"მომეცი ფული თუ მაძლევ, თუ არადა ამდენი ხვეწნის თავი სად მაქვს სიმონ..." - სამართალდამცავებმა ორი "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავეს - კვირის პალიტრა

"მომეცი ფული თუ მაძლევ, თუ არადა ამდენი ხვეწნის თავი სად მაქვს სიმონ..." - სამართალდამცავებმა ორი "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავეს

სამართალდამცავებმა"ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის წარსულში ნასამართლევი ორი"კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავა.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ"კრიმინალური ავტორიტეტები“ და "ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ბ. და კ.კ. "კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო