"ამ ექიმებს ასეთი ოპერაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ" - კვირის პალიტრა

"ამ ექიმებს ასეთი ოპერაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ"

"წელს ექიმების უკანონო სამედიცინო საქმიანობის 14, შარშან კი 20 შემთხვევა გამოვლინდა"

ზაალ კაპანაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი:

- იკვეთება ექიმების უკანონო საქმიანობა. მათ ასეთი ოპერაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. კლინიკა ვალდებულია, ექიმს, რომელსაც სამუშაოდ აიყვანს, ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. რადგან ეს წესი დაარღვიეს, თვითონ სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, კლინიკური ნაწილიც შეფასდა და შემდეგ ყველა მასალა პროკურატურას გაეგზავნა. იქ გაგრძელდა გამოძიება და ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორი და ორი ექიმი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

- ასეთ შემთხვევაში კლინიკა რა თანხით ჯარიმდება? - სააგენტო დარღვევას ავლენს და შემდეგ მიმართავს სასამართლოს, რომ კლინიკა დაჯარიმდეს ადმინისტრაციული წესით. სასამართლო ადგენს ჯარიმის ოდენობას. ამ დარღვევისთვის კლინიკას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

- ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ამბობს, რომ მაგდა ხოჭოლავა იტალიაში სერტიფიცირებული ექიმია. მხოლოდ მიმართვა იყო საკმარისი და მას სტატუსს მიანიჭებდნენ - ბიუროკრატიული საფეხური რომ არ გაიარა, ამის გამო არ შეიძლება მისი პროფესიონალიზმი საეჭვო გახდესო. ადვილია სხვა ქვეყნის გაცემული სერტიფიკატის საქართველოში აღიარება? - მას ძალიან ადვილად შეეძლო აქ ნებართვა აეღო... ცენტრალურმა საავადმყოფომ ამ წლების მანძილზე სულ ორჯერ მოგვმართა უცხოელი სპეციალისტის ლიცენზიასთან დაკავშირებით - 2005-2006 წლებში. სურდათ იტალიელი ექიმების ჩამოყვანა. მაშინ მათ ექვსი თვით მიეცათ საქართველოში საქმიანობის უფლება. პროცედურა ასეთია: მოგვმართავს კლინიკა, სადაც უნდა გაკეთდეს ოპერაცია და რომელსაც ჩამოჰყავს უცხოელი ექიმი. ჩამოსულმა ექიმმა უნდა წარმოადგინოს დიპლომი, იმ ქვეყნის სერტიფიკატი, სადაც აქვს საექიმო საქმიანობის უფლება. ამასთან, იქ არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობა. უნდა იყოს მითითებული, რა ტიპის ოპერაცია უნდა გააკეთოს და ჩვენთან არსებულმა ასოციაციამ თანხმობა უნდა მისცეს. თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, პროფესიული განვითარების საბჭო ანიჭებს ამ უფლებამოსილებას.

- ყიფიანის ადვოკატი ამბობს, რომ ლიცენზიის არქონაზე ლაპარაკი აბსურდია, რომ ვახტანგ ყიფიანი არის პროფესიონალი, პაციენტს სისხლძარღვის წარმონაქმნზე ჰქონდა პრობლემა და მისი სპეციალიზაცია სწორედ ეს არის, ამიტომ მას არაფერი დაურღვევია. - ოპერაცია ჩატარდა ხერხემლის სიმსივნურ წარმონაქმნზე და ეს არ იყო მისი კომპეტენცია...

- პაციენტები ხშირად უჩივიან ექიმებს. ზოგი მათ ოჯახის წევრის სიკვდილშიც კი ადანაშაულებს. როცა საქმე ეხება არა სერტიფიკატის ქონა-არქონას, არამედ ექიმის არაპროფესიონალიზმს და მის შეცდომას, მისი ბრალეულობა როგორ დგინდება? - ასეთ დროს სააგენტო შედის კლინიკაში და სწავლობს პაციენტის ისტორიის კლინიკურ ნაწილს სიღრმისეული ანალიზისთვის, შემდეგ ექსპერტიზაზე უგზავნის შესაბამისი დარგის სპეციალისტს. იქიდან მოდის დასკვნა, თუმცა ხშირად სააგენტოს თანამშრომლები დამატებითი კითხვებით უკან უბრუნებენ მას იმავე სპეციალისტს, რადგან არ არის სრულყოფილი. ასეთი კვლევების შემდეგ ირკვევა, მოხდა თუ არა პროფესიული გადაცდომა, შემდეგ საკითხი განიხილება პროფესიული განვითარების საბჭოზე, სადაც საკითხის სიმძიმის გათვალისწინებით ექიმს აკისრებენ სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას - შეიძლება ცოტა ხნით ლიცენზია შეუჩერდეს და მერე აღუდგეს, მაგრამ თუ მძიმე შემთხვევაა, შეიძლება საერთოდ აეკრძალოს ექიმობა.

- რამდენ ექიმს აეკრძალა ექიმობა და ყველა ამ შემთხვევაში პაციენტი გარდაიცვალა? - შარშან ექვს ექიმს სამუდამოდ ჩამოერთვა ექიმობის უფლება და ყველა შემთხვევაში პაციენტი გარდაიცვალა. ეს იყო მძიმე შემთხვევები და გამოიკვეთა ექიმების დანაშაული. მათ არ შეასრულეს ის, რაც პროტოკოლით ევალებოდათ, იყო გულგრილობის, დაუდევრობის ფაქტებიც, რამაც უმძიმესი შედეგები გამოიწვია.

- ცხადია, ადვილი არ არის ექიმის ბრალეულობის გამოვლენა და იმის გარკვევა, სად დაუშვა შეცდომა, მაგრამ ოჯახები ხშირად წლების მანძილზე ელოდებიან პასუხს... იქნებ გვითხრათ, რამდენ ხანში გასცემთ პასუხს, ჩაიდინა თუ არა ექიმმა დანაშაული ან გადაცდომა? - გააჩნია საქმის მოცულობას - პასუხის ვადა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ერთი თვე მაინც არის საჭირო, მაგრამ თუ რთული შემთხვევაა და პაციენტი რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდა, ეს კვლევას ართულებს. ხშირად საჭიროა სხვა დარგის სპეციალისტის, ექსპერტის ჩართვა, ინიშნება სხვადასხვა ექსპერტიზა. საქმეს იძიებენ საგამოძიებო ორგანოებიც და მათ პასუხსაც ველოდებით, ასე რომ, კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელია.

- ახლანდელ შემთხვევას დავუბრუნდეთ... ოჯახმა ერთი წლის წინ შემოიტანა საჩივარი, ექიმები ერთი წლის შემდეგ დააკავეს უკანონო საქმიანობის გამო, თუმცა დღემდე არ არის გარკვეული, რა შეცდომა დაუშვეს მათ და რამ გამოიწვია გოგონას კომა. საქმის შესწავლა ახლაც გრძელდება? - დიახ, ამის გარკვევას დიდი დრო დასჭირდა. რაც შეეხება ექიმების შეცდომებს, ამის გასარკვევად, ალბათ, საგამოძიებო ორგანო დანიშნავს შესაბამის ექსპერტიზას და დაადგენენ, პირველი ოპერაციის დროს დაუშვეს შეცდომა თუ არა, ასევე რა მოხდა ნარკოზის დროს - გოგონას მეორე ოპერაციის დროს, ანესთეზიის ფაზაზე გაუჩერდა გული. მართალია, გული რამდენიმე ხანში აუმუშავეს, მაგრამ ტვინი დაუზიანდა და დღემდე კომაშია.

- ხშირია შემთხვევები, როცა არალიცენზირებული ექიმები ატარებენ ოპერაციებს თუ სხვადასხვა მანიპულაციას? და ეს სისტემური პრობლემა ხომ არ არის? - სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. წელს 14, შარშან კი 20 ასეთი ფაქტი გამოვლინდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ არის რეალური სურათი. ასეთი შემთხვევების გამოვლენა ადვილი არ არის, რადგან ვერ ხერხდება კლინიკების სრულფასოვანი კონტროლი. კლინიკამ აუცილებლად უნდა აიყვანოს სერტიფიცირებული ექიმი. თუ არასერტიფიცირებული ჰყავს, კლინიკა დაისჯება. რაც შეეხება ფაქტების გამოვლენას, შესამოწმებლად კლინიკებში პერმანენტულად შედის სააგენტო და სწავლობს სხვადასხვა საკითხს, ნარჩენების მართვით დაწყებული, სერტიფიკატების შემოწმებით დამთავრებული, მაგრამ ვიმეორებ, ყველას შემოწმება ვერ ხერხდება. შეიძლება კონკრეტული საქმეების შესწავლისასაც აღმოვაჩინოთ არასერტიფიცირებული ექიმების საქმიანობის შემთხვევები და მოკვლევა დავიწყოთ. პრობლემა არის და ამისთვის მოცულობითი შემოწმებაა საჭირო, რასაც დიდი რესურსი სჭირდება.

- ცენტრალურ საავადმყოფოში ადრეც ხომ არ ყოფილა ექიმების უკანონო საქმიანობის ფაქტები? - 2019 წელსაც და წინა წლებშიც იყო ასეთი შემთხვევები. რამდენიმე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, კლინიკაც დაჯარიმდა... მაგრამ თუ ვინმემ არ მოგვმართა და შესამოწმებლად კლინიკაში არ შევედით, ასეთ ფაქტებს ვერ აღმოვაჩენთ. ყველაფერი კლინიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. წელს 14-ვე შემთხვევა უკანონო სამედიცინო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

- რა კეთდება იმისთვის, რომ ექიმების დაუდევრობითა და არაპროფესიონალიზმით პაციენტები არ დაზარალდნენ? თუ ამოწმებს ვინმე მათ კვალიფიკაციას და ცოდნას? - ექიმი დიპლომს რომ აიღებს, მერე მან კვალიფიკაცია უნდა გაიაროს კონკრეტული სამედიცინო მიმართულებით, უნდა ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა. ამის შემდეგ რეგულირების სააგენტო ატარებს კურსებს. ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პროგრამებში უნდა ჩაერთონ, პროფესიული დონის ამაღლებისთვის იზრუნონ - ეს მათი ვალდებულებაა. უნდა დაესწრონ კონფერენციებს და მუდმივად აიმაღლონ ცოდნა. ეს პროცესი კონტროლდება.

- დღეისთვის რამდენი დაზარალებული მოქალაქის საჩივარია შემოსული თქვენს სამსახურში? - წელიწადში დაახლოებით 300-მდე საჩივარი შემოდის და ნახევარზე მეტი მოკვლევის ეტაპზეა.