"მოკლულს ცოლი ოთხი თვის მოყვანილი ჰყავდა" - "ქუჩური ომები" ახალქალაქის ცენტრში - კვირის პალიტრა

"მოკლულს ცოლი ოთხი თვის მოყვანილი ჰყავდა" - "ქუჩური ომები" ახალქალაქის ცენტრში

"მოცვივდნენ მოკლულის ნათესავები. ჩემი ორსული რძალიც სახლში იყო და ვუყურებდით, როგორ გვიწვავდნენ სახლს, როგორ ამტვრევდნენ ყველაფერს არმატურებით, ისროდნენ ქვებს... პოლიციაც აქ იდგა, მაგრამ ვერაფერი შეძლო..." 8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვითარება ისეთი უმართავი გახდა, რომ სამართალდამცავებს ქალაქში სპეცრაზმელების შეყვანაც კი დასჭირდათ. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციის ძალები. საბოლოოდ ძალოვნებმა სიტუაციის განმუხტვა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და უსაფრთხოების დაცვა შეძლეს, თუმცა მანამდე განრისხებულმა ხალხმა ახალქალაქში ოთხი საცხოვრებელი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური დაწვა.

შემთხვევის ადგილზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძე ჩავიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ოპერატიულად დააკავეს, ხოლო სხვა დამნაშავეების გამოვლენა გრძელდება:

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული ახალგაზრდა. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზეც. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიული ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. დაშავებულია რამდენიმე პირი და საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს".

27 წლის ახალგაზრდა ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში მოკლეს. ინციდენტში სოფელ კულიკამში მცხოვრები ახალგაზრდები და ახალქალაქელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ახალქალაქის მკვიდრი გვიყვება, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო: "როგორც ვიცი, სამველ გაბრიელიანის სასტუმროში ბიჭებს ნომრები ჰქონდათ დაჯავშნილი, მაგრამ რომ მისულან, გაბრიელიანს უთქვამს, ჩემი სასტუმრო არ მუშაობსო. ამის გამო მოხდა კონფლიქტი, მერე კი ამას გაგრძელება მოჰყვა - საქმის გასარჩევად ახალგაზრდები 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ. სოფლიდან ჩამოსულებსა და ადგილობრივებს შორის საქმის გარჩევა დაიწყო. არ ვიცი, ორივე მხარე იყო თუ არა შეიარაღებული, მაგრამ როგორც ამბობენ, სასტუმროს მეპატრონის შვილმა არტურმა ცეცხლსასროლი იარაღით მკერდში დაჭრა სოფელ კულიკამის მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა. საავადმყოფოში კი წაუყვანიათ, მაგრამ მალე გარდაცვლილა. იქ შეიკრიბნენ ბიჭის ნათესავები. მერე, ეტყობა, სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ახლობლები და შურისძიება გადაწყვიტეს. 100 კაცზე მეტი იქნებოდა. ხელკეტებით, ქვებით შეიარაღებულები ჯერ სასტუმროს კარს, ფანჯრებსა და ნივთებს ამტვრევდნენ, შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ისე იყვნენ გაგიჟებული, ვერავინ ეკარებოდა. ამის შემდეგ მიცვივდნენ იმ ბიჭების სახლებში, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ და მათი სახლებიც გადაწვეს. ვხედავდით, როგორ ისროდნენ ქვებს, ბენზინიან ნაჭრებს ყრიდნენ სახლებში. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ მათი შეჩერება ვერავინ შეძლო. მერე სახანძრო და მაშველებიც გამოჩნდნენ და ცეცხლი ჩააქრეს".

საბედნიეროდ, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა შეძლეს, თუმცა მათი ქონება განადგურებულია. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ 1983 წელს დაბადებული არტურ გაბრიელიანი. აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, უცნობია.

ერთ-ერთი დამწვარი სახლის პატრონი ნარინე ზარანიანი ამბობს, რომ მისი შვილი ჩხუბის დროს იქ აღმოჩნდა და ამიტომ გადაუწვეს სახლი: "ჩემი შვილი შეესწრო ამ დაპირისპირებას. მე მას ჯერ არ დავლაპარაკებივარ, ისიც არ ვიცი, სად არის. ალბათ, დაიმალა, რომ არ მოეკლათ. ჩვენს სახლში მოცვივდნენ მოკლულის ნათესავები. ამ დროს ჩემი ორსული რძალიც სახლში იყო და ვუყურებდით, როგორ გვიწვავდნენ სახლს, როგორ ამტვრევდნენ ყველაფერს არმატურებით, ისროდნენ ქვებს... პოლიციაც აქ იდგა, მაგრამ ვერაფერი შეძლო..."

როგორც შევიტყვეთ, მოკლული ვანს მირანიანია. მისი ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ სოფელში გადაასვენეს. მერის წარმომადგენელი სოფელ კულიკამში ამბობს, რომ მოკლული ჩხუბში შემჩნეული არასოდეს ყოფილა: "არ ვიცი, რა მოხდა და რატომ მოკლეს. კორონავირუსის დაწყებამდე პერიოდულად რუსეთში დადიოდა სამუშაოდ. მასზე ცუდს ვერ ვიტყვი. ცოლი ოთხი თვის მოყვანილი ჰყავდა. მიზეზებს გამოძიება დაადგენს და ყველაფერი გაირკვევა".

ჩვენ დავუკავშირდით ახალქალაქის მერს იურიკ უნანიანს:

- მოხდა დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის. გამოძიება მიმდინარეობს. ხალხში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას.

- ჩხუბის მონაწილეთა სახლებია დამწვარი? - დიახ, და როგორც ამბობენ, გარდაცვლილის ახლობლებმა დაწვეს.

- დამწვარი სასტუმრო ვისია? - მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არტურ გაბრიელიანის მამის. მოკლულზე მხოლოდ ის ვიცი, რომ სოფელ კულიკამის მცხოვრები იყო.