"წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა? - კვირის პალიტრა

"წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ წერილი, რომელიც სამართალდამცველებმა მანქანაში აღმოაჩინეს, მის შვილს სხვებმა დააწერინეს.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე "მზაკვრულად დაგეგმილია".

"წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს. ეს ძალიან მზაკვრულად იყო დაგეგმილი და ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა. თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება და ისიც იყო გამოკვლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, ისედაც მიხვდებოდა, რომ რამე რომ შემთხვეოდა მაინც ოჯახი გამოვიყენებდით იმ თანხას, ამას დაწერა რად უნდოდა. უბრალოდ, ეს სჭირდებოდათ იმიტომ, თვითმკვლელობის ვერსია რომ გამართლებული ყოფილიყო. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას და საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა. იცოდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა. რასაც შრომობდა, აგროვებდა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"