"ოთა­რი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რა­ღაც მოხ­და, რა­საც დღემ­დე მი­მა­ლა­ვენ. ვერ გა­ვი­გე, ცამ ჩაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი?" - კვირის პალიტრა

"ოთა­რი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რა­ღაც მოხ­და, რა­საც დღემ­დე მი­მა­ლა­ვენ. ვერ გა­ვი­გე, ცამ ჩაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი?"

"7 წელი გავიდა ჩემი ოთარის დაკარგვიდან, ახლა 29 წლის არის, არ გამოჩენილა, გული მიკვდება, არაფერი ვიცი მასზე"

2020 წელს, 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოში სულ 54 ადამიანი დაიკარგა. მათგან 34 -ს მიაგნეს, სამწუხაროდ, 8 გარდაცვლილი აღმოჩნდა, დანარჩენ 20 ადამიანს კი დღემდე ეძებენ, მათ შორის 3 არასრულწლოვანს.

ამ სტატისტიკაში ვერ მოხვდებოდა სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდი, რადგან სტატისტიკა 30 ივნისს არის შედგენილი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკვე 4 არასრულწლოვანს ეძებენ.

მძიმეა გასული წლის სტატისტიკაც, 2019 წელს საქართველოში სულ 195 ადამიანი დაიკარგა, მათ შორის თბილისში 59 ადამიანი გაუჩინარდა, დაკარგული 195 პირიდან, 123 იპოვეს, მათ შორის 10 გარდაცვლილი ნახეს, გასულ წელს დაკარგულ 62 ადამიანს კი კვლავ ეძებენ.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე საქართველოში სულ დაიკარგა 6025 ადამიანი, აქედან 5039 ადამიანის კვალს მიაგნეს. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 986 ადამიანი. სტატისტიკის თანახმად, ამ წლების განმავლობაში დაკარგული ადამიანების 34% ქალია, მათგან 204 ქალის ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია, ხოლო დაკარგულთა 66% კი მამაკაცია. სულ კი 782 მამაკაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

1973 წლიდან 2020 წლის ივნისამდე 31 არასრულწლოვანია დაკარგული, ვისი ადგილსამყოფელის დადგენაც ვერ ხერხდება.

პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს გზით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას, სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუკი დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდა ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენა მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება.

მძიმეა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ.

მაია (ციცო) ლაზაშვილი:

"7 წელი გავიდა ჩემი ოთარის დაკარგვიდან, ახლა 29 წლის არის, არ გამოჩენილა, გული მიკვდება, არაფერი ვიცი მასზე. ახლაც უნდა წავიდე სახლიდან ისევ მის საძებნელად, მაგრამ სად მივდივარ, ისიც არ ვიცი, მაინც უნდა მოვიარო ის ადგილები, იქნებ სადმე რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო. ვეხვეწები ყველას, იქნებ დამეხმაროთ, იმედის ნაპერწკალი გამიჩინა ახლა თქვენმა ზარმა, ისევ გაავრცელეთ ჩემი შვილის ფოტოები, იქნებ ვინმემ სადმე ნახა, იქნებ ვინმემ რამე იცის. არ ვიცი რა გავაკეთო. ვინ იცის, ეს წლები რამდენჯერ ვარ მცხეთა-მთიანეთის პოლიციაში ჩასული, მაგრამ ეს არ არის გამოძიება. თაროზე დადებულია ეს საქმე. მეუბნებიან, იმდენი სახსრებია დახარჯული და ვერ ვიპოვეთო.

მაშინ ვისაც ეჭვმიტანილად ვთვლიდით, იმ ხალხმა ყველამ დატოვა საქართველო, მოიარეს უცხოეთი, უკანაც ჩამოვიდნენ, ბევრი ციხეშიც წავიდა და გამოვიდა კიდეც, მაგრამ ამ საქმეზე არაფერი გარკვეულა. მე მაინც ჩემი გზებით ვცდილობ ძებნა გავაგრძელო.

ჩემი დანაშაული ის არის, რომ პატიოსანი, შრომისმოყვარე შვილი გავზარდე. რომ გამეზარდა ცუდი შვილი, ციხეში იქნებოდა და ცოცხალი მაინც მეყოლებოდა. 5 წელი შვილი არ მყავდა. ოთარი ჩემი ნანატრი შვილი იყო. მერე გოგონაც გამიჩნდა, ბედნიერები ვცხოვრობდით. გურჯაანში, კულტურის ცენტრში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად. ძირითადად ხელოვნება იყო ჩემი ოჯახის საზრდო. გოგონა მოცეკვავეა, ოთარიც ცეკვავდა, მაგრამ მოსწონდა პატარა ასაკიდან მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა... სულ შრომობდა, ძალიან ნიჭიერია, საოცარ რაღაცეებს ძერწავდა. მაგრამ მისი ოცნება იყო, რაც შეიძლება ბევრი საქონელი ჰყოლოდა. ბავშვი საჭმელს არ შეჭამდა, ტანსაცმელს არ იყიდდა, ფულს აგროვებდა და იმ ფულით ხან კვიცს ყიდულობდა, ხან - ხბოს, ხან - ცხვარს. ასე მოამრავლა საქონელი.

ზაფხულში ცხვარი მთაში დაჰყავდა, მაგრამ ეს მთა, სადაც შვილი დამეკარგა, უცხო იყო მისთვის, იქ პირველად წავიდა. ნაუცბადევად მოუხდა წასვლა და შვილის დაკარგვაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ვიცი, ამ შეცდომას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. ძალიან ვთხოვე ჩემს შვილს მთაში წასულიყო და ცხვრები წაეყვანა. მას წასვლა არ უნდოდა. როგორც მითხრეს, იმ პერიოდში გურჯაანის გამგეობაში 23 კაცის ხელმოწერით შევიდა განცხადება. წერდნენ, შეიძლება ოთარის ცხვრებმა ჩვენი ნაკვეთები დააზიანოსო, ამიტომ გამგეობამ ჩემს შვილს 10 დღიანი ვადა მისცა, რომ ცხვრები გაეყვანა სოფლიდან. ეს რომ გავიგე, ვუთხარი, გაიყვანე-მეთქი. არადა, ღელეს ტერიტორიაზე აბალახებდა ცხვრებს. ის ტერიტორია თავისი ხელით მოაწყო, არავის არაფერს უფუჭებდა. თავისი ხელით აიშენა სადგომი, ბავშვი სულ შრომობდა. ღამის სამ საათზე დავადექი თავზე, დედი, გეხვეწები გაიყვანე ცხვრები, შენ არ გაქვს უფლება საზოგადოებას რამე ზიანი მიაყენო-მეთქი. ხათრი მაინც ვერ გამიტეხა და 3 მაისს სოფელ ჩუმლაყიდან წავიდა. 10 დღე გზაში იარა და ბოლოს დუშეთის მთებში, ბარისახოსთან დაბანაკდა. სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით, საბერწეს მთებს ეძახიან და იქ იყო. მასთან ერთად ორი თანასოფლელი ბიჭი იყო, უბრალოდ იცნობდნენ ერთმანეთს, მეგობრები არ ყოფილან. იქ ჩემი მეუღლეც ავიდა. 15 მაისს საღამოს უნდა წამოსულიყვნენ მამა-შვილი სოფელში, რომ ბარგი წაეღოთ. ამბობენ, რომ ოთარი საღამოს 9 საათზე მარტო წამოვიდა და მას მერე ბავშვი დაიკარგა. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს იქ რაღაც ინციდენტი მოხდა, რასაც დღემდე მიმალავენ. ვერ გავიგე, ცამ ცაყლაპა ჩემი შვილი? შეიძლება ასე იკარგებოდნენ ადამიანები?

დამეხმარეთ ან ცოცხალი მაპოვნინეთ, ან მკვდარი, ან დამანახეთ ჩემი შვილის მკვლელი. ჩემი მეუღლე ამბობს, ოთარი რომ წავიდა, ცოტა ხანში ბიჭები ცხენებით გამოედევნენ, რომ დაწეოდნენო, მაგრამ ისინი ამბობენ, ვერ ვიპოვეთო. მეორე დღესვე ავტეხე განგაში, სამაშველო სამსახურში მივედი, ეძებდა 5 კაცი, ვერ იპოვეს, მერე ამინდებიც გაფუჭდა და ბავშვი ვეღარსად ვნახეთ.

ერთხელ მითხრეს, ზესტაფონში უნახავთო, იქაც ჩავედი ამბის გადასამოწმებლად, მაგრამ სიცრუე აღმოჩნდა, ვიღაცას მიამსგავსეს და ის ბიჭი მართლა ისე ჰგავს ჩემს ოთარს, კინაღამ გავგიჟდი. ვფიქრობ, ჩემს შვილს ან დააწერეს ცხვარი და არ დაიწერა, ან დაინახა ისეთი რამე, რაც არ უნდა დაენახა და მოიშორეს. ან მესამე ვერსიით, შემოაკვდათ, თუ სადმე ცოცხალია, აქამდე გამოჩნდებოდა.

იმ დღესვე რომ ემოქმედა პოლიციას, დროულად რომ დაედგინათ ვინ სად წავიდა და რა გააკეთეს, რატომ არ იყვნენ ის სხვები თავიანთ ადგილებზე, გაირკვეოდა ყველაფერი. ვერც წარმოვიდგენდი სახელმწიფო ასე თუ მომექცეოდა. (იხილეთ სრულად)