"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?
09-08-2020
"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?
"ისე იყვნენ გაგიჟებულები, ვერავინ ეკარებოდა... ისროდნენ ქვებს, ბენზინიან ნაჭრებს აგდებდნენ სახლებში და მერე ცეცხლს უკიდებდნენ"

8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირებისა და ინციდენტის შემდეგ, ახალქალაქში ვითარება ამჟამად სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძე ჩავიდა. მისი თქმით, დაკავებულია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი. "გუშინ, ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. ამავე საქმეზე გამოძიება
მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირია დაშავებული და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

უკვე ცნობილია, რომ 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალქალაქში მცხოვრები არტურ გაბრიელიანია დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, 8 აგვისტოს კიდევ ერთი დაჭრილი მოათავსეს კლინიკაში, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის უკვე გაწერეს. მკვლელობის შემდეგ მოკლული ბიჭის ახლობლებმა ჯერ მკლელობაში ბრალდებულის მამის სასტუმრო დაწვეს და შემდეგ ჩხუბში მონაწილე პირების სახლები გადაწვეს.
სულ დამწვარია 4 ადგილობრივის სახლი და ერთი სასტუმრო. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში ადასტურებს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი:
- ამ წუთას სიმშვიდეა ახალქალაქში. მოხდა დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის, საქმის გარჩევა იყო, ზუსტად ვერ გეტყვით მიზეზს, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება ხალხში და დაველოდოთ გამოძიება რას გაარკვევს. დაკავებულია ერთი პირი, მუშაობენ სამართალდამცავები.

- ჩხუბში მონაწილეების სახლებია დამწვარი?
- დიახ, ეს სახლები ეკუთვნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და როგორც ამბობენ, ჩხუბში მონაწილეოდბდნენ. გარდაცვლილია სოფელ კულიკამის მაცხოვრებელი ახალგაზრდა და გარდაცვლილის ბიჭის ხალხმა დაწვა მონაწილეების სახლები, ასე გამოდის. ასე ამბობენ, ისინი მივიდნენ იმ სახლებში და ცეცხლი წაუკიდეს.

- დამწვარი სასტუმრო ვის ეკუთვნის?
- მკვლელობისთვის დაკავებულის მამის არის ეს სასტუმრო, რომელიც ასევე იმ ხალხმა დაწვეს. მოკლულზე ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია. ის სოფელ კულიკამის მაცხოვრებელი იყო. ახლა სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალამცველები აკონტროლებენ.

კიდევ ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რასაც შემდეგ საქმის გარჩევა და სისხლისღვრა მოყვა.

"როგორც ვიცი სამველ გაბრიელიანის სასტუმროში იმ ბიჭებს ნომრები ჰქონდათ დაჯავშნილი, მაგრამ რომ მისულან გაბრიელიანს უთქვამს, ჩემი სასტუმრო არ მუშაობსო, ამის გამო მოხდა კონფლიქტი მათ შორის, შემდეგ კი ამას გაგრძელება მოყვა და საქმის გასარჩევად ახალგზარდები 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ. არ ვიცი ორივე მხარე იყო თუ არა შეიარაღებული, მაგრამ როგორც ამბობენ, სასტუმროს მეპატრონის შვილმა, არტურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და გულმკერდში დაჭრა სოფელ კულიკამის მაცხოვრებელი 27 წლის ბიჭი. კიდევ ერთი ბიჭი იყო დაჭრილი. საავადმყოფოში კი გადაუყვანიათ ორივე, მაგრამ ის ბიჭი მალე გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ უშველეს. საავადმყოფოსთან შეკრებილები იყვნენ ბიჭის ნათესავები, მერე ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს. მოცვივდნენ, 100 კაცზე მეტი იქნებოდა ხელკეტებით, ქვებით შეიარაღებულები, ჯერ სასტუმროში კარს და ფანჯრებს ამტვრევდნენ, ცეცხლი გააჩინეს. ისე იყვნენ გაგიჟებულები, ვერავინ ეკარებოდა, ამის შემდეგ მიუცვივდნენ იმ ბიჭების სახლებს, რომლებიც ამ ჩხუბში მონაწილეობდნენ და გადამწვარია იმ ბიჭების სახლებიც, ვინც ამ ჩხუბში მონაწილეობდა. ვხედავდით როგორ ისროდნენ ქვებს, ბენზინიან ნაჭრებს აგდებდნენ სახლებში და მერე ცეცხლს უკიდებდნენ. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ რთული იყო მათი შეჩერება," – ამბობს ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ძალოვნებთან ერთად მაშველებიც შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საბედნიეროდ სახლების მეპატრონეები არ დაშავებულან, მათ სახლებიდან გამოსვლა შეძლეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

jaba
10 აგვისტო 2020 07:58
მე მაინც გარედან ინსპირირებული მგონია როგორც აქაური აზერების,ისე ამათი გამოსვლები.ასეთი რამ ქართველებით დასახლებულ რაიონებში რომ მომხდარიყო,მაშინვე სტაცებდნენ ხელს.ესენი რაღაც განსაკუთრებული სტატუსით ცხოვრობენ სხვის ტერიტორიაზე?
GIGUSHA
09 აგვისტო 2020 19:29
ვერ მიეკარნენ??!! აბა რა პოლიცია ხო ქარტველ მომიტინგეებს არბევს და კლავს მარტო!!! რას ქვია პოლიცია ვერ მიეკარა??!!! მანდ კანონი არ გაქვთ??!!!! რეზინის ტყვიები მარტო თბილისში იცით??!!!
1232
09 აგვისტო 2020 14:44
პატრონი არ კავს კვეკანას გაგებიტ მოეკიდეტ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები