"სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ მაგისტრალზე, 4-5 კამერაა, მოვითხოვ, სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები" - კვირის პალიტრა

"სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ მაგისტრალზე, 4-5 კამერაა, მოვითხოვ, სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები"

კრიმინალურ პოლიციაში დავრეკე, სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ მაგისტრალზე, 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერაა, მოვითხოვ, სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თამუნა ბაჩალიაშვილის ბოლო გასვლა დაინახეს მაწევანის მცხოვრებლებმა და თქვეს, რომ საღამო იყო.

"მე ვიყავი დღეს და დავინახე, რომ გზატკეცილზე დგას 2 ვიდეო სათვალთვალო კამერა. ერთი თბილისისკენ, მეორე "საკალმახისკენ". დავათვალიერე, კიდევ არის ერთი ვიდეო კონტროლის ადგილი, არის რესტორანი "ადმირალი", სადაც ვიდეო სათვალთვალო კამერებია. დავრეკე კრიმინალურ პოლიციაში და მივაწოდე ინფორმაცია, რომ გზატკეცილზე, მთავარ გზაზე არის 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერა. მოვითხოვე სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები. თუ მოსახლეობა ადასტურებს, რომ მანქანა იყო სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ გზაზე, უნდა გავარკვიოთ იყო ამ გზაზე თამუნა? მარტო იყო? რომელ გზაზე წავიდა? იქ არის რესტორანი, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვინმესთან შეხვედრა ჰქონდა. ეს არის სიახლე, რომლის საქმის კურსში პოლიცია არ იყო. მოვითხოვე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება.

მოვითხოვე, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. დაველოდები, ხვალ რა ნაბიჯს გადადგამენ. თუ ეს არ გააკეთეს, აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დრონის ჩანაწერებს, მიხეილ რამიშვილი აცხადებს რომ დრონის კადრებთან დაკავშირებით მას უთხრეს, რომ კადრებს ცოცხლად უყურებდნენ.

"დრონის ჩანაწერებზე პასუხი იყო შემდეგი, იცით რა, შეიძლება, დრონის ჩანაწერები რომ განხორციელდა, უბრალოდ ცოცხლად უყურებდნენ და ისე აფიქსირებდნენო. როდესაც სამძებრო სამუშაო მიდის, უბრალოდ არ უნდა უყურებდე, მტკიცებულების ფორმა უნდა იყოს. უნდა ერთვოდეს საქმეს, რა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარე, რომ მართლა დაათვალიერე",-განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატი თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს. "თვითმკვლელობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, გამოვრიცხავ", - განაცხადა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"