"დღეს არის გადამწყვეტი დღე"... რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"დღეს არის გადამწყვეტი დღე"... რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ განუცხადეს, რომ ელჩი კელი დეგნანი ამჟამად ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მათი მოთხოვნები აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია. როგორც საელჩოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიურო მაშინ ჩაერთვება, თუ ეს სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება.

"მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. პასუხი მითხრეს, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოსო. დღეს არის გადამწყვეტი დღე, დაიდება მანქანისა და კომპიუტერის ექსპერტიზა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახის სამომავლო გეგმები ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების ქმედებებზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.