"ახალი მარშრუტი არსებობს, ეს მარშრუტი პირადად მე მივაწოდე იმიტომ, რომ..." - რას აცხადებს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ახალი მარშრუტი არსებობს, ეს მარშრუტი პირადად მე მივაწოდე იმიტომ, რომ..." - რას აცხადებს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი?

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან.

ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ოჯახის ვარაუდით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა მართლაც ჰქონდა, რის გამოც ბოლო პერიოდის განმავლობაში ნერვიულობდა.

"რაც შეეხება ვერსიას, რაც მასმედიაში გაჟღერდა, ყველა ვერსიამ უნდა იარსებოს და ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება მომხდარზე. ოჯახის პოზიცია არის ძალიან მტკიცე და ძალიან მყარი, რომ საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. დედამ და მამამ დააფიქსირეს პოზიცია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო ნერვიულობდა ბავშვი იმ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი პროფესიიდან და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ საქმის მასალას ეცნობა, რომელიც დიდია და ვერ მოასწრეს საქმის გაცნობა. საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევს", - განაცხადა რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილმა მამას ელექტროშოკი "თავდაცვის მიზნით" სთხოვა, რადგან "ქალაქში კრიმინოგენული სიტუაცია იყო". როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მამა-შვილს შორის რამდენიმე თვის წინ იყო საუბარი და მამა დეტალების გახსენებას ცდილობს.

"კრიმინალური ატმოსფერო იყო ქალაქში და გარკვეულწილად თავდაცვის მიზნით უნდოდა, დეტალურად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ცდილობს, რომ გაიხსენოს. რამდენიმე თვის წინ იყო ამაზე საუბარი", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

"რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, რაც ჩვენი მხრიდან მსჯელობა იყო, ყველანაირი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თვითმკვლელობაზე არ შეიძლება საერთოდ საუბარი იყოს", - აცხადებს რამიშვილი.

მისი თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობს. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს.

"ახალი მარშრუტი არსებობს, ეს მარშრუტი პირადად მე მივაწოდე იმიტომ, რომ არცერთ შუამდგომლობაში და არცერთ განჩინებაში ეს კამერები მითითებული არ არის, რომ ამოეღოთ. უნდა წავიდნენ დღეს, ამოიღონ და გადაამოწმონ, იყო თუ არა ამ ლოკაციაზე", - განაცხადა რამიშვილმა. მისი თქმით, ავტომობილის ექსპერტიზა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"