ნინო ქადაგიძე: "მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ეს ჩემთვისაც დიდი ტკივილია" - კვირის პალიტრა

ნინო ქადაგიძე: "მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ეს ჩემთვისაც დიდი ტკივილია"

"გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა"

ლევან თოფაძე 7 აგვისტოს ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს. სამართალდამცავებს ის ჯერ არ დაუკითხავთ, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს იმის ახსნა, რატომ დაჭრა ბუსა ჟვანიამ. მის ჩვენებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამჟამად ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაპირველად პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა, თუმცა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ თავისი შეყვარებული, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა, გვიან ღამით ლევან თოფაძესა და მის ორ მეგობართან ერთად მთაწმინდაზე, ფესტივალ "მზესუმზირაზე" ნახა და ამან გააღიზიანა. იმასაც ამბობენ, მცირე შელაპარაკება მთაწმინდაზეც მოხდაო, მაგრამ თოფაძე და მისი მეგობრები იქიდან მალე წამოსულან ჭავჭავაძის გამზირზე, თოფაძეების სახლში. მოგვიანებით სწორედ იქ მიაკითხა მათ ბუსა ჟვანიამ და სისხლიანი დაპირისპირებაც მოხდა - 22 წლის ლევან თოფაძეს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ამავე კლინიკაში იწვა 24 წლის ბესარიონ ჟვანიაც. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის ვინ დაჭრა.

ბრალდებული ბუსა ჟვანია კლინიკიდან მალე გამოწერეს. მის ინტერესებს ადვოკატები ირმა ჭკადუა და თეონა გვაზავა იცავენ. თეონა გვაზავამ პროცესის დაწყებისთანავე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სხდომის დახურვა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ შეიძლებოდა პროცესზე პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გაცხადებულიყო, თუმცა ამას არ დაეთანხმნენ არც პროკურორი და არც მოსამართლე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები, მათ შორის - შემავალი ჭრილობები გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე, ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირსა და ყურის ნიჟარაზე," - განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბუსა ჟვანიას გათავისუფლება მოითხოვა და პროკურორებს უსაყვედურა იმის გამო, რომ თავად ბრალდებულის დაჭრაზე არაფერი თქვეს. "სამი დღე იწვა ბიჭი საავადმყოფოში, მას აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები და ამაზე პროკურორებს არც კი ულაპარაკიათ. არც საქმეშია რამე ნათქვამი ამ ფაქტის შესახებ. ბრალდება ითხოვს, უპირობოდ უნდა შეეფარდოს პატიმრობაო და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია, რომ მეორე მხარეს დგას ბრალდებული, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები. ის წარსულში ნასამართლევი არ არის და მხოლოდ პატიმრობაზე საუბარი არასწორია", - განაცხადა მან და შესთავაზა მოსამართლეს, ბრალდებულისთვის დაეკისრებინა შეზღუდვები, პასპორტის ჩაბარებით დაწყებული, ელექტრონული მონიტორინგითა თუ პოლიციაში გამოცხადების ვალდებულებით დამთავრებული.

პროკურორმა ჭკადუას უპასუხა: "ბესარიონ ჟვანია არ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. მას რომ სურდეს სიმართლის გარკვევა, იტყოდა, როდის და როგორ მიიღო დაზიანებები, მაგრამ მან დუმილის უფლება აირჩია. როცა მოგვაწვდის ინფორმაციას, მზად ვართ, გამოვკითხოთ. დაზარალებული კი ჯერ ვერ დაიკითხა, რადგან უგონო მდგომარეობაშია".

პროკურორმა ისიც თქვა, რომ დაჭრილმა ბუსა ჟვანიამ ექიმების შეცდომაში შეყვანა სცადა, საავადმყოფოში მისულმა თავისი ვინაობა დამალა და რეგისტრაციისას სხვა სახელი და გვარი თქვა. ირმა ჭკადუა ამტკიცებს, ბუსა ჟვანიამ ვინაობა მხოლოდ იმიტომ დამალა, რომ არ უნდოდა ეს ამბავი დედამისს გაეგო და ენერვიულაო.

პროკურორის მონათხრობით ირკვევა, რომ ფაქტის თვითმხილველი ახალგაზრდები, რომლებიც მოწმის სტატუსით დაჰკითხა გამოძიებამ, როგორც ბუსა ჟვანიას, ასევე ლევან თოფაძის მეგობრები არიან. ისიც გაირკვა, რომ ამ ინციდენტამდე ბუსა ჟვანიამ და ლევან თოფაძემ ტელეფონით ისაუბრეს და მაშინაც იკამათეს, საუბრის ინიციატორი კი ბუსა ჟვანია იყო.

გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა.

სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ორი დანა ამოიღეს. სავარაუდოდ, ორივე დანას ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა, ვისია ისინი, ვისი დნმ აღმოჩნდება მათზე და ვინ ვინ დაჭრა ამ ცივი იარაღით.

ჟვანიების ადვოკატი კატეგორიულად არ ეთანხმება გოგი თოფაძის ვერსიას, რომ ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება მას შემდეგ, რაც ლევან თოფაძე დაჭრა.

პროკურორის განმარტებით, ერთ-ერთი თვითმხილველი დეტალურად აღწერს მომხდარს და ამხელს ბუსა ჟვანიას. როგორც ჩანს, მისი ჩვენება ერთ-ერთი მთავარი სამხილი იქნება ბრალდებულის წინააღმდეგ. გამოძიებით გაირკვევა, დაუპირისპირდება თუ არა დაკავებულს თავად ლევან თოფაძე. მისი ადვოკატი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ დაჭრილთან დეტალებზე ჯერ არ უსაუბრია.

"მთავარია, ბავშვი გადარჩა და კარგად არის. მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ეს ჩემთვისაც დიდი ტკივილია, თუ უფრო მეტი არა. მერჩივნა, ეს მე დამმართოდა. შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ... ახლა გამოვიხედეთ თვალში... ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით. ის, რომ ბრალი დამძიმდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო", - თქვა სასამართლო პროცესზე მისულმა ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძე გოგი თოფაძეს შეხვდა, თუმცა საუბრის შინაარსს მხარეები არ ახმაურებენ. გიორგი ანთაძის თქმით, რა მოლაპარაკებაც უნდა შედგეს მხარეებს შორის, საქმის კვალიფიკაციაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.

არც გოგლა ჟვანია ლაპარაკობს მომხდარის ირგვლივ, თუმცა ჩვენთან საუბრისას არ დაუმალავს, რომ საქმის დეტალები იცის: "დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ, მთავარია, რომ ის ბიჭი გადარჩა".

"ბუსა რომ დაფიქრდება, ბევრ რაღაცას გადააფასებს"

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას მეგობარი:

- ბუსა ჟვანია კარგი ბიჭია, კარგი შვილია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი, ძალიან უყვარს მამის მეგობრებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით სიამოვნებს, როცა მამამისზე ვსაუბრობთ. მე დავწერე პოსტი, სადაც ბოდიში მოვუხადე ბუსას იმის გამო, რომ ჩვენ, ზურას მეგობრებმა, ვერ შევძელით ყველაზე რთულ პერიოდში ნათელი მოგვეფინა მამამისის საქმისთვის. ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში სწავლობდა. ძალიან რთული ასაკი ჰქონდა ბუსას მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა. ტრაგედიის დღეს ზურას მეგობრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ელოდნენ ექსპერტიზის პასუხს. როცა წყნეთში, მათ სახლში მივედი, იქ იყვნენ ბავშვები, ნინო და ნინოს დედა. 15 წელია გასული ამ ამბიდან და დღემდე მახსოვს ბავშვების თვალები. სხვა ოთახში გავდიოდით დასალაპარაკებლად და მათი გაშეშებული მზერა ყველგან მოგვყვებოდა, განსაკუთრებით - ბუსასი. მაშინ 9 წლის იყო, ეს ისეთი ასაკია, ვერც აუხსნიდი რამეს... მერე თვითონ მოუწია ყველაფერში გარკვევამ. მისთვის მამა უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან მზრუნველი და ახლობელი. იმ ასაკში, როცა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა, მამა გვერდით აღარ ჰყავდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ძალადობდნენ ამ ოჯახზე, ვფიქრობ, ეს მასზე მძიმედ აისახა. ბავშვების მეხსიერებაში ყველაფერი ილექება, მერე კი ინდივიდუალურად და თან მტკივნეულად ვითარდება. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვამართლებ იმას, რაც ბუსამ გააკეთა, მაგრამ მისი დახასიათებისას არ შეიძლება არ თქვა, რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგად სწავლობდა, აქვს ღრმა და საფუძვლიანი განათლება. ოთხი წელია, ბუსა საქართველოში დაბრუნდა. განათლება ამერიკაში მიიღო. მისი და ლიზიც ამერიკაში სწავლობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნინომ საოცრად კარგი შვილები გაზარდა.

- თუ გეკითხებოდათ მამის მეგობრებს რამეს ამ საკითხზე?

- დეტალებზე ჩვენთან არასოდეს ულაპარაკია. ვხედავთ, ახლაც კი რა დრო სჭირდება ექსპერტიზას და მაშინ 40 წუთში გამოაცხადეს, რომ ზურა გაზით გაიგუდა. ამ ვერსიის სჯეროდა მხოლოდ იმას, ვინც ამ ვერსიებით აიწყო ცხოვრება, ამ ადამიანებს, წლების განმავლობაში ზურას მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ზურა იყო მოკლული, რომ ამერიკიდან ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნებს. ზურას დედა, დეიდა რიმა და ბავშვები პარლამენტში ძიების შედეგებს ელოდებოდნენ, ეგონათ, მკვლელობასთან დაკავშირებული ფაქტები გამოაშკარავდებოდა, მაგრამ... ზურას უახლოესი გარემოცვა, რომელიც გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც ამ ბავშვის გარშემო ტრიალებდა, საბოლოოდ ამ ოჯახის მტერი აღმოჩნდა.

- ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას ურთიერთობაზე რას იტყვით? - პირველი, რაც დამამახსოვრდა, ლევანის მამის ძალიან გაწონასწორებული და ვაჟკაცური პოზიცია იყო, როცა მან თქვა, არ ვიცი, რა მოხდა, მიდის გამოძიება და ვერავის ვერაფერს დავაბრალებო. მადლობა ამ ოჯახს, რომ ადეკვატურად მოიქცნენ, თუმცა ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ბუსასთვის თავზე ხელის გადასმას აპირებს.

ლევანი და ბუსა ერთ სამეგობრო წრეში ტრიალებენ, ვფიქრობ, ორივე მხარე შეძლებს სიტუაციის ისე განმუხტვას, რომ კონფლიქტი აღარ მოხდეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს არ მიიღებს ანგარიშსწორების სახეს.

- ცნობილია, რომ ეს ინციდენტი გოგონას გამო მოხდა. იცოდით, ბუსას შეყვარებული რომ ჰყავდა? - ერთი წლის წინ ვკითხე ნინოს და მითხრა, შეყვარებული ჰყავსო. ახლა აღარაფერი მიკითხავს. ნინო შედარებით დამშვიდდა მას შემდეგ, რაც ლევან თოფაძე კლინიკიდან გამოწერეს. ნინოს რომ ელაპარაკები, ვერაფერს შეატყობ, მის ემოციებს ვერ დაინახავ, თუ ტირილი არ აუვარდა. ძალიან ძლიერი ქალია. დარწმუნებული ვარ, ბუსა განიცდის იმას, რაც მოხდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს... რომ დაფიქრდება, ბევრ რაღაცას გადააფასებს.