თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, საქმეში FBI ჩართვის მოთხოვნით, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, საქმეში FBI ჩართვის მოთხოვნით, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა საქმეში FBI ჩაერთოს.

დედა ასევე აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.

თეონა თამაზაშვილმა საელჩოს შენობის წინ დაიჩოქა და საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ ითხოვა. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"