"მკვლელი ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს" - კვირის პალიტრა

"მკვლელი ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს"

"მაგ სიმართლით იარე", - ამ სიტყვებით და გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. მის მაისურზე ასევე შაქარაშვილის ფოტოსურათია ასახული წარწერით - "შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ".

არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

"ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს", - აცხადებს ხომასურიძე.

ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს არაგვის მიმართულებით "სამი გამხდარი ბიჭი" მისდევდა, ხომასურიძის თქმით, მისი შვილი ამ ადამიანებს შორის არ ყოფილა.

"ღამე სახლში რომ მოვიდა, არ იცოდა ის ბიჭი დაღუპული რომ იყო, როგორ "იგულავეთ-მეთქი", ვკითხე და არაფერი, ჩხუბი მოგვივიდა და დავიშალეთო, მითხრა. შაქარაშვილი ტელევიზორში ნახა. როცა ეძებდნენ, ცოცხალი ეგონა, როცა გაიგო დაღუპული იყო, 2-3 ღამე არ ეძინა, ღმერთს ვფიცავარ, ვახო ჩიქოვანი ტიროდა, რომ დაგვეჭირა, ხომ გადავარჩენდით მაინცო, ამბობდა. ჩემმა შვილმა ფერად შენობასთან მიირბინა, ვახო ჩიქოვანს გული ეტკინა, ჩაიკუზა და ჩემ შვილს თხოვა წადი მანქანა მოიყვანეო, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა, ვახო ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა, არაფერი დევნა არ ყოფილა. საბურთალოელების 3 მანქანა რომ ჩავიდა, იმათმა ცემეს შაქარაშვილი, რატომ არ დაგვეხმარე, რატომ გაიქეციო. სხვას ვის უნდა ეცემა?ან პოლიციამ ცემა ან მაგათმა. ოჯახს, შაქარაშვილის დედას მივმართავ, მნახონ და სიმართლეს მე ვეტყვი, პირველივე დღიდან გამოძიება როგორ მიდის. უნდა ავუხსნა რომ გამოძიება პირველივე დღიდან არ იყო სიმართლის გარკვევით დაინტერესებული", - აცხადებს ხომასურიძე.

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"