"მსგავსი გამოცდილების ადამიანს რაიმე საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არც შეინახავდა" - წაშლილი ფაილების საიდუმლოება - კვირის პალიტრა

"მსგავსი გამოცდილების ადამიანს რაიმე საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არც შეინახავდა" - წაშლილი ფაილების საიდუმლოება

"კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მომხმარებელმა რაც უნდა წაშალოს, ის კვალს მაინც ტოვებს. ყველა მოქმედება სერვერულად იწერება და დოკუმენტირდება", - ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

- ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილის კომპიუტერზე ლუქი ახსნილი დახვდა. თქვენი აზრით, როდის გაიხსნა კომპიუტერი?

- როგორც ვიცი, კომპიუტერი სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრში გაიხსნა და ლუქი იყო თუ არა ახსნილი, ამას კომპიუტერში შეღწევასთან კავშირი არა აქვს.

- ვარაუდობენ, რომ ფაილების ნაწილი წაშლილია, გახსნის დღეს გაქრა გოგონას "ფეისბუკის" გვერდიც... - თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპიუტერში ნებისმიერი წაშლილი ფაილი აღდგეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ამის საშუალება. ამერიკასა და FBI-სთან ურთიერთობა იმ დონეზეა, რომ ყველანაირი დახმარება შესაძლებელია. ფაილების აღდგენა საქართველოშიც შეიძლება.

- აკაუნტის გაქრობა გარედან, სხვისი ხელით შესაძლებელია?

- თუ პაროლი და პასვორდი იცი, შესაძლებელია.

- რა დრო შეიძლება დასჭირდეს წაშლილი ფაილების აღდგენას?

- სამართალდამცავი სტრუქტურების მოთხოვნით "ფეისბუკის" ადმინისტრაციას შეუძლია ფაილები დააბრუნოს. კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მომხმარებელმა რაც უნდა წაშალოს, ის კვალს ყოველთვის ტოვებს.

- იმის დადგენა და აღდგენა თუ შეიძლება, ადამიანმა რა დროს და სად წაშალა ინფორმაცია? - წაშლა არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია სისტემიდან ამოიშალა, უბრალოდ, მას იქ ვეღარ ვხედავთ, სადაც ადრე იყო.

- შესაძლებელია კონტრაქტორი კომპანიებისგან მიღებული და შემდგომ გაგზავნილი ინფორმაციის აღდგენა? - კომპიუტერულ სისტემაში ყველა მოქმედების აღდგენაა შესაძლებელი, თუ ის მოყვარულმა წაშალა, მაგრამ თუ ერთმანეთს ებრძვის ორი კიბერდანაყოფი, საქმე გართულდება, მაგრამ აღდგენა მაინც შესაძლებელია. თუ გოგონას კომპიუტერში არ არის, მაშინ იქნება იმ პლატფორმების სერვერზე, როგორიცაა "გუგლი", "ფეისბუკი", "იაჰუ" და სხვა, რომლებიც გოგონამ გამოიყენა.

გოგონას ბექგრაუნდიდან გამომდინარე, მას რთული პაროლი უნდა ჰქონოდა. კომპიუტერის მცოდნეს, პროგრამისტს, რომელიც სახლში არაფერს ამბობდა თავის საქმიანობაზე, პასვორდიც დამალული ექნებოდა. მეორე მხრივ, მსგავსი გამოცდილების ადამიანს რაიმე საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არც შეინახავდა. ამიტომ ისიც დასაშვებია, რომ კომპიუტერზე მარტივი პასვორდი ჰქონოდა და მასში სერიოზული არც არაფერი აღმოჩნდეს.

- ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონას საიდუმლო ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში, გახსნა ისეთი სქემა, რაც მისი ლიკვიდაციის მიზეზი გახდა. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით კი, რიგით პროგრამისტს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა. - არა მგონია, გოგონას ისეთ ინფორმაციაზე ჰქონოდა წვდომა, რაც მის ლიკვიდაციას განაპირობებდა. არც ის არის გამორიცხული, ეს ტრაგედია არა სამსახურთან დაკავშირებული, არამედ ყოფითი პრობლემა იყოს.

- გამოითქვა ვერსიაც, რომ გამოძიება რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ეძებს, შეიძლება კიბერშპიონაჟთან გვქონდეს საქმე? - კიბერშპიონაჟში რუსეთი იმდენად აქტიურია, მით უმეტეს, საქართველოში, ბუნებრივია, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად ამასაც განიხილავდეს. პრობლემა ის არის, რომ გამოძიება ვერ იქნება გამჭვირვალე. ჩვეულებრივი ყოფითი მკვლელობაც რომ იყოს, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ტელევიზორში ჩვენს ნათქვამს მკვლელიც უსმენს, რადგან ის დაკავებული არ არის, დაკავებულიც რომ იყოს, ეს მისი ადვოკატისთვის დაცვის ტაქტიკის შემუშავების საშუალება გახდება. არა, მასმედია არ უნდა გაჩუმდეს, განხილვა უნდა იყოს, რადგან საზოგადოებრივი ზეწოლა გამოძიებას ძალიან შველის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ გამოძიება ყოველთვის სრულყოფილ პასუხს ვერ გაგვცემს.

- შესაძლებელია, რომ პროგრამისტმა შემთხვევით რომელიმე ჯაშუშური პროგრამა გადმოწეროს? ან სადაც მუშაობდა, ბაჩალიაშვილი იმ კომპანიის ბექგრაუნდზე დამაზიანებელ მასალას წააწყდა? - გოგონა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა. დანარჩენი - ჩანთაში აღმოჩნდა თუ არა წამალი და ასე შემდეგ, არაფერს ნიშნავს, არც ის, ფსიქოლოგთან დადიოდა თუ არა. ამიტომ ამ ინფორმაციით არც რაღაცის დადასტურება შეიძლება, არც გამორიცხვა.

- კომპანია "ზეგის" მფლობელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მათი საქმიანობა გარკვეულწილად შეიცავს საიდუმლო მასალებთან წვდომას.. - ეს კომპანია არ მუშაობს საქართველოზე, მაგრამ აქ ოფისი ჰქონია. ეს მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან აქაური პროგრამისტის ანაზღაურება ბევრად ჩამოუვარდება ამერიკელი ან ფრანგი პროგრამისტისას. რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციას, მე როგორც აღვიქვი, ლაპარაკია არა სახელმწიფოებრივ საიდუმლოებაზე, არამედ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. მე თუ ვიღაცას პროგრამას ვუქმნი, ეს სხვა კლიენტს არ უნდა გავანდო, თორემ ფინანსები და მერე პერსონალური ინფორმაციაც გაჟონავს. ამიტომ მე ხელს ვაწერ, რომ კონფიდენციალურობას დავიცავ. თუმცა ინფორმაციის უნებლიე გამჟღავნებაც შეიძლება გახდეს შურისძიების ან დასჯის საფუძველი.

- რამდენად აუცილებელია საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვა?

- ჩვენებს ყველაფრის აღდგენა და გამოძიება შეუძლიათ, მაგრამ FBI-ს ჩვენზე მეტი შესაძლებლობა აქვს და მათი რესურსის გამოყენება საქმეს წინ წასწევს.

- ფაილების შესწავლას დიდი დრო უნდა? - ათასობით ფაილი იქნება აღსადგენი. ეს მით უფრო რთულია, როცა პატრონი არ არის ცოცხალი.

იხილეთ ასევე: "თამუნას საფრანგეთიდან ვიღაც ლექტორის შეთავაზებაც ჰქონია, მაგრამ უარი განაცხადა, ვფიქრობ, რაღაცის გამო, რაღაც შიშის გამო..."