"ბუსა ჟვანიამ კლინიკაში მისვლისას ვინაობა დამალა და სხვა სახელით და გვარით დაფიქსირდა" - კვირის პალიტრა

"ბუსა ჟვანიამ კლინიკაში მისვლისას ვინაობა დამალა და სხვა სახელით და გვარით დაფიქსირდა"

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სხდომას ესწრება ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია და ასევე, დაკავებულის დედა, ნინო ქადაგიძე.

როგორც პროცესზე პროკურორმა განაცხადა, ბუსა ჟვანიამ კლინიკაში მისვლისას ვინაობა დამალა და სხვა სახელით და გვარით დაფიქსირდა. პროკურორი მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაკავებული პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

"ვინაობა იმიტომ დამალა, რომ დედამისს არ ენერვიულა" - განაცხადა პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, რომელიც ჟვანიასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)