"ვუთხარი კიდეც, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ-მეთქი" - რა კომენტარს აკეთებს ბაჩალიაშვილის დედა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"ვუთხარი კიდეც, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ-მეთქი" - რა კომენტარს აკეთებს ბაჩალიაშვილის დედა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ!, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების სისწორის არ სჯერა.

"არ მჯერა მე მათი! ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის სარწმუნო, იქნებ ისიც ნახეს ინტერნეტში, რომ თეთრიწყაროს რაიონში უფრო ადვილი იყო სიკვდილი და სხვაგან არა?

დღეს ვიყავი იმ ჭელიძესთან შეხვედრაზე და ვუთხარი კიდეც, ბავშვი სახლში მოსვენებული არ იყო და წერილი, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ასევე ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ, მაშინვე გინდოდათ თვითმკვლელობის იარლიყი მიგეკერებინათ-მეთქი. ისევ თავიდან აამოქმედეს ეს ყველაფერი, რადგან საქმეში FBI-ის ჩართულობა მოვითხოვეთ. კი ბატონო, დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, რომ თვითმკვლელობაა, არ მჯერა მე მათი! ახლა უფრო გავძლიერდებით და ახლა უფრო მოვითხოვთ FBI-ს ჩართულობას", - განაცხადა თამაზაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"