"გეტყვით, რატომ არ მენდობა თამარ ბაჩალიაშვილის დედა..." - კვირის პალიტრა

"გეტყვით, რატომ არ მენდობა თამარ ბაჩალიაშვილის დედა..."

გასულ კვირას, 23 წლის გარდაცვლილი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. თამარის თანაკურსელი ბაჩანა ლობჟანიძე პროგრამისტის ოჯახში "შეყვარებულის" სტატუსით მივიდა. მას "კვირის პალიტრა" ესაუბრა:

- თამარის ოჯახში სამძიმარზე ვიყავი, როცა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციიდან დამირეკეს, დამკითხეს და ღამის 3 საათზე გამომიშვეს. მერე კიდევ დამიბარეს... არ ვიცი, რატომ დამიბარეს. ალბათ, იმიტომ, რომ თამარს ბოლოს 19 ივნისს შევხვდი, მასთან დამირეკავს და "ფეისბუკშიც" მიმიწერია.

- მართლა თამარის შეყვარებული იყავით? ვნახე თქვენი ვიდეო, სადაც 5 წლის შეყვარებულებს არ ჰგავხართ...

- ჩვენ არ გვახასიათებდა სელფების გადაღება, სამსახურთან დახვედრა, მერე სადღაც ერთად წასვლა და ა.შ.

- ბოლო მესიჯი ჩემი გაგზავნილი იყოო, ამბობთ. რაზე ისაუბრეთ?

- 19 ივნისს შევთანხმდით, რომ თამუნა ZAG-იდან წამოვიდოდა. მეუბნებოდა, პროგრესი არ არის, მე კი განვითარება მინდაო. მოვილაპარაკეთ, რომ მისთვის მესწავლებინა და ერთად გვემუშავა ხელოვნურ ინტელექტზე. მიმოწერაში ვეკითხებოდი, სამსახურიდან წამოხვედი-მეთქი? ჯერ არაო.

სამჯერ ვკითხე და მესამედ კითხვა უპასუხოდ დატოვა. ვფიქრობ, განზრახ არ მითხრა წამოსვლის ამბავი. ალბათ, რაღაცას გეგმავდა. ეს თვითმკვლელობა ინსცენირებულია. ვიღაცისგან თუ ვიღაცებისგან საფრთხეს რომ გრძნობდა, ისიც მეტყველებს, რომ გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე ელექტროშოკერი იყიდა.

- დედამისი ამბობს, 5-6 თვით ადრე იყიდაო.

- გამოდის, მაშინ იყიდა, როცა კომპანიაში დადიოდა (კარანტინის დროს შინ მუშაობდა) - ანუ ZAG-ში მუშაობისას, ვინაიდან ვიღაცისგან საფრთხეს გრძნობდა.

- თამარის მეგობარმა დეამ თვითმარქვია შეყვარებული გიწოდათ. ამბობს, თამუნას სხვა უყვარდაო. საკვირველი იყო თქვენი პასუხი, გაუჩინარებული შეყვარებული რომ არ გიძებნიათ.

- არ მქონდა მოსაძებნი სახსრები, ამიტომ მოტივის ძიება დავიწყე. დეამ ვისზეც თქვა, შეყვარებულიაო, ის ბიჭი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და თუ უყვარდა რატომ იქცევა ასე?

- თამარს Tropical MBC-ზე თუ უთქვამს რამე, რომლის პორნოსაიტების პროგრამულ უზრუნველყოფას თურმე ZAG-ი ეწეოდა.

- თამარს ვენდობოდი და მის ზურგს უკან ZAG-ის საქმიანობა არ გამირკვევია. მისი გარდაცვალების შემდეგ დავიწყე გამოძიება და მივაგენი, რომ მარკეტზე ეს კომპანია მუშაობს, კონტენტი პორნოინდუსტრიას შეეხება.

- სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარის კომპიუტერის გახსნას დაესწარით.

- თამარს რაც "გუგლში" მოუძებნია, მხოლოდ ისინია დარჩენილი, სხვა ისტორიები კი ბრაუზერიდან ამოშლილია, ანუ თამარს მხოლოდ ის ინფორმაცია არა აქვს ამოშლილი, რაც მის საქმიანობას ამხელდა? ვფიქრობ, კომპიუტერი სხვამ გაასუფთავა.

ბრაუზერის ისტორიები ინჟინრულად შეიძლება ჩასწორდეს. შესაძლოა ისინი თამარის აკრეფილი არც იყოს. იქ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ის ლეპტოპი სამსახურის იყო და იქიდან ვინ სად შეაღწია, არ ვიცი.

- თამარის დედა თქვენ გდებთ ბრალს, რომ იმ საბედისწერო დღეს გოგონა სახლიდან თქვენ გაიტყუეთ...

- ქალბატონმა თეონამ ბევრი რამ თქვა ჩემზე. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც მითხრა, აქციის გამართვას ვაპირებთ ამერიკის საელჩოსთან, რათა საქმეში FBI ჩაერთოსო. მე მეგონა, კომპიუტერის გახსნისთვის ითხოვდნენ ფედერალური ბიუროს ჩართვას და ვუთხარი, რომ ამისთვის FBI-ს ჩართვა არ იყო აუცილებელი. ამის შემდეგ აღარ მენდობა.

რას ჰყვება თამარის ფსიქოლოგი

თამუნას ფსიქოლოგმა ქეთევან კობალაძემ დადო დასკვნა, რომელიც მან გამოძიებას წარუდგინა. მასში ნათქვამია, რომ "თამარ ბაჩალიაშვილის მხრიდან არავითარი სუიციდური მიდრეკილება არ არსებობს, მას ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, იყო ჩაკეტილი და სამსახურში დიდად არავისთან კონტაქტობდა".

- გოგონა თებერვალში რამდენჯერმე მოვიდა, მერე პანდემიამ მოგვისწრო, ბოლოს კი გამოცდები და დიპლომი ჰქონდა დასაწერი. ყველას ერთი კითხვა აქვს, მოიკლავდა თუ არა თავსო. თამუნას დიდი ხანია არ შევხვედრივარ და ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ადამიანი ურთულესი მექანიზმია, იმდენად ადაპტირებული, იმდენად გამძლე, სპონტანური, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

- თამუნა თქვენთან როგორ მოხვდა? - ვკითხე, საიდან მოხვედი-მეთქი, რაზეც მიპასუხა, "ფეისბუკზე" დავწერე და თქვენი თავი მირჩიესო.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა. - მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო.

- სუიციდი ან მასზე ფიქრი ხომ არ უხსენებია თქვენთან? - დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები, უცებ აკეთებენ დასკვნებს, ხელაღებით შეუძლიათ რაღაცა რაღაცას დაუკავშირონ. ადამიანის ფსიქოლოგთან ურთიერთობა იმდენად ხანგრძლივი პროცესია, არიქა, მოვიდა და მაშინვე რაღაც დასკვნა გამოვიტანეო, არ შეიძლება ამის თქმა.

- ნევროლოგი ხომ არ გირჩევიათ მისთვის? - არა, არც წამლები მირჩევია. ამბობდა, დედა ექიმიაო. თუ ვინმეზე ლაპარაკობდა, მხოლოდ პოზიტიურად.