"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საქმეში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.

"როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებგვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს ეს ადამიანი. ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი განმარტებით, საქმეზე გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში უზუსტობებია, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

"გარკვეული ადამიანების ჩვენებებს შორის ცდომილება და შეუსაბამობა არის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს როგორც გამოძიების მიმართ, ასევე გარკვეულ ფაქტებთან მიმართებითაც. ისევ და ისევ გამოძიება უნდა იყოს მონდომებული, რომ უფრო არ გაღრმავდეს უნდობლობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს“, - აღნიშნა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის კომპიუტერთან დაკავშირებით ექსპერტიზა დასრულებულია და ახლა საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს.

"შუალედური ინფორმაცია გამზადებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გაასაჯაროვა და რასაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, რადგან არასწორი ფორმულირება ხდება. პირდაპირ არის ისეთი ფორმა, თითქოს ამ გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა, რაც არასწორია. მართალია, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ეს არასწორი ფორმულირებაა და ჩემთვის მიუღებელია. შესაბამისად, არ შეიძლება ასე ვერსიები და დასკვნები გასაჯაროვდეს, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას ძალიან ცუდ გარემოს უქმნის“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.