აღდგება თუ არა გამქრალი ფაილები - კვირის პალიტრა

აღდგება თუ არა გამქრალი ფაილები

"რა მოუვა ჩემს "ფეისბუკის" ანგარიშს, თუ გარდავიცვლები?" - ეს ერთ-ერთი ფრაზაა იმ საძიებო ფრაზებიდან, რომლებიც შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპიდან ამოიღო. "2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, 00:16:37 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა "გუგლის" საძიებო სისტემაში ჩაწერა სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: "საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ისარგებლა ვინმემ გოგონას კომპიუტერით.

ანდრო გოცირიძე, კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი:

- იმ შემთხვევაში, თუ საძიებო ფრაზები თამარის ბრაუზერიდან არის ამოღებული, შეიძლება დადგენა, ვინ და როდის ჩაწერა? - კომპიუტერსა და სისტემაში ნებისმიერი მოქმედება, როდის რა ჩაიწერა, დოკუმენტირდება და შესაძლებელია დადგენა, როდის გაკეთდა.

ვინ ჩაწერა, ძნელად სათქმელია - ჩაწერდა ის, ვისაც ამ ბრაუზერთან შეხება ჰქონდა. ერთი ლოგიკით, გოგონას შეეძლო მოეძებნა ეს მეთოდები და მედიკამენტები, ან შეიძლება არც იყოს მისი გაკეთებული.

- "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემებს კომპიუტერი არ შლის, არამედ ადებს "ხსოვნას". თუ ვინმემ აცნობა ადმინისტრაციას, რომ თამარი გარდაცვლილია და გვერდი გააუქმა, ალბათ, ამის დადგენაც შეიძლება. - ორი ვარიანტი არსებობს: პირველი - პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი სარწმუნო პირი აცნობებს "ფეისბუკის" ადმინისტრაციას, მაშინ შეიძლება პროფაილი წაიშალოს, განადგურდეს. ბუნებრივია, "ფეისბუკის" სერვერზე დარჩება ჩანაწერები; მეორე - პროფაილი გადაკეთდება სამახსოვრო პროფაილად, სადაც არ იკითხება მესიჯები, არც კომენტარები, უბრალოდ, დარჩება გარდაცვლილის ფოტოები და მონახულების ადგილები მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. როგორ გაუქმდა გვერდი, ვინ მიმართა "ფეისბუკს" გაუქმებაზე ამის დადგენა შეიძლება - კომპიუტერში არც ერთი მოქმედება არ ქრება ლოგირებისა და აღრიცხვის გარეშე.

- შესაძლებელია სხვა კომპიუტერიდან დისტანციურად შევიდეს ვინმე სხვის ლეპტოპში და ოპერაციები შეასრულოს? - შესვლა შეუძლია მას, ვინც იცის პაროლი, ხოლო პლატფორმაზე შესვლას არ სჭირდება კომპიუტერში შესვლა. შეიძლება თქვენ გამანდოთ პაროლი, ან მე გამოვიცნო, ან ჰაკერული გზით გახდეს ჩემთვის ცნობილი. ან თუნდაც გადმოგიგზავნოთ რაღაც ფაილი, თქვენ დაკლიკავთ, გადახვალთ ამ ფაილზე და მიიღებთ ვირუსს პროგრამაში, რომელიც მეტყვის თქვენს პაროლს.

- ვებსაიტებზე შესვლის ან ძებნის თარიღის გადაკეთება როგორ ხდება? - თუ კომპიუტერში თარიღს შევცვლით, ბრაუზერშიც გადაკეთდება, მაგრამ არა პლატფორმაზე.

- სავარაუდოდ, "გუგლში" ძებნის შესახებ ინფორმაცია გამოძიებამ მიიღო "გუგლის" სერვერიდან, რომელსაც ეს საძიებო სისტემა ინახავს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება სერვერული ჩანაწერების შეცვლა? - არა, "გუგლსა" თუ "იაჰუში" სერვერული ჩანაწერების შეცვლა უბრალო მომხმარებლის შესაძლებლობას აღემატება. ყველა ჩანაწერი განუსაზღვრელი დროით ინახება "ფეისბუკის" სერვერებზე.

- თუ არის შესაძლებელი დისტანციურად კომპიუტერის მეხსიერებაში შეღწევა და იმის დადგენა, სად ინახავდა ადამიანი ინფორმაციას. - კომპიუტერში ობივატელისთვის დამახსოვრება ნიშნავს ინფორმაციის C ან D დისკზე განთავსებას, მაგრამ თანამედროვე სისტემები გვთავაზობს დისტანციური წვდომის უამრავ საშუალებას, მაGგალითად, მონაცემთა შენახვის ღრუბლოვან საცავებს სხვადასხვა კომპანიისგან, დროპბოქსებს და სხვ.