"ლაწირაკი, პატარა ბავშვი ეს" - რატომ დაატოვებინა მოსამართლემ დარბაზი ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს - კვირის პალიტრა

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი ეს" - რატომ დაატოვებინა მოსამართლემ დარბაზი ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს სასამართლო სხდომის დარბაზი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს.

"სასამართლოს განკარგულებით, ბრალდებული ირაკლი ღლონტი ტოვებს სასამართლო სხდომას დარბაზს პროკურორისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო",- განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა.

ირაკლი ღლონტმა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას პროკურორს ლაწირაკი უწოდა. მან გააპროტესტა პროკურორის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ირაკლი ღლონტს ქალაქიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა, რაც ირაკლი ღლონტმა გააპროტესტა.

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი ეს", - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

იხილეთ ასევე: ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

"ინტერპრესნიუსი"