"გიორგიც დედაც და მამაც მესაუბრა, ასე მითხრეს, გააფრთხილე, სადმე შემთხვევით არ გადაგვეყაროსო" - რას აცხადებს შაქარაშვილის ბიძა? - კვირის პალიტრა

"გიორგიც დედაც და მამაც მესაუბრა, ასე მითხრეს, გააფრთხილე, სადმე შემთხვევით არ გადაგვეყაროსო" - რას აცხადებს შაქარაშვილის ბიძა?

გიორგი შაქარაშვილის დედაც და მამაც მესაუბრა, ასე მითხრეს, გააფრთხილე, სადმე შემთხვევით არ გადაგვეყაროს, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნას, რომ მას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა შეხვედროდა.

როგორც ნიკოლაძე განმარტავს, თუკი, ბრალდებული არასრულწლოვნის მამას რამე სათქმელი აქვს, მისი ადვოკატი დაუკავშირდეს და ამ ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი.

"მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, რომ ვიღაც არის მკვლელი და ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, რომ ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მკვლელობა სახეზეა და იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?", - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვნის მამამ. თამაზ ხომასურიძემ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურდა. მისივე განმარტებით, ფეხბურთელის დედისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

"ინტერპრესნიუსი"