"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით და თაღლითობით 20 თვეა კომაშია" - რას ამბობს ადვოკატი ე.წ. ექიმების საქმეზე? - კვირის პალიტრა

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით და თაღლითობით 20 თვეა კომაშია" - რას ამბობს ადვოკატი ე.წ. ექიმების საქმეზე?

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" -

პაციენტი, რომელსაც "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს, კომატოზურ მდგომარეობაში 20 თვის განმავლობაში იმყოფება.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ელემენტარული უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. მე მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია რომ ექიმებს არ ჰქონდათ საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია", - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"