"ვითხოვთ, შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა" - კვირის პალიტრა

"ვითხოვთ, შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა"

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროვოს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით, უწყება ცდილობს საზოგადოებაში გაავრცელოს აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა.

"მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, რომ თამუნას ფსიქოლოგი ჰყავდა, რომ მის საქმეში აღმოჩენილია წერილი, აბები და მერე უკვე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაავრცელეს, რაც პირდაპირ უთითებს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირ ვერსიაზე არ მუშაობდნენ“, - აცხადებს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"