"ჩაუშვი" ელენე თევდორაძე თავისუფლების სანაცვლოდ(?!) - კვირის პალიტრა

"ჩაუშვი" ელენე თევდორაძე თავისუფლების სანაცვლოდ(?!)

ელენე თევდორაძე: "გადავწყვიტე, ზურაბ ადეიშვილთან მივსულიყავი"

2009 წლის დეკემბერში გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ რიხით ამცნო საზოგადოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პატიმრებს შეწყალების სანაცვლოდ ფულს სძალავდნენ. მაშინ შოთა მაცაბერიძეს, გელა გიგაშვილსა და კობა ტორაძეს (რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებად მონათლეს) დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დაედოთ ბრალი - გამოძიების ინფორმაციით, შეწყალებით გათავისუფლებულ სოფიო ასათიანს ჯერ 15 ათასს, შემდეგ კი 10 ათას აშშ დოლარს სძალავდნენ.

როგორც საყვარელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძალვაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, შეწყალების კომისიის წევრი ოთარ ხურციძე იმალებოდა და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები ტარდებოდა (სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ხურციძემ ტელევიზიით შეიტყო, რომ "დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი", თავად გამოცხადდა საფინანსო პოლიციაში, სადაც დააკავეს კიდეც).

ოთარ ხურციძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში არის გასაჩივრებული, ქართულმა სასამართლომ კი მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  არადა, როგორც ირკვევა, ოთარ ხურციძეს შეეძლო  ციხისთვის თავი დაეღწია, თუ ხელისუფლებას პიარსკანდალში შეუწყობდა ხელს. კერძოდ, მას საპროცესო გარიგების სანაცვლოდ დანაშაულში უნდა ემხილებინა ელენე თევდორაძე, მარიკა ვერულაშვილი, ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე და კიდევ ვინმე შეწყალების კომისიიდან(!)...

სოფიო ასათიანი 2008 წლის 24 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას დახვდნენ ნაცნობი მღებავი შოთა მაცაბერიძე და ვინმე გელა გიგაშვილი, რომლებმაც აუწყეს, რომ მისი გათავისუფლება შოთა მაცაბერიძისა და გიგაშვილის დამსახურებაა და საზღაურად 15.000 დოლარი უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში დაბრუნებით ემუქრებოდნენ. ასათიანმა უარი განაცხადა  და  რჩევისთვის თავის ადვოკატს მიმართა. მანაც განუმარტა, რომ ასათიანი პრეზიდენტის ბრძანებულებით გაათავისუფლეს.

ალექსანდრე ჯაფარიძე, ოთარ ხურციძის ადვოკატი: - ფარული აუდიო და ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ ევაჭრებოდა შოთა მაცაბერიძე სოფიო ასათიანს, რამდენჯერმე დაუკლო კიდეც თანხას - ხან 7.000-ს, ხან 5.000-ს სთხოვდა.

- ამ საქმეში ხურციძე რისთვის არის ბრალდებული?

- გაუგებარია. 2008 წლის  29 ნოემბერს, როცა ასათიანი პირველად დაჰკითხეს როგორც დაზარალებული, ხურციძე არ უხსენებია. ასათიანი 2008 წლის 4 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაიკითხა, სადაც აჩვენა, რომ გათავისუფლებაში დაეხმარა შეწყალების კომისიის წევრი, ვიღაც ვანელი მაღალჩინოსანი ხურციძე, რაც თაღლითებს უთქვამთ მისთვის. რატომ არ ახსენა ასათიანმა ხურციძე პირველ ჩვენებაში, ან რატომ არ ფიგურირებს ხურციძის გვარი ფარულ ვიდეო და აუდიომასალებში და მოწმეთა ჩვენებებში, ამაზე პასუხი გამოძიებას არა აქვს. მეტიც, ასათიანს შეწყალების მოთხოვნით განცხადებითაც კი არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის(?!). საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რითაც ხურციძის ბრალეულობა დადასტურდება.

მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სოფიო ასათიანს მართლაც სთხოვდნენ 15.000 დოლარს მაცაბერიძე და გიგაშვილი, მაგრამ მათ ერთი სიტყვაც არ სმენიათ ოთარ ხურციძეზე. მეტიც, მოწმედ დაკითხულმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ჩხარტიშვილმა აჩვენა, რომ მართალია, ოთარ ხურციძე მუშაობდა შეწყალების კომისიის აპარატში, მაგრამ მისი თანამდებობიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო ვინმეს შეწყალება, შეწყალებულთა სიაში ჩასმა ან ვინმეს ამოღება. გამოძიებამ სატელეფონო მოსმენა დაუწესა გიგაშვილს, ტორაძეს, მაცაბერიძესა და ხურციძეს, მაგრამ მათ საუბრებში ერთი ფრაზაც კი არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ ხურციძე ითხოვდა ქრთამს.

სამაგიეროდ, გამოძიებამ შეგნებულად აუარა გვერდი იმ გარემოებას, რომ ასათიანს 2007 წელს მისჯილი ჰქონდა 5 წელი და 6 თვე.  შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად კი შეწყალების კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს მსჯავრდადებულის განცხადებას შეწყალების შესახებ, თუ მას მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი. სოფიო ასათიანი პრეზიდენტმა  პირდაპირი წესით შეიწყალა. შესაბამისად, განცხადება შეწყალების კომისიაში (ხურციძე შეწყალების კომისიაში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა) არც შესულა. ამასთან, არავის გაურკვევია, რა დამსახურების, ვის მიერ და რა მაქინაციებით შეიწყალეს სოფიო ასათიანი?

- თუ მტკიცებულება არ არსებობს, რის საფუძველზე გამოუტანეს განაჩენი ხურციძეს?

- ხურციძე ქრთამის მოთხოვნაში "ამხილა" სამმა განსასჯელმა: გიგაშვილმა, მაცაბერიძემ და ტორაძემ, რომლებთანაც გამოძიებამ აღიარებითი ჩვენებების სანაცვლოდ  საპროცესო შეთანხმება გააფორმა და გამოძიება მათ  ხურციძის მხილების სანაცვლოდ გათავისუფლებას დაჰპირდა. დღეს ეს ხალხი ციხიდან გათავისუფლებულია.

- ვის სჭირდებოდა ყოველივე ეს?

- შეწყალების საქმეებში კორუფციის შესახებ საზოგადოებაში მოარულ ხმებზე რეაგირება ხომ უნდა მოეხდინათ? საჭირო იყო განტევების ვაცი და მოძებნეს კიდეც - ხურციძე.

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი:

- ხურციძის დაპატიმრების შემდეგ ეტყობა დაპატიმრებების გრანდიოზული სერია იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩანს მძაფრსიუჟეტიანი სერიალი ხურციძის პრინციპულობის გამო ჩავარდა.

ამ საქმეში ადვოკატი ვიყავი. ერთ დღეს პროკურორმა მითხრა, თუ ხურციძე ითანამშრომლებს გამოძიებასთან და დაასახელებს პირს, ვისთანაც ქრთამი (რომელიც მას არ აუღია) მიჰქონდა, საპროცესო შეთანხმებას გავუფორმებთო. მალე ოთარ ხურციძის მამა დამიკავშირდა და მითხრა, ჩემს შვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუ ელენე თევდორაძეს, მარიკა ვერულაშვილს, ბეჟან ხურციძესა და კიდევ ვინმე ისეთ პირს დაადებს ხელს, რომელიც  შეწყალების კომისიაში მუშაობსო. მოგვიანებით იგივე დამიდასტურა ოთარმაც საპატიმროში, მაგრამ იმ პირის ვინაობა, ვინც ეს შესთავაზა, არ დაუკონკრეტებია. მითხრა, როგორ უნდა დავადო ხელი ამ ხალხს, როცა მათთან არასოდეს მსგავსი ურთიერთობა არ მქონიაო. სხვათა შორის, პროკურატურის მოთხოვნის შესახებ ელენე თევდორაძემაც იცოდა.

ელენე თევდორაძე: - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ოთარ ხურციძის დატოვება ჩვენს აპარატში თავად ვთხოვე პრეზიდენტს, რადგან ძალზე პატიოსანი კაცია.

იმ ქალის საკითხი, რომლის გამოც ოთარი ციხეში აღმოჩნდა, არც კი განხილულა ჩვენს კომისიაში, მეტიც, მისი განცხადებაც კი არ შემოსულა შეწყალების კომისიის აპარატში. ვიცი, რომ ხურციძეს ჩემზე ხელის დადებას სთხოვდნენ, თავად მითხრა, როცა გლდანის ციხეში შევხვდი. სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩემზე, კიდევ ვიღაც-ვიღაცებისთვის უნდა დაედო ხელი.

- კიდევ ვისზე?

- აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემთვის რომ უნდა დაედო ხელი, დანამდვილებით ვიცი.

გადავწყვიტე, ზურაბ ადეიშვილთან მივსულიყავი. ვუთხარი, ამდენი წელიწადია მიცნობ, ამდენი ხანია არასოდეს შეკითხვაც კი არ გაგჩენიათ ჩემს მუშაობაზე და ახლა რა ხდება-მეთქი? მიპასუხა, თუ გავიგე, რომ ვიღაცამ ეს თქვა, ენას ამოვაძრობო.

- რასთან შეიძლებოდა საქმე გვქონოდა?

- არ ვიცი. პროკურატურაში მითხრეს, ნახავთ, კიდევ რამდენი ფაქტი ამოტივტივდება გამოძიების მსვლელობისასო, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერიც არ ამოტივტივებულა.