"მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა" - რას ამბობს დაკავებული ექიმების ადვოკატი?
"მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა" - რას ამბობს დაკავებული ექიმების ადვოკატი?
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დაკავებული ექიმების ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, ოპერაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაატარეს, ოღონდ იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით, რაც პაციენტმა იცოდა.

როგორც სალომე ჯანუაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და პროკურატურის განცხადებას არ ეთანხმებიან.

"მათ აქვთ სიმართლე, რომ იტალიელი ექიმები არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და არაერთი წარმატებული პროექტი ჩაატარეს მათ ერთად. იმ სამედიცინო პროცედურებს, რა თქმა უნდა, თვითონაც ესწრებოდნენ. მე არ გადმომცემია საქმის მასალები და
ის, რაც ბრიფინგზე გაჟღერდა, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს ყველაფერი გაკეთდა იტალიელი ექიმების ჩართულობით, თანდასწრებით, მეთვალყურეობით, როგორც ეს იყო განსაზღვრული და როგორც პაციენტი იყო ინფორმირებული.

პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხვა მოლოდინი გაუჩინეს პაციენტს და იყო სხვა, ეს არის არასწორი. პაციენტს რა პროცედურის მოლოდინიც ჰქონდა და
ვის მიერაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩატარდებოდა, ზუსტად ისე წარიმართა პროცედურა, ანუ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა, ისე როგორც პაციენტმა იცოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავებულ ექიმებს ლიცენზია აქვთ.

"საქმის მასალებში დევს, რომ იტალიელი ექიმები იყვნენ ჩამოსულები, ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკაში იყვნენ მივლინებული, ესწრებოდნენ და კონსულტაციებს უტარებდნენ ექიმებს და ესწრებოდნენ პროცედურებს. ეს უკვე დადასტურებულია და დევს საქმის მასალებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.
"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?