"ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, სცენარიც მანვე დაწერა" - კვირის პალიტრა

"ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, სცენარიც მანვე დაწერა"

"თამუნას მანქანიდან რა ნივთებიც ამოიღეს, ყველა დაილუქა, მათ შორის მობილურიც, ხელი მომაწერინეს და უჩემოდ არ უნდა გაეხსნათ. ბიუროში მივედით მობილურის ექსპერტიზის დასაწყებად და გახსნილი დაგვხვდა. 24 ივლისს დაუწყიათ ექსპერტიზა, რაც კი ტელეფონშია, ყველა ფაილისა და პროგრამის კლონირება დასრულებულია. ტელეფონი ხელახლა დავალუქვინე. 28-ში ვიყავი კომპიუტერის ექსპერტიზაზე და ვიკითხე, ახალი ხომ არაფერია-მეთქი და იუარეს, არადა, თურმე ექსპერტიზა მიმდინარეობდა"

მთავარი პროკურორის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქმეში არსებულ ჩვენებებს გაეცნენ. მართალია, ისინი, არსებული ინფორმაციით, ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება კვალზე გავა.

მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი: - ძალიან საინტერესო ჩვენებებია. ყველა პერსონა საქმესთან კავშირშია. უნდა დადგინდეს, ავტომანქანაში ნაპოვნი წერილი მართლა გაუჩინარების დღითაა თუ არა დათარიღებული. შსს-ს განცხადება, რომელმაც გამოკვეთა, რომ ერთი მიმართულებით - თვითმკვლელობის ვერსიაზე მიდის მუშაობა, ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ უწყებამ განცხადებაში ფსიქოლოგი და აბები ახსენა. ამას დაემატა შუალედური ექსპერტიზის დასკვნები და ვებსაიტებზე აფთიაქებში შესვლის ინფორმაცია. მთავარ პროკურორს მოვთხოვეთ ისეთი სადიაგნოსტიკო აპარატის გამოყენება, რომელიც გამოიკვლევს, როდის დაიქოქა ავტომობილი უკანასკნელად.

- თუ გაიშიფრა თამუნას ანგარიშზე არსებული 75 ათასი ლარი საიდან და რისთვის ირიცხებოდა?

- გადავამოწმეთ და ეს სახელფასო ტრანზაქციაა.

- როდის ჩაერთვება საქმეში FBI?

- სოციალური ქსელიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა უკვე ნიშნავს FBI-ს ჩართულობას. ჩვენ ვითხოვთ მისი ექსპერტების ჩართვასაც კომპიუტერის და ავტომობილის ექსპერტიზისთვის. ამას დრო სჭირდება.

- დარწმუნებული ხართ, რომ გოგონას არ უძებნია ვებსაიტებზე ინფორმაცია, მედიკამენტები, აფთიაქების მისამართები და ამაში სხვისი ხელი ურევია? - სპეციალისტებმა ამიხსნეს, კომპიუტერში შესაძლებელია ყველაფრის გადაადგილება, შესვლის დროის შეცვლაც... ამის დადგენა-აღდგენა შეიძლება. ამიტომაც ვითხოვთ ფედერალური ბიუროს ჩართვას.

- ვინ არის ბაჩანა ლობჟანიძე? - ლობჟანიძეს რომ დავესესხოთ, 2015 წლიდან შეყვარებულია, როდესაც ვკითხე, რა მოსწონდა თამუნას, რა ფერი უყვარდა, რა სუნამო თუ კერძი, წარმოდგენა არ ჰქონდა... ლობჟანიძე თამუნას ოჯახმა გამაცნო. კომპიუტერის ექსპერტს ვეძებდი, მინდოდა კომპეტენტურიც ყოფილიყო და თამუნასთანაც ჰქონოდა ურთიერთობა. მაგრამ როცა დავინახე, რომ ლობჟანიძესა და იმ ექსპერტებს შორის რამხელა სხვაობა იყო, აღარ გავაკარე არაფერს.

- ინტერვიუში მითხრა, პირველად ქვემო ქართლის სამხარეოდან დამირეკესო. - ჰო, მეც მითხრა, დაკითხვაზე რომ დამიბარეს, მითხრეს, იქნებ კომპიუტერი გაგვახსნევინოო. მეუცნაურა, ეს რომ თქვა.

- როგორც ZAG-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ კონტენტზე საუბრისას განაცხადა, "ტროპიკალ ემბისის" პორნოსაიტის პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდნენ. თქვენ რა იცით ამის შესახებ, აქ ხომ არ ძევს საქმის გასაღები? - არა, პორნოსაიტები ვერასდროს გახდება ორგანიზებული მკვლელობის საფუძველი. ვფიქრობ, სულ სხვა რაღაცაშია საქმე, ბევრი რაღაც მაეჭვებს. ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, სცენარიც მანვე დაწერა.

- რით ახსნით იმას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარის მობილური ტელეფონიც ლუქახსნილი და მისი ექსპერტიზა დასრულებული დაგხვდათ? - თამუნას მანქანიდან რა ნივთებიც ამოიღეს, ყველა დაილუქა, მათ შორის მობილურიც, ხელი მომაწერინეს და უჩემოდ არ უნდა გაეხსნათ. ბიუროში მივედით მობილურის ექსპერტიზის დასაწყებად და გახსნილი დაგვხვდა. 24 ივლისს დაუწყიათ ექსპერტიზა, რაც კი ტელეფონშია, ყველა ფაილისა და პროგრამის კლონირება დასრულებულია. ტელეფონი ხელახლა დავალუქვინე. 28-ში ვიყავი კომპიუტერის ექსპერტიზაზე და =ვიკითხე, ახალი ხომ არაფერია-მეთქი და იუარეს, არადა, თურმე ექსპერტიზა მიმდინარეობდა.

- ავტომობილის ექსპერტიზასაც უთქვენოდ ხომ არ ატარებენ?

- ეგეც ვკითხე და არ დაწყებულაო. როგორც მითხრეს, ავტომანქანა რუსთავის სამხარეო პოლიციის ეზოში დგას.