"საქმე შეკერილია“ - რას ამბობს დაკავებული ექიმების ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"საქმე შეკერილია“ - რას ამბობს დაკავებული ექიმების ადვოკატი?

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის დაკავებული ექიმის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ სასამართლომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს, ან უკიდურეს შემთხვევაში მათ მიმართ გირაო გამოიყენოს.

როგორც ჯანუაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ექიმების მიმართ "შეკერილია“.

"ჩვენი მოთხოვნა სასამართლოსთვის იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იყოს გამოყენებული, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსს და არ არის დანაშაული. შესაბამისად, ჩვენი პირველადი მოთხოვნა იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ გამოიყენონ და გათავისუფლდნენ ისინი სხდომის დარბაზიდან. დარწმუნებული ვარ მოსამართლის გონიერებაში და კვალიფიციურობაში, მაგრამ თუ

ის მაინც ჩათვლის, რომ პროკურატურის წარმოდგენილი ბრალი არის ჭეშმარიტება, ამ შემთხვევაში ალტერნატივის სახით ვთავაზობთ გირაოს“, - განაცხადა ჯანუაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული მხარე აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს.

"წარმოუდგენელ რამეს ამბობს დაზარალებული მხარე, არსებობს თარიღი, არსებობს ლიცენზია, ჯანდაცვის სამინისტრო და ის უწყებები, რომელმაც ეს ლიცენზიები გასცა. წარმოუდგენელია რაიმე ჩარევა ყოფილიყო და ლიცენზიები ახლა გაეცათ. ამიტომ, ეს იგივენაირი აბსურდია, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმე ამ სამი ადამიანის მიმართ შეკერილი, წარმოებული. ეს არის სრული აბსურდი ყოველგვარ სამართლებრივ, შინაარსობრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"