"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - კვირის პალიტრა

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა დასაქმებული და სად, უპასუხა, რომ"ეროვნულ ბანკში სპეციალისტად მუშაობს".

პროცესის დასრულების შემდეგ დაკავებულის დედას  კომენტარი არ გაუკეთებია.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი"  განუცხადა kvirispalitra.ge-ს ნინო ქადაგიძე- ჟვანიამ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

(სპეციალურად საიტისთვის)