მირიან ნიკოლაძე: "ვფიქრობ, ცემის დროს იფიქრეს, რომ გიორგი შემოაკვდათ და კვალის დაფარვის მიზნით წყალში გადააგდეს" - კვირის პალიტრა

მირიან ნიკოლაძე: "ვფიქრობ, ცემის დროს იფიქრეს, რომ გიორგი შემოაკვდათ და კვალის დაფარვის მიზნით წყალში გადააგდეს"

"ამ მდევრებისთვის სულერთი იყო, ვის გაუსწორდებოდნენ. ის ბიჭები, ვინც გიორგისთან ერთად იყვნენ, მგონია, შემთხვევით გადარჩნენ. ამირხანაშვილის თბილისამდე მშვიდობიანი ჩამოყვანაც აბსოლუტურად მიესადაგება დანაშაულის ლოგიკას. როდესაც გიორგის გაუსწორდნენ, დამნაშავეები ამოვიდნენ ქვევიდან და იპოვეს ამირხანაშვილი. უმძიმესი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ამიტომ ქმნიან ხელოვნურ ალიბის, რომ სათქმელი ჰქონდეთ - აგერ, კაცი უპრობლემოდ წამოვიყვანეთ თბილისში, ხმაც კი არ გაგვიციაო..."

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრული საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო და ახლა ოჯახი ელოდება, ოფიციალურად როდის წაუყენებენ ბრალს დამნაშავეებს. ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ტრაგედიის სურათი უკვე აღდგენილია, მკვლელობის უშუალო მონაწილეებიც - დადგენილი და ისიც ცნობილია, რომ "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსულმა მოძალადეებმა გიორგი ალყაში მოაქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ამის მიუხედავად პროკურატურა არ ჩქარობს კონკრეტული პირებისთვის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა) ბრალის დამძიმებას. როგორც ჩანს, უწყება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება. საქმის ცალკე გამოყოფის შემდეგ მასალები ხელმისაწვდომი ვერ იქნება ვერც ადვოკატებისა და მედიისთვის, სანამ კონკრეტულ პირებს ბრალს ოფიციალურად არ წაუყენებენ.

სასამართლომ 11 სრულწლოვან ბრალდებულზე საგამოძიებო ვადა ერთი თვით გააგრძელა - მათ ცალკე გაასამართლებენ. წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს დაინიშნა... ასევე ცალკე გაასამართლებენ ექვს არასრულწლოვანს. მათი წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს მცხეთაში ჩატარდა და ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. მორიგი სხდომა კი 5 აგვისტოს დაინიშნა. არც ერთი არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზეც უარი განაცხადა. პროცესი დახურული იყო, თუმცა შენობის წინ გიორგის მეგობრები მაინც შეიკრიბნენ. მათ შავი მაისურები ეცვათ წარწერით "შაქარა" და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ. ადვოკატები კვლავ ბრალდებულების უდანაშაულობაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე არასრულწლოვანს ბრალი, პირიქით, დაუმძიმდეს.

"მათ უნდათ, ჩვენ ვირტუალური დამნაშავეები ვეძებოთ, მაგრამ ყველაფერი გარკვეულია!"

გარდაცვლილის ოჯახი ხომასურიძის მამასთან შეხვედრას არ აპირებს. მირიან ნიკოლაძე ამ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლის, თუმცა ამბობს, რომ თუ ხომასურიძეებს რაიმე მნიშვნელოვანი აქვთ სათქმელი, მათ ადვოკატს შეუძლია დაუკავშირდეს და მას შეხვდება.

- რა კომენტარი გავაკეთო ამ სისულელეზე?! ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ ბრალდებებს და მე რეაქცია აღარ მაქვს... სანამ ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა, რომ გიორგი მოკლული იყო, ოჯახს არ უთქვამს, რომ ვიღაც მკვლელია და ვიღაც დამნაშავე. მაშინ ამისთვის მლანძღავდნენ - როგორ არ ვამბობდი, რომ ვიღაც იყო გიორგის მკვლელი.

ექსპერტიზით ხომ დადასტურდა, რომ ბავშვი ნაცემი და მოკლულია! მონაწილე პირები ცნობილია, დადგენილია, რომ იქ "ტოიოტას" მგზავრები იყვნენ და ახლა იმის გამო მლანძღავენ, ვიღაცებზე რომ ვამბობ, მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა-მეთქი.

მე და გიორგის მამა ბიძაშვილები ვართ, ერთად გაზრდილები. გიორგი ჩემს ხელშია გაზრდილი, ჩემი შვილია და ახლა რა ვამტკიცო? მათ ჩემზე მეტად უნდათ სიმართლის გარკვევა?! ამდენი სისულელის თქმას, ჯობია ერთი რეალური ვერსია მაინც გვითხრან და შევამოწმებ იმასაც. მათ უნდათ, ჩვენ ვირტუალური დამნაშავეები ვეძებოთ, მაგრამ ყველაფერი გარკვეულია. "ტოიოტას" წევრების გარდა იქ არავინ ყოფილა.

გიორგის მშობლებმა თქვეს, სადმე არ გადაგვეყაროს შემთხვევით ეს კაცი, თორემ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ქმედებაზეო. ხომასურიძეს ჰყავს ადვოკატი, გიორგი გელხაური, რომელიც კარგად მიცნობს. დამირეკოს, შემხვდეს, ამიხსნას... იქნებ მეც დავიჯერო რაღაც?! მაგრამ ბრალდებულის მამას რა დავუჯერო, რომ გიორგი ჩხუბიდან გამოიქცა და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში?

- ცალკე გამოიყო განზრახ მკვლელობის საქმე, რაც ნიშნავს, რომ მასალები ბრალის წარდგენამდე ხელმისაწვდომი ვერავისთვის გახდება, ეს გამოძიებას დაეხმარება? - მკვლელობის საქმის ცალკე გამოყოფა ლოგიკურია. თუკი მკვლელობის რაიმე მტკიცებულება აღმოჩნდება, ეს მასალები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება მანამდე, ვიდრე კონკრეტული პირები ბრალდებულები არ გახდებიან და გამოძიება გაგრძელდება მშვიდ ვითარებაში. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ეს მუხლი ცალკე უნდა გამოყოფილიყო, რათა საჯარო ტრიბუნალებისა და სხვა უბედურებებისთვის გვერდი აგვევლო. 31 აგვისტოს დაინიშნა 11 პირის სასამართლო პროცესი და ვფიქრობ, მანამდე მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალს დაუმძიმებენ. საგამოძიებო ორგანოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

ათი დასახელების ექსპერტიზის პასუხია მოსასვლელი, ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რაც გაამყარებს ბრალს და დააკმაყოფილებს იმ მაღალ სტანდარტს, რასაც სასამართლო ითხოვს. ჩვენც ეს გვინდა, რომ მერე კითხვები არ დარჩეს.

სანამ საქმე ღია იყო, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას მიჰქონდა და აფრიალებდა. უნდოდათ, მომხდარს ათასი მითქმა-მოთქმა მოჰყოლოდა, უამრავი ვერსია ყოფილიყო, გამოძიებას ამაზე ემუშავა და საქმეს არაფერი შემატებოდა. ახლა იმ ალტერნატიული სიგიჟეებიდან, რასაც გამოძიება დაარქვეს, აღარაფერი დარჩა. ალტერნატიულ მხარეს, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეებს უწყობდა ხელს, თავისი ვერსიების თვითონაც აღარ სჯერა.

- ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენება, თუმცა ამბობენ, რომ ეს ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მუდმივი განსჯის საგანია მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები. როგორ ფიქრობთ, მოწმეები სასამართლოზე ალაპარაკდებიან? - მოწმეებს უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, რომ ბოლოს და ბოლოს, სიმართლე თქვან. ამბობენ, თითქოს შეცვლილია ჩვენებები, მაგრამ ასე არ არის. მაგალითად, გუკა ამირხანაშვილის ჩვენებებში იყო უზუსტობები, არ დასმულა ზოგიერთი კითხვა, მომდევნო დაკითხვებზე კი დაისვა ყველა კითხვა და შეივსო ჩვენება. ჩვენებებში წინააღმდეგობაა მაშინ, როცა მოწმე სრულიად სხვა რამეს ამბობს, აქ კი ასეთი რამ არ ხდება.

გიორგის განზრახ მკვლელობის ვერსიას საქმის ორი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებები ამყარებს. ისინი ერთმანეთს ავსებს და დგინდება, როგორ მოკლეს გიორგი. სწორედ ეს ორი ადამიანი ხედავს ბოლოს გიორგის ტრაექტორიას.

საზოგადოება ელოდება ფაქტების უპირობო დადასტურებას, მაგალითად, ვიდეოკამერის ჩანაწერს. იყო დრო, როდესაც ვიდეოკამერები არ არსებობდა, ბრალს არავინ აღიარებდა, მაგრამ დანაშაულები იხსნებოდა და სამართლიანი განაჩენიც გამოჰქონდათ. დიახ, რკინის მოაჯირზე გადამხტარი გიორგი არავის დაუნახავს, მაგრამ შემთხვევის ადგილი ბევრ რამეს გვიხსნის. დადგენილია, რომ "ტოიოტადან" გადმოსული ექვსი პირიდან სამი გიორგის და მის მეგობრებს გზაზე მისდევდა. ორი მდევარი, გაგნიძე და რევაზიშვილი, საპირისპირო მხარეს ჩარბის ჩასაფრების მიზნით - სირბილით ვერ გაჰყვნენ და მოკლე გზაზე ჩასვლა არჩიეს. გიორგის სპორტულ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ და იმ პირებს, ვინც მას მისდევდა, გამორიცხულია, დასწეოდნენ.

წინ რომ არ დახვედროდნენ, ის გზას არ გადაუხვევდა, ის ბილიკი კი, რომელიც გიორგიმ აირჩია, ერთადერთია, საიდანაც შეიძლებოდა ქვევით დაშვებულიყო. არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარე იმ ტერიტორიაზე და ისეთივე პირობებში, როგორიც იმ ღამეს იყო. ეს დრო ზუსტად ემთხვევა ყველა იმ მოქმედებისთვის საჭირო დროს, რაც მათ გაიარეს.

- მკვლელობის მოტივი ხომ არ გამოიკვეთა?

- ჩვეულებრივ, მკვლელობების უმეტესობა სერიოზული მოტივის გარეშე ხდება. ამ მდევრებისთვის სულერთი იყო, ვის გაუსწორდებოდნენ. ის ბიჭები, ვინც გიორგისთან ერთად იყვნენ, მგონია, შემთხვევით გადარჩნენ. ამირხანაშვილის თბილისამდე მშვიდობიანი ჩამოყვანაც აბსოლუტურად მიესადაგება დანაშაულის ლოგიკას. როდესაც გიორგის გაუსწორდნენ, დამნაშავეები ამოვიდნენ ქვევიდან და იპოვეს ამირხანაშვილი. უმძიმესი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ამიტომ ქმნიან ხელოვნურ ალიბის, რომ სათქმელი ჰქონდეთ - აგერ, კაცი უპრობლემოდ წამოვიყვანეთ თბილისში, ხმაც კი არ გაგვიციაო. ვფიქრობ, ცემის დროს იფიქრეს, რომ გიორგი შემოაკვდათ და კვალის დაფარვის მიზნით წყალში გადააგდეს. ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, დღევანდელი მტკიცებულებების საფუძველზე გამოთქმული ვერსიაა.

- გოგონას გამო შურისძიების ვერსია აღარ განიხილება?

- ეს ვერსიაც განიხილება. ყველა ვერსიაზე მუშაობენ.

- თქვენს ვერსიას, რომ გიორგიმ ბილიკი ჩაირბინა, თქვენი კრიტიკა მოჰყვა. ელისო კილაძემ ტელევიზიით მოგმართათ, რომ მისი თანდასწრებით ჩაგერბინათ დაღმართი, რადგან დარწმუნებულია, გიორგი ციცაბო ბილიკს დაზიანებების გარეშე ვერ ჩაირბენდა. ცნობილია, რომ ცხედარს ნაკაწრები, რომლებიც შეიძლებოდა ბილიკზე ჩარბენისას მიეღო, არ აღენიშნებოდა.

- არ დაიჯეროთ ზღაპარი, თითქოს იმ ფერდობზე ჩარბენა დღისითაც კი წარმოუდგენელია. მე და გიორგის მეორე ბიძამ ეს ბილიკი გიორგის გარდაცვალებიდან მალევე ჩავირბინეთ... სულ სამი წუთი დაგვჭირდა და არაგვის პირზე რომ ჩავედით, დაცემა კი არა, ერთი ნაკაწრიც არ გვქონდა. ჩვენ ზუსტად აღვადგინეთ ის სიტუაცია, რაც მოწმეთა გამოკითხვაში ეწერა. იქ ნათქვამი იყო, ტელეფონის ფარნების შუქს ვხედავდით, როგორ ანათებდნენ მდევრებიო. ზუსტად იგივე ვითარება აღვადგინეთ - როგორ ანათებენ მდევრები მობილურს და როგორ გარბის გიორგი სიბნელეში. მე რომ გავრბოდი, ჩემ წინ სრული სიბნელე იყო. ვიდეოშიც ჩანს, რომ მობილურის შუქი მხოლოდ ზურგს მინათებდა და ახლა "ბოტასას" დაკვეთით მე ფერდობებზე არ ვირბენ!

- ბევრი ექსპერტიზაა დანიშნული, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დასრულდა არაგვის ხიდის ბურჯზე ნაპოვნი შავი ჩანთის ექსპერტიზა და მასზე არავის დნმ არ აღმოჩნდა, ამ ინფორმაციაზე რას იტყვით?

- გამოძიებას ჯერ არ მისვლია შეტყობინება, რომ ჩანთის ექსპერტიზის პასუხი მზად არის. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს და საიდან გავრცელდა ეს ხმები, არ ვიცი. ამ ექსპერტიზის პასუხი მე არ მინახავს, ამიტომ ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. არც ერთმა პროკურორმა, გამომძიებელმა ეს არ იცის.

ბევრი სამუშაოა ამ ექსპერტიზით ჩასატარებელი. 150 ნიმუშს უნდა შეადარონ, ამას კი დროს სჭირდება. იმედი მაქვს, აგვისტოს ბოლოს მზად იქნება ესეც და სხვა ექსპერტიზის პასუხებიც...

- 23-ე ტომში კიდევ ერთი მოწმის ჩვენება გაჩნდა. აგარაკზე მყოფი ახალგაზრდა ამბობს, როცა "მერსედესის" მგზავრები აგარაკზე დაბრუნდნენ, იქიდან გადმოსულმა ნიკა ჟვანიამ ხელიც კი დაიბანაო. ამ ჩვენების მერე ისიც ითქვა, თითქოს ჟვანია ასე კვალის წაშლას ცდილობდა - თავდასხმის დროს რკინის ჯოხით ხომ სწორედ ის იყო შეიარაღებული...

- ახლა იმის დრო არ არის, ვარკვიო, ხელი ვინ სად დაიბანა, ისედაც ძალიან დიდი დროა დაკარგული, დროის ერთი მესამედი იმაშია დაკარგული, ვიღაც რაღაც სისულელეს რომ იტყვის, ის ამოწმონ. თუკი ჩვენება იქნება საინტერესო, ეს აუცილებლად შემოწმდება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ იქ ტრაგედიის დროს მხოლოდ "ტოიოტა" იყო. ბავშვის მკვლელებმა პასუხი უნდა აგონ! თუ ვინმემ იცით, რომ იქ "ტოიოტას" გარდა სხვა მანქანაც იყო და გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, გვითხარით და შევამოწმებთ. იქნებ ჩვენ რაღაც არ ვიცით! ოღონდ ისეთი ამბები აღარ გვინდა, ზურგით რომ დასხეს მოწმეები და სისულელეები ალაპარაკეს.

მესმის, დაკავებულთა მშობლებს არ უნდათ, მათი შვილი უდანაშაულო ბიჭის მკვლელობაში იყოს მხილებული, მაგრამ ჩვენ რაღა ვთქვათ?! ჩვენ შვილი მოგვიკლეს და პასუხისგებაც არ უნდათ? გიორგის მკვლელობისთვის ყველას მოუწევს პასუხისგება!

ბრალდებულ ზ. ხ.-ს მამა: "შაქარაშვილს ან პოლიციამ სცემა, ან საბურთალოელებმა. სხვას ვის უნდა ეცემა?"(?!)

იმის მიუხედავად, რომ შაქარაშვილის დედამ მკაფიოდ გამოხატა ოჯახის პოზიცია ბიძის, მირიან ნიკოლაძის მიზანმიმართულ ლანძღვასთან დაკავშირებით, მის მიმართ ბრალდებები მაინც ისმის. მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა სასამართლოში არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. "მაგ სიმართლით იარე" - ეწერა მაისურზე. იქვე იყო შაქარაშვილის ფოტოსურათი წარწერით: "შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ".

თამაზ ხომასურიძე გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მისთვის სათქმელი აქვს. ირწმუნება, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, რაშიც გარდაცვლილის ბიძა მონაწილეობს:

"თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ ეს გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი, იმის მაგივრად, გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს. მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს... [ჩემმა შვილმა] შაქარაშვილი ტელევიზორში ნახა, როცა ეძებდნენ. როცა გაიგო, დაღუპული იყო, ორი-სამი ღამე არ ეძინა. ვახო ჩიქოვანი ტიროდა - რომ დაგვეჭირა, ხომ გადავარჩენდით მაინცო... დევნა არ ყოფილა. საბურთალოელების სამი მანქანა რომ ჩავიდა, იმათ სცემეს შაქარაშვილს - რატომ არ დაგვეხმარე, რატომ გაიქეციო. სხვას ვის უნდა ეცემა? ან პოლიციამ სცემა, ან მაგათ"(?!)