მიხეილ რამიშვილი: "ძალიან უნდათ, საქმეს ჩამომაშორონ" - კვირის პალიტრა

მიხეილ რამიშვილი: "ძალიან უნდათ, საქმეს ჩამომაშორონ"

"წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საქმე არც ისე იოლია..."

31 ივლისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე გარდაცვლილი 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებსა და ადვოკატს შეხვდა. "დეპარტამენტში ჯერ არაფერი იციან. ჯერ არც ის იციან, რომელი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, მხოლოდ ოჯახის კითხვები ჩაიწერეს. ამ საქმეს გააჯანჯლებენ... ესენი ხომ ამის ოსტატები არიან", - გვითხრა შეხვედრის შემდგომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

- საქმის მასალები რუსთავის სამხარეო პოლიციიდან ახლახან გადასცეს დეპარტამენტს. ჩამოყალიბდა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამ საქმეს გაუძღვება. იყო წინადადება, როცა გაგიხარდებათ, მობრძანდითო. ვუთხარი, ზუსტად ისეთი პირობები მინდა, როცა გამიხარდება კი არა, ყოველდღე მოვიდე და ჩავერთო საქმეში-მეთქი. ოჯახმა უამრავი კითხვა დასვა, ახლა მოემზადებიან და, ალბათ, გასცემენ პასუხს.

- დრონის ჩანაწერები თუ აქვთ? სატელეფონო ზარებითა და სმს-ებით თუ აქვს უწყებას გარკვეული, ვისთან ჰქონდა გოგონას გარდაცვალებამდე კომუნიკაცია? - დრონის ჩანაწერები და სატელეფონო ზარები თავიდანვე უნდა ყოფილიყო საქმეში. თუ არის, ჩემამდე არ მოსულა. ამ საქმეს გააჯანჯლებენ, მერე გენპროკურატურა წაიღებს და ახლა ისინი იტყვიან, გავეცნობითო. ამასობაში დრო გაიწელება არჩევნებამდე.

- ითქვა, რომ გოგონას ნოემბერში ორი დღის განმავლობაში გათიშული ჰქონია ტელეფონი. გამოძიებას ზარების ამონაწერი თუ აქვს. - ეს მამას უთხრეს, შენს შვილს 7-8 ნოემბერს ტელეფონი ჰქონდა გამორთულიო. იმ დღეებში ჰერეთში, კახში იყო ოჯახი თამუნას ბებიის დაკრძალვაზე. როგორც ჩანს, ის მაღალჩინოსანი, რომელმაც ოჯახს გამორთული ტელეფონის შესახებ უთხრა, ამას უარყოფს, პოლიციელ ბაჭულაშვილის მსგავსად ამბობს, არ მითქვამსო (კომპიუტერის წაღებიდან 3 დღეში რომ დაურეკა და მამას უთხრა, თქვენი შვილი შარშიაო).

- გოგონას "ფეისბუკის" გვერდი რომ გაქრა, ამას რით ხსნიან? - ვერაფრით. მე ოჯახს ვუთხარი, სასწრაფოდ მიმართონ "ფეისბუკის" ადმინისტრაციას, იქნებ დაადგინონ, ვინ გააქრო გვერდი. კომპიუტერის კლონირების შემდგომ მიმდინარეობს შემდეგი ეტაპი, რათა შესაძლებელი გახდეს მასალის წაკითხვა.

კომპიუტერი ხელახლა დავალუქვინე, მიუხედავად იმისა, შეთანხმებული ვიყავით, დალუქული კომპიუტერი ჩემი თანდასწრებით უნდა გახსნილიყო, პირობა დაარღვიეს, რამაც მეტი კითხვის ნიშანი გამიჩინა.

ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარებას ვაპირებ - მინდა საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანო FBI-ს ექსპერტები და დავადგინო, 18-დან 28 ივლისამდე (გაუჩინარების დღიდან კომპიუტერის გახსნის დღემდე) ხომ არ შეაღწიეს ძალოვანმა სტრუქტურებმა კომპიუტერში. აუცილებლად აღვადგენთ, შეღწევის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ იქნა მოპოვებული ან განადგურებული.

- ოჯახი საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

- FBI-სთვის მიმართვას პროცედურები სჭირდება, ამიტომ სპეციალისტებთან გავდივარ კონსულტაციებს. წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საქმე არც ისე იოლია, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია.

- თქვენ და "ემპათიამ" სახალხო დამცველს მიმართეთ. რას უკავშირებთ საზოგადოებაში გაჩენილ ზეწოლა-მუქარას? - ჩემსა და "ემპათიის" წარმომადგენლებზე ორგანიზებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის. ძალიან დაპირისპირებულ მხარედ ჩაგვთვალეს იმიტომ, რომ სიმართლე ვთქვით.

არის დაშინების მცდელობაც, ძალიან უნდათ საქმეს ჩამომაშორონ. ჩემს 14 წლის ბიჭსაც მისწვდნენ - რამდენიმე დღის წინ მესენჯერში ჩამიგდო ტექსტი, სადაც მე და მამაჩემს ცუდად გვიხსენიებენ.

- იმ ადგილებიდან, სადაც გოგონა გაუჩინარების დღეს იყო, ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოფირი ამოღებულია? - იმ ტერიტორიაზე რაც კამერებია, ყველას ფირების ამოღებაზე რახანია მივმართე გამოძიებას, მოთხოვნაც დავაყენე, რომ დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს. ყველაფერი უნდა გადამოწმდეს.

- ავტომანქანის ექსპერტიზა როდის ჩატარდება?

- ალბათ, მალე. ვაპირებ თამუნას ავტომობილის, "ჰიუნდაის" ფირმიდან წარმომადგენლების მოწვევას. საგამოძიებო ორგანოებმა და ექსპერტებმა ადგილიდან ყველანაირი კვალი აიღეს.

- სავარაუდოდ, იმ ადგილის, სადაც გარდაცვლილი აღმოაჩინეს, დრონის ჩანაწერი არ არსებობს. გამოძიებამ აღიარა კიდეც, იმ ადგილებში არ გვიძებნიაო... - პოლიციელებმა ძებნით თავი არ შეიწუხეს. როცა დიდი ამბავი ატყდა, განაცხადეს, ვეძებთ, ამას და ამას ვაკეთებთო. თავიდანვე თუ იძებნებოდა, დრონის ჩანაწერები მაშინვე საქმეზე თანდართული უნდა ყოფილიყო. თუ იმუშავეს, მაშინ რატომღა ითხოვს ხელმეორედ შსს-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფი 112-დან ჩანაწერის გამოთხოვას?

- თვითმკვლელობას გამოვრიცხავო, ამბობთ, რაზე დაყრდნობით?

- თვითმკვლელობისთვის ადამიანი ამხელა მანძილს არ გადის, რადგან შეიძლება მრავალჯერ შეეცვალოს აზრი; მეორე - ადამიანი, რომელსაც ათასგვარი გეგმა აქვს, პერსპექტიულია, ამას არ გააკეთებდა. თამუნას მეგობრებს ვესაუბრე, მის მოძღვარსაც, მისი განვლილი ცხოვრებაც შევისწავლე, მისი ოჯახის წევრებსაც დავაკვირდი... როცა სილამაზისკენ გაქვს სწრაფვა, ლამაზად მცხოვრებს ლამაზადაც გინდა წასვლა, ისე, რომ არ გაგიფუჭდეს სხეული.

- დედა რას ამბობს, სვამდა თუ არა თამუნა "კარდოლაქსს" ან "კლოფელინს"? - ვერ გეტყვით, მაგრამ ადამიანი თვითმკვლელობას თუ აპირებდა, გასახდომ ჩაის რატომ იყიდდა?

- რა პრობლემის გამოც თამუნა ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობდა, შეიძლებოდა სუიციდის მოტივი გამხდარიყო?

- ფსიქოლოგი ბევრს ჰყავს და მინიშნება, ესე იგი, რაღაც კარგად ვერ იყო და თავი იმიტომ მოიკლაო, ძალიან მიამიტური და ცუდი ფორმულირებაა.