"მწყემსის საკითხი რატომ არავინ გამოიძია? პოლიციელი აფციაური რომ ელაპარაკება და რაღაც კოდურ სიტყვას "შეშას" ახსენებს... ეს საეჭვოდ არ მოგეჩვენათ?"
"მწყემსის საკითხი რატომ არავინ გამოიძია? პოლიციელი აფციაური რომ ელაპარაკება და რაღაც კოდურ სიტყვას "შეშას" ახსენებს... ეს საეჭვოდ არ მოგეჩვენათ?"
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

როგორც "კვირის პალიტრასთან" გოგონას მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, მისი მოთხოვნა იყო, რომ საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცემოდა, რადგან "სამხარეო პოლიციაში
ბევრ უსამართლობას შეეეჩეხა".

- კარგია, რომ გადასცეს. დეპარტამენტში არის რამდენიმე კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელთაც გულთან მიიტანეს ჩვენი ტრაგედია და იმედი ჩამესახა, რომ სამართლიან გამოძიებას ჩაატარებენ. რა გული უნდა გქონდეს ადამიანს, რაც ხდება, ამას რომ გაუძლო? აღარ შემიძლია. ძალიან ცუდად ვარ, ყველანაირად მკლავენ და მაუბედურებენ.

- თქვენმა
მეუღლემ, ქალბატონმა თეონამ თქვა, ჩემმა შვილმა რაღაც სქემები გახსნა და თავისი სიკვდილით ოჯახი გადაარჩინა, თავი გაწირაო. რას ნიშნავს ეს?
- ასე გამოდის. ბავშვი სახლში ნაღვლიანი მოდიოდა და არაფერს გვეუბნებოდა, კომპიუტერთან ჯდებოდა, ზოგჯერ ცუდად ხდებოდა. ვეკითხებოდი, რა მოგდის, შვილო, მითხარი, რით დაგეხმარო-მეთქი. გულს არ მიხსნიდა.

თამუნა ძალიან მიზანდასახული, ბეჯითი და ნიჭიერი გოგო იყო, ათას გეგმას სახავდა და თავი რატომ უნდა მოეკლა? ამასთან, მორწმუნე, ანგელოზივით ბავშვი იყო, მარტო წიგნები, სწავლა და კომპიუტერი აინტერესებდა და აი, კომპიუტერმა დაღუპა.

მაინტერესებს, იმ მწყემსის საკითხი რატომ არავინ გამოიძია? პოლიციელი აფციაური რომ ელაპარაკება და რაღაც კოდურ სიტყვას "შეშას" ახსენებს? თან როგორც კი იმ აფციაურმა დაურეკა, მწყემსმა მაშინვე უთხრა, ჟურნალისტებმა დამიჭირესო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ პოლიციელს ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა. ეს საეჭვოდ არ მოგეჩვენათ? კომპიუტერი გახსნეს, ექსპერტი ჩამოგვაშორეს... ამ ყველაფერზე რა ვიფიქრო და რა ჭკუაზე უნდა ვიყო?

- ანუ გაგიმყარდათ ეჭვი, რომ თამუნას კომპიუტერი იმავე დღეს გახსნეს, რა დროსაც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ბაჭულაშვილმა დაგირეკათ და გითხრათ, თქვენს შვილს დიდი პრობლემები აქვსო?
- ბაჭულაშვილს სიმართლე წამოსცდა, მერე ინანა, ამიტომაც აღარ გვიპასუხა ტელეფონზე, საბოლოოდ კი ყველაფერი უარყო. ის გოგონაც, მაწევანში რომ ჩაწერეს, ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ისეთი გულწრფელი ჩანდა... 100%-ით დარწმუნებულმა თქვა, თამუნა ვნახეო. ეტყობა, მერე შეაშინეს ბავშვი და ახლა უარყოფს.
საქმე უარესობისკენ მიდის. რისი იმედი უნდა მქონდეს, როცა არაფერში გვახედებენ და საქმეს გვაშორებენ ექსპერტიანად. ჩალით ყოფილა ეს ქვეყანა დახურული.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ადგილას, სადაც თამუნა იპოვეს, არა მისი "ჰიუნდაის", არამედ სხვა, შედარებით დიდი მანქანის კვალია.
- კვალი მე არ მინახავს, ჩემი შვილი იმ მდგომარეობაში რომ დავინახე, გავითიშე. როგორც მომიყვნენ, იქ თამუნას მანქანის კვალი არ ყოფილა, სხვა მანქანის უნდა იყოსო. ერთმა იქაურმა გოგონამაც ხომ თქვა, წინა დღეებში მანქანა იქ არ დაგვინახავსო. ყველაფერი ასე როგორ ემთხვევა?
როგორც ვიცი, მანქანის ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. ვფიქრობ, კომპიუტერსა და ტელეფონთან ერთად, მასზე დასკვნაც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები