"ინციდენტამდე ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ბიჭებმა ტელეფონითაც იკამათეს" - ახალი დეტალები თოფაძეების სახლში მომხდარ გარჩევაზე
"ინციდენტამდე ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ბიჭებმა ტელეფონითაც იკამათეს" - ახალი დეტალები თოფაძეების სახლში მომხდარ გარჩევაზე
მძიმედ დაჭრილი ლევან თოფაძე ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში რჩება. ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელიც მუცელში იყო დაჭრილი, კლინიკიდან გუშინ, 4 აგვისტოს გაწერეს. ის ჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო დღის 5 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს.

ბესარიონ( ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები ირმა ჭკადუა და თეონა გვაზავა იცავენ. ადვოკატმა თეონა გვაზავამ პროცესის გახსნისთანავე
შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სხდომის დახურვა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ შესაძლოა პროცესზე პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვებულიყო. თუმცა ამას არ დაეთანხმა არც პროკურორი და არც მოსამართლე. მოსამართლემ განმარტა, რომ საქმის არსებით განხილვაში არ შედიოდა, მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებდა და ამიტომ სხდომა არ დაუხურავს. "გამოძიებით
დადგინდა, რომ 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე"
, - განმარტა პროკურორმა.

ბრალდებულს მომხდარის დეტალებზე არაფერი უთქვამს, რადგან მას დუმილის უფლება აქვს არჩეული. მხოლოდ ვინაობა გააცნო სასამართლოს. "დავიბადე თბილისში... ვარ უმაღლესი განათლებით, ვმუშაობ ეროვნულ ბანკში სპეციალისტად". ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ბუსა ჟვანიას გათავისუფლება 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ მოითხოვა. იქვე უსაყვედურა პროკურორებს იმის გამო, რომ არაფერი თქვეს თავად ბრალდებულის დაჭრაზე. "სამი დღე იწვა ბიჭი საავადმყოფოში, მას აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები და ამაზე არც კი უსაუბრიათ პროკურორებს და არც საქმეშია რამე ამ ფაქტზე ნათქვამი. ბრალდება ითხოვს უალტერნატივოდ უნდა შეეფარდოს პატიმრობაო და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია რომ მეორე მხრივ ბრალდებული დგას, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები. წარსულში ნასამართლევი არ არის. მხოლოდ პატიმრობაზე საუბარი არ არის სწორი",- განმარტა ირმა ჭკადუამ.

პროკურორმა ჭკადუას ასე უპასუხა: "ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავარკვიოთ ისიც, ბესარიონ ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანება რითი აქვს მიყენებული, ვცდილობთ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და გაირკვეს, როგორ მიიღო ჟვანიამ დაზიანება. თუმცა ამ დრომდე ბესარიონ ჟვანია არ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, მას რომ სურდეს რეალობა გაირკვეს, იტყოდა რა დროს და როგორ მიიღო დაზიანებები. მან აირჩია დუმილის უფლება. როცა მოგვაწვდის ინფორმაციას, მზად ვართ მაშინ გამოვკითხოთ. დაზარალებული კი ჯერ ვერ დაიკითხა, რადგან უგონო მდგომარეობაშია", - განმარტა პროცესზე პროკურორმა და ისიც თქვა, დაჭრილი ბუსა ჟვანია ექიმების შეცდომაში შეყვანას შეეცადა საავადმყოფოში და იქ მისულმა თავისი ვინაობა დამალაო. ადვოკატის თქმით კი, ბუსა ჟვანიამ ვინაობა მხოლოდ იმიტომ დამალა, რომ არ უნდოდა ეს ამბავი დედამისს გაეგო და ენერვიულა.

როგორც პროკურორის მონათხრობით ირკვევა, ფაქტის თვითმხილველი ახალგაზრდები, რომლებიც მოწმის სტატუსით ჰყავს დაკითხული გამოძიებას, როგორც ბუსა ჟვანიას, ასევე ლევან თოფაძის მეგობრები არიან. "ჟვანიას მეგობრობა აკავშირებს საქმეში გამოკითხული მოწმეების უმრავლესობასთან, კარგად იცნობს დაზარალებულს, სამწუხაროდ ის არ არის გამოკითხული. არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების გამო ჟვანიამ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება. ასევე მას აქვს ბრალი გაცნობიერებული და მოსალოდნელი პასუხისმგებლობას თავი რომ აარიდოს, შეიძლება მიემალოს კიდეც გამოძიებას",- განაცხადა პროცესზე პროკურორმა. არც ის დაუმალავს, რომ ამ ინციდენტამდე ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და რომ ბიჭებმა ტელეფონითაც იკამათეს "ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას სატელეფონო საუბრის დროს. გამოკითხულია მოწმე, რომელიც განმარტავს, რომ სატელეფონო საუბრის ინიციატორი ბესარიონ ჟვანია იყო. მან გამოთქვა პრეტენზია ლევან თოფაძის მიმართ, მერე ეს უკანასკნელი მივიდა საცხოვრებელ სახლში და მოკვლის განზრახვით მიაყენა დაზიანებები ლევან თოფაძეს, ასაკოვანი ბებიის და მოწმეების თვალწინ", - განმარტა ბრალმდებელმა.

გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგოს გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებას უკვე დაკითხული ჰყავს კიდეც ის გოგონა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგო ფაქტს არ შესწრებია და ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად 2 დანა ამოიღეს. სავარაუდოდ ორივე დანაზე ექსპერტიზა ჩატარდება და გაირკვევა ვისია ეს დანები, გაირკვევა ისიც, ვისი დნმ-ი აღმოჩნდება დანაზე და ვინ ვის მიაყენა ამ დანით დაზიანება. დაჭრეს თუ არა ერთმანეთი ბუსა ჟვანიამ და ლევან თოფაძემ, თუ კიდევ მესამე პირი მონაწილეობდა კონფლიქტში, რომელმაც ბუსა ჟვანია დაჭრა, ეს და სხვა ბევრი დეტალი საქმის ირგვლივ გამოძიებით უნდა გაირკვეს. ჟვანიების ახლობელი კატეგორიულად არ ეთანხმება გოგო თოფაძის გავრცელებულ ვერსიას, რომ ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება, მას შემდეგ რაც ლევან თოფაძე დაჭრა. ადვოკატი ირმა ჭკადუაც ამბობს, რომ ამაზე საუბარი აბსურდია და ბუსა ჟვანია ვინ დაჭრა, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა და სასამართლოდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. სწორედ იქ დაელოდება საქმის დასრულებას და მოსამართლის საბოლოო ვერდიქტს ბრალდებული. ჯერჯერობით არც ადვოკატი გიორგი ანთაძე გასაუბრებია დაჭრილ თოფაძეს და არც სამართალდამცავებს დაუკითხავთ იგი, თუმცა ცნობილია, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა.

სასამართლო სხდომას ბრალდებულის ბიძა, გოგლა ჟვანია, დედა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია და ბუსას დები ესწრებოდნენ. რატომღაც დარბაზში მოსამართლემ ოჯახის სხვა ახლობლები არ დაუშვა.
სხდომის დაწყებამდე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დარბაზში პირჯვარი რამდენჯერმე გადაისახა. სხდომის დასრულების შემდეგ მას განმარტება ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია, ისე დატოვა სასამართლოს ტერიტორია. დარბაზიდან გამოსულ ნინო ჟვანიას კომენტარი ვთხოვეთ, ამაზე მისი პასუხი ასეთი იყო: "რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი". კომენტარზე უარი გვითხრა გოგლა ჟვანიამაც. მას არ დაუმალავს საქმის დეტალები რომ იცის, თუმცა საუბრისგან თავი შეიკავა.

გოგლა ჟვანია:
- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რამეს ცვლის ამაზე საუბარი? არანაირ კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ, მთავარია ის ბიჭი გადარჩა. გოგი თოფაძის გამოსვლის ფსიქოლოგიური ანალიზი რომ გააკეთოთ ეს საკმარისია ჟურნალისტებისთვის, ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აღმოაჩენთ ჟურნალისტები, მაგრამ ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. რა აზრი აქვს კომენტარებს, შოუ უნდა შედგეს. ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მიმაჩნია საჭიროდ ახლა დეტალებზე საუბარი. დაველოდოთ ბიჭის გამოჯანმრთელებას. მთავარია კარგად მიდის გამოჯანმრთელების პროცესი, პალატაშია უკვე გადაყვანილი. იმედია თვითონ მისცემს ჩვენებას და საინტერესოა რას იტყვის. გაირკვევა ბევრი რამ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები