"ვფიქრობ, ამ ბიჭმა რაღაც იცის, ეშინია და უნდა იმ წრესთან ახლოს იყოს, რათა..." - რატომ გაჩხრიკეს კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლები
"ვფიქრობ, ამ ბიჭმა რაღაც იცის, ეშინია და უნდა იმ წრესთან ახლოს იყოს, რათა..." - რატომ გაჩხრიკეს კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლები
"ZAG-ს არათუ ქართულ პორნოგრაფიასთან, ასეთი პროდუქციის შექმნასთანაც არა აქვს კავშირი"

7 აგვისტოს სამართალდამცავებმა კომპანია ZAG-ის თანამშრომლების ბინები გაჩხრიკეს და პერსონალური კომპიუტერები ამოიღეს. ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენის აბრაამ რაიხბახის დეველოპერული კომპანიის ჩხრეკას პროგრამისტ ბაჩანა ლობჟანიძის ჩვენებებს უკავშირებენ. ის ამბობს, რომ ZAG-ი ქართულ მენტალიტეტთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა. კომპანიის დირექტორმა თამარ კობერიძემ მედიის საშუალებით დაადასტურა, რომ ZAG-ი ამერიკაში არსებულ კომპანია "ტროპიკალ ემბისის" პორნოსაიტის მხოლოდ პროგრამულ, ციფრულ მომსახურებას ეწეოდა და მას პორნოინდუსტრიასთან საერთო არაფერი აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, საიტზე, რომელსაც კომპანია ZAG -ი უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად, ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც და მისი მონაწილეები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

"კვირის პალიტრა" კომპანია ZAG-ის ადვოკატს მამუკა ჭაბაშვილს ესაუბრა, რომელმაც საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა.

- ხუთი თანამშრომლის ბინა გაიჩხრიკა და ეს განჩინება გავასაჩივრეთ,
რადგან მასში გარდა კანონში მოტანილი ფრაზებისა, სხვა არანაირი ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთება არ ყოფილა.

როცა კერძო საკუთრებას ეხები და პირად სივრცეში იჭრები, სასამართლომ ის მაინც უნდა დაგისაბუთოს, ეს რის საფუძველზე ხდება. ვერ გეტყვით, რა ნიშნით შეარჩიეს სახელდობრ ეს თანამშრომლები. გაჩხრეკილი ხუთი პირიდან ორი ადმინისტრაციის მუშაკია, სამი კი რიგითი თანამშრომელი. კომპანიის თანამშრომლებმა ლობჟანიძის გამოჩენამდეც მიაწოდეს გამოძიებას ყველანაირი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ თვლიდნენ, კომპანიის კონტენტსა და საქმიანობას თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიასთან კავშირი არა აქვს.

- ZAG -ის თანამშრომლებისთვის თუ იყო ცნობილი, რას საქმიანობდნენ, ანუ პორნოსაიტის შინაარსი თუ იცოდნენ?
- შემიძლია დავადასტურო, რომ ZAG-ს­ არათუ ქართულ პორნოგრაფიასთან, არამედ ასეთი პროდუქციის შექმნასთანაც არა აქვს კავშირი. კომპანია ეწევა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და ეს სამართალდამცავებსაც ვაცნობეთ. "ტროპიკალი" რომ ასეთ მასალას ყიდდა, ეს იცოდნენ, არც უარუყვიათ, მაგრამ თვითონ ვიდეოდამზადებასთან, გამოსახულებასთან და ა.შ. საქმე არ ჰქონიათ. როგორც ვიცი, პორნომასალის დამზადებასთან არც "ტროპიკალს" აქვს საქმე. ის მხოლოდ და მხოლოდ გამტარია, გამყიდველი.

- არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა გოგონას ხელში ჩავარდნოდა რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი მასალა...
- რა უნდა ჩავარდნოდა, როცა ეს საიტი საჯაროა და ყველას შეუძლია შესვლა.

- ბაჩალიაშვილის ოჯახი გოგონას გარდაცვალებას სამსახურს უკავშირებს. გარდა ამისა, დედა აცხადებს, რომ თამარმა ელექტროშოკერი იმ პერიოდში შეიძინა, როცა კომპანიაში დადიოდა.
- ბაჩალიაშვილი ამ კომპანიაში სამ წელს მუშაობდა, მეორე - ZAG-ის გარდა, ის სხვა კომპანიაშიც იყო და მესამე - ამ გოგონას პირადი ცხოვრება არ ჰქონდა, თუ 24 საათს ZAG-ის ოფისში იჯდა?
საფრთხე შეიძლება ყველა ჩვენგანს დაემუქროს, მაგრამ მაინცდამაინც სამსახურს უნდა დავუკავშიროთ?
ამ კომპანიას თამუნას ტრაგიკულად გარდაცვალებასთან კავშირი არა აქვს. განტევების ვაცის მოძებნა თუ უნდათ, სხვა საქმეა.

- რას იტყვით ბაჩანა ლობჟანიძეზე? რა როლი და ინტერესი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს?
- ბაჩანა ლობჟანიძის ამ საქმეში გამოჩენა ძალიან უცნაურია. სანამ მას საზოგადოება გაიცნობდა, ის ZAG-ის თანამშრომელსა და მის ახლობელს ემესიჯებოდა როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და მათგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ის ოჯახთანაც მივიდა და გარდა ამისა, იხვეწება, დამკითხეთო. ვფიქრობ, ამ ბიჭმა რაღაც იცის, ეშინია და ფსიქოლოგიურად გასაგებიც არის, რომ უნდა იმ წრესთან ახლოს იყოს, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოს; ან მეორე - ნახა სიტუაცია და ქვეყანამ გაიცნო.

ვფიქრობ, მას რაღაც კომპლექსები აწუხებს, ამბობს, ხელოვნურ ინტელექტზე ვმუშაობ, მე ვარ, რაც ვარო და თვლის, რომ სათანადოდ არ არის დაფასებული. ჰოდა, შეიძლება მშვენიერი სიტუაცია ნახა და იყენებს. შესაძლოა ფსიქიკაც არა აქვს სტაბილური...

xyz
11 აგვისტო 2020 09:31
ჭაბაშვილის არაფერი დაიჯეროთ, თანხის გამო, ყველაფრის მკადრებელია..

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები