პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა - კვირის პალიტრა

პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა

პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველა ინფორმაცია მიაწოდეს.

ის ასევე ინტერესდება, ჩატარდა ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

" კომპანიას და კომპანიის თანმამშრომლებს ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული აქვთ. რა უნდათ კიდევ, ნამდვილად არ ვიცი. ამასთანავე, მებადება კითხვა, ბაჩანა ლობჟანიძის მითითებებით, მისი მინიშნებებით თუ აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. ასევე, საინტერესოა და კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა და იქ მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. დღეს დაიწყო თანამშრომლების პირადი სახლის ჩხრეკა. მე, როგორც ადვოკატი ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რა ინფორმაციას ეძებენ, ან რა სურთ, ვერ გეტყვით",-აცხადებს მირიანაშვილი.

კომპანიაში "ზეგ" გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"