვლელობის გამო გაასამართლეს.

ორმაგი მკვლელობა და საფეხბურთო ომები

1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე მხედრიონელები, ჯაბა იოსელიანის უახლოესი გარემოცვის წევრები"- ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე მოკლეს. (თავდამსხმელებს ემსხვერპლა აგრეთვე თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა). "კვირის პალიტრის" სტატიის თანახმად, იმჟამად ვეფხვაძე და სვანაძე ნავთობის ბიზნესში თორნიკე აფაქიძის (ყოფილი მხედრიონელი, საქართველოს საპასპორტო მაგიდის უფროსი - ჯაბა იოსელიანის წყალობით) პარტნიორები იყვნენ და ასევე მიიჩნეოდნენ კლუბ "დინამოს" პატრონებად, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ოფიციალური თანამდებობა არ ჰქონდათ. (იხილეთ სტატია სრულად)