"ტყუილია, რომ ბუსას გოგონა ძალის გამოყენებით მოჰყავდა... ის იქ არ ყოფილა" - რას ამბობს ჟვანიების ოჯახის ახლობელი თოფაძეების სახლში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე? - კვირის პალიტრა

"ტყუილია, რომ ბუსას გოგონა ძალის გამოყენებით მოჰყავდა... ის იქ არ ყოფილა" - რას ამბობს ჟვანიების ოჯახის ახლობელი თოფაძეების სახლში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად პროკურატურამ უკვე წაუყენა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. თოფაძის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გახდა. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. სამართალდამცველებმა ჟვანია 02 აგვისტოს დააკავეს. 3 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

ისიც ცნობილია, რომ დაჭრილი ლევან თოფაძე დაზარალებულად უკვე ცნეს და საქმის მასალებს ახლა მისი ადვოკატი გიორგი ანთაძე გაეცნობა.

როგორც შევიტყვეთ, ბრალდებულ ბუსა ჟვანიას, ადვოკატი ირმა ჭკადუა დაიცავს, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ადვოკატი არ ადასტურებს. ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. "ჯერ არ მაქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და ჰაერში როგორ გავაკეთო კომენტარები? ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", -გვითხრა ირმა ჭკადუამ.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის თქმით, ბუსა ჟვანიამ მისი შვილისშვილის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და ამით ის ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას: "მან პასუხი უნდა აგოს", -ამბობს გოგი თოფაძე, თუმცა როგორც ჟვანიების ოჯახის ახლობელმა გვითხრა, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჟვანიამ თავი დაიზიანა.

"მოვისმინეთ ეს განცხადება, რომ თითქოს თავი დაიზიანა. ის რაც თქვა გოგი თოფაძემ არის აბსურდი. თვითდაზიანება მიიყენაო, ამის თქმა უხერხულია. ბიჭი დაჭრილია და საავადმყოფოში წევს. ისიც ტყუილია, რომ ბუსა შეუვარდა მათ სახლში. ბუსა იმყოფებოდა თოფაძეების სახლში და იქ მოხდა კონფლიქტი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის გოგოც იქ იმყოფებოდა, ვის გამოც მოხდა ეს კონფლიქტი, ამ ინფორმაციასაც არ ვადასტურებ. ესეც ტყუილია. ის გოგო იქ დაჭრის დროს ნამდვილად არ იმყოფებოდა, ამის თქმა ცალსახად შემიძლია. ტყუილია, რომ ბუსას გოგონა ძალის გამოყენებით მოჰყავდა, კატეგორიულად ვამბობ, რომ იქ არ ყოფილა იმ დროს ის გოგო, სხვა ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ჟვანიების ოჯახის ახლობელმა.

სულ სხვა ინფორმაცია აქვს დაჭრილი ბიჭის ოჯახს. გოგი თოფაძე ამბობს, რომ ჟვანია მის შვილიშვილს სახლში მიუვარდა და  სასტიკად გაუსწორდა. " ჩემი შვილიშვილის მეგობარი ჩავიდა ეზოში, შეხვდა ამ მამაკაცს და აიყვანა სახლის მეოთხე სართულზე, სადაც იყვნენ შეკრებილები ჩემი შვილიშვილი და მისი მეგობრები. ის გამთენიისას, 5 საათზე მოგვივარდა სახლში და დაჭრა ჩემი შვილიშვილი, ამის შემდეგ გაიქცა,",- ამბობს გოგი თოფაძე.

ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას გამოიყენებს და ის მომხდარის დეტალებზე გამოძიებას ჯერჯერობით ჩვენებას არ მისცემს.

სამართალდამცავებს უკვე დაკითხული ჰყავთ დაჭრილის ოჯახის წევრები და ის მეგობრები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ. ჟვანიების ოჯახის ახლობელი არ საუბრობს იმაზე, მეგობრობდნენ თუ არა აქამდე ლევან თოფაძე და ბუსა ჟვანია.

ერთი ვერსიით, საქმეში ასევე ფიგურირებს მაკრატელიც, თუმცა ოფიციალური უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ამოღებული აქვს და ბუნებრივია ამ ნივთმტკიცებას ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოიყენა თუ არა ვინმემ მაკრატელი, ესეც გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. ექსპერტიზა ალბათ იმასაც იტყვის, შეიძლებოდა თუ არა ასეთი დაზიანება ბრალდებულ ჟვანიას თავისი ხელით მიეღო.

(სპეციალურად საიტისთვის)